რუსული ენის საათები მცირდება


 მანანა სარაშვილიახალციხე
ახალი სასწავლო გეგმის თანახმად, საქართველოს საჯარო სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის საათები მცირდება, ინგლისური ენის საათები კი იზრდება. შესაძლებელია სკოლებში რუსული ენის პედაგოგების შემცირებაც დაიწყოს.

ახალ სასწავლო წელს პედაგოგთა ნაწილი შემცირებული საათებით შეხვდა. საათები გაუნახევრდათ რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სკოლებში მხოლოდ ორი უცხო ენა უნდა ისწავლებოდეს. პირველი სავალდებულო უცხო ენა ინგლისურია, რომლის სწავლებაც პირველი კლასიდან იწყება. ხოლო მეორე - რუსული ენა და ლიტერატურაა, რომელიც მეშვიდე კლასამდე აღარ ისწავლება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის დირექტორი ბუხუტი კაპანაძე ამავე სკოლაში რუსული ენას ასწავლის. მისი თქმით, საათები ყოველ წელს მცირდება, რაც ხელფასზე უარყოფითად ისახება. ამჟამად მხოლოდ ექვსი საათი აქვს და ფიქრობს, რომ შესაძლებელია მეორე წელს ეს საათებიც დაკარგოს.

გასულ წლებში 20-22 საათი მქონდა, ახლა ამის ნახევარიც აღარ მაქვს. სკოლაში ყველაზე მეტად მე დავზარალდი, შესაძლებელია რამდენიმე წელში რუსული ენა საერთოდ ამოიღონ. ყოველთვის დირექტორი ვერ ვიქნები და გამოდის, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ჩემი პროფესიით ვეღარ ვიმუშავებ”, - ამბობს იგი და აქვე ამატებს, რომ ანაზღაურების დიდი ნაწილი მგზავრობაში ეხარჯება: ჩვენს ხელფასებს კიდევ საათების შემცირება უნდა?! ურაველიდან მუსხში ყოველდღე დავდივარ და ხელფასის ნახევარი გზაში მინდა”.         

რუსული ენის საათები შემცირდა სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაშიც.  ამ სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მხოლოდ ერთი პედაგოგია, ამიტომ სკოლის დირექტორი გია გელაშვილი მის შემცირებას გამორიცხავს: “20 საათი ეთმობოდა რუსულ ენას, წელს 16 საათამდე შემცირდა. რაც შეეხება პედაგოგების შემცირებას, სკოლაში მსგავსი არაფერი იგეგმება”.   

ძველი სასწავლო ეროვნული გეგმის მიხედვით, მეორე საჯარო სკოლაში პირველი უცხო ენა მეორე კლასიდან ისწავლებოდა, მეორე უცხო ენა კი უკვე მესამე კლასიდან შემოდიოდა.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ინიგლისური ერთი წლით ადრე იწყება, რუსული ენის სწავლება კი მეშვიდე კლასიდან, განახევრებული საათებით დაიწყება”, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე.   

სკოლებში რუსული ენის სწავლების აუცილებლობაზე საუბრობენ მშობლებიც. მეორე უცხო ენის ასარჩევად მეორე საჯარო სკოლაში გამოკითხვა ჩატარდა.

ჩვენ ვფიქრობდით მეორე უცხო ენად გერმანული აგვერჩია, მაგრამ მშობლებს მივეცით არჩევანის უფლება. ვკითხეთ რომელი უცხო ენა დაგვემატებინა და უმრავლესობამ რუსული ენა აირჩია”, - ამბობს მარინა ზედგინიძე.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგების შემცირებას არ გამორიცხავს: ქართულ სექტორზე რუსული ენის ორი პედაგოგი გვყავს, საათებს ისე ამცირებენ, რომ არ არის გამორიცხული ამას პედაგოგების შემცირებაც მოჰყვეს”.

მეექვსე საჯარო სკოლაში ტრადიციულად სამი უცხო ენა ისწავლება: გერმანული ენა სკოლისთვის პრიორიტეტული იყო, შემდეგ მოდიოდა ინგლისური და რუსული ენები.

ახალი რეალობა გვავალდებულებს, რომ ყველა სკოლაში სავალდებულო ენა იყოს ინგლისური. არ გვინდა, რომ გერმანულისა და რუსული ენის სწავლებას ჩრდილი მიადგეს, ამიტომ სკოლაში სამივე ენა ისწავლება”,- ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი და აქვე დასძენს, რომ გერმანული ენის დატოვება სხვადასხვა გარემოებებმა გადააწყვეტინა: გერმანულში გვაქვს დიდი წარმატება: თითქმის ყოველ წელს ჩვენი მოსწავლეები ოლიმპიადაში იმარჯვებენ, მიდიან გერმანიაში სასწავლებლად, ასევე, ამ საგანში გვყავს სერთიფიცირებული პედაგოგები”.

როგორც ყველგან, ასევე მეექვსე საჯარო სკოლაშიც, ინგლისური ენა პირველი კლასიდან ისწავლება. შემდეგ მესამე კლასიდან შემოდის გერმანული და მეშვიდე კლასიდან უკვე რუსული ენა. აღნიშნული საგნებიდან ყველაზე ცოტა საათები რუსულ ენას აქვს დათმობილი.

წელს შემცირად რუსული ენის საათები. ინგისურს და გერმანულს ორ-ორი საათი აქვს, რუსულს კი მხოლოდ ერთი საათი. ამ საგანში პედაგოგიც ერთი გვყავს”, - ამბობს თამარაშვილი.

პედაგოგებისა და დირექტორების ვარაუდით, შესაძლებელია მომავალ წელს რუსული ენის საათები კიდევ შემცირდეს, ან რუსული ენა საერთოდ აღარ ისწავლებოდეს. ეს კი პრობლემებს შეუქმნის როგორც მომავალ თაობებს, ასევე რუსული ენის პედაგოგებს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი