ევროპული ვერცხლის მფლობელი


შუშან შირინიანიახალქალაქი

კრივის მსოფლიო ახალგაზრდული ტურნირის გამარჯვებული ვენეტიკ ერანოსიანი.
როცა ჩემს პატივსაცემად ქართული დროშა აღიმართა, მაშინ ჩემში ნამდვილმა სიამაყემ გაიღვიძა, რომ ეთნიკურად სომეხი ვარ და რომ ქართული დროშა ირლანდიაში ჩემდამი პატივისცემის ნიშნად აღმართეს”, - ამბობს კრივის მსოფლიო ახალგაზრდული ტურნირის გამარჯვებული ვენეტიკ ერანოსიანი. 

სოფელ კარტიკამის მცხოვრებმა, საქართველოს ნაკრების წევრმა ვენეტიკ ერანოსიანმა, ირლანდიის ქალაქ დუბლინშიGგამართულ კრივის მსოფლიო ახალგაზრდულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. იგი ამბობს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, თუმცა, ამ გამარჯვების მნიშვნელობა რინგზე გასვლამდე კარგად არ ესმოდა. მას სხვადასხვა შეჯიბრში არაერთხელ გაუმარჯვია, ამჯერად კი ქვეყნის სახელით გამოვიდა. ირლანდიაში გამართულ ტურნირზე საპრიზო ადგილის მოპოვება საქართველოს ნაკრების წევრებს შორის მხოლოდ მან მოახერხა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში მდგარი დიდი, ორსართულიანი სახლის პირველი სართულის პატარა ოთახში საწოლი, კარადა და კომპიუტერი დგას. ოთახის კედლები ცნობილი მოკრივეების სურათებითაა დაფარული. აქ კიდია არტურ აბრაამის, ვენეტიკის კერპის ვიკ დარჩინიანისა და სხვა მოკრივეების ფოტოები. ოთახის კედელს ირლანდიაში გამართულ ახალგაზრდულ ტურნირში მოპოვებული ჯილდოც ამშვენებს. ვენეტიკი სხვა შეჯიბრებში მოსაპოვებელი ჯილდოებისთვის ჩარჩოებს უკვე ამზადებს.

ვენეტიკ ერანოსიანის მშობლები სოფლის ჩვეულებრივი მცხოვრებლები არიან. მამა სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში დადის, დედა კი დიასახლისია. სპორტთან არცერთ მათგანს შეხება არ აქვს.   ერანოსიანების ოჯახში ორი ბავშვიაუფროსი გოგონა და თავად ვენეტიკი. ვაჟიშვილის არჩევანი დედას არ მოსწონდა და ცდილობდა, მისთვის აზრი შეეცვლევინებინა, მამა კი ყოველთვის ვენეტიკის მხარეს იყო. პირველი გამარჯვებების შემდეგ წინააღმდეგობის გაწევას დედამაც დაანება თავი.

მშობლები ჩემი არჩევანისადმი უკვე კარგად არიან განწყობილი. ახლა, როცა ჩემს გამარჯვებებს ხედავენ, აკვირდებიან, სპორტში წინ როგორ მივიწევ, ჩემს დაყოლიებასაც თავი დაანებეს”, - ამბობს ახალგაზრდა სპორტსმენი.

ვენეტიკ ერანოსიანი საქართველოს მოკრივეთა ნაკრებში 2009 წელს მოხვდა და 52 კგ-იან წონით კატეგორიაში ევროპულ ტურნირზე ვერცხლის მედალი საკმაოდ მძიმე ბრძოლით მოიპოვა.

ძალიან გამიჭირდა, რადგან ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. თუმცა ალბათ ყველაზე ძლიერი მაინც მე ვიყავი, რადგან საბოლოოდ, მე გავიმარჯვე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა”, - ამბობს სპორტსმენი.

ვენეტიკ ერანოსიანს 18 წელი ახლახანს შეუსრულდა, ბოლო გამარჯვების მოპოვებიდან ცოტა ხანში და მისთვის ეს მედალი ყველაზე სასურველი და სასიხარულო საჩუქარი იყო. შამპანურით აღნიშვნა არ გამოვიდა, რადგან სპორტსმენს ალკოჰოლის მიღება ეკრძალება. ორმაგი დღესასწაული უზარმაზარი ტორტით აღნიშნეს. ვენეტიკი კარტიკამის სკოლის მე-12 კლასში სწავლობს. მისი თქმით, ცუდი მოსწავლე არ არის, მაგრამ არც მთლად წარჩინებულია. ფიზკულტურაში კი ყოველთვის უმაღლესი ნიშნები ყავს. სპორტს ვენეტიკი რვა წლის ასაკიდან მისდევს.

სპორტის ეს სახეობა შეგნებულად ავირჩიე. ძალიან ვაჟკაცური სპორტია და ამიტომაც გამიტაცა”, - ამბობს სპორტსმენი.

ვენეტიკ ერანოსიანს სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი სპორტული განათლების მიღება უნდა, თუმცა, სწავლას თბილისში გააგრძელებს თუ ერევანში, ჯერ არ გადაუწყვეტია. ვენეტიკს იმედი აქვს, რომ არჩეული სპორტი მის და მისი ოჯახის მომავალს უზრუნველყოფს.

ახალქალაქში ვენეტიკს ატომ ელიზბარიანი ავარჯიშებს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ქუთაისში, ბეჟან ჭიჭინავასთან ვარჯიშობდა.

ქართული ენის არცოდნა ვენეტიკს დანარჩენ სპორტსმენებთან მეგობრულ ურთიერთობაში ხელს არ უშლის. მისი თქმით, დანარჩენებმა რუსული არ იციან, მან კი ქართული. შეკრებებზე ყოფნისას ვენეტიკმა ცოტა ქართული მაინც ისწავლა.

მოგებისთვის ყველა მაქებდა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ისინი ქართულად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ყველაფერი მესმოდა. უხაროდათ, რომ ცარიელი ხელებით არ ბრუნდებიან და თან მედალი მიაქვთ. ამ გამარჯვებას ველოდი. საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, რადგან ძალიან ბევრს და კარგად ვვარჯიშობდი. მჯეროდა, უკან ჯილდოთი დავბრუნდებოდი”, - გვითხრა ვენეტიკ ერანოსიანმა.

საქართველოს კრივის ფედერაციამ საქართველოს მოკრივეთა ნაკრებს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყო. ვენეტიკს სკოლის მეგობრები მოუთმენლად ელოდნენ. ყველა ულოცავდა და ეკითხებოდა, სად, რა ნახა, რადგან მეგობრებს შორის იგი ერთადერთია, ვინც საზღვარგარეთ იყო. სპორტსმენის თქმით, მისი მაგალითით შთაგონებულმა რამდენიმე მეგობარმა სპორტს მიჰყო ხელი. ვენეტიკმა ირლანდიიდან ყველა მეგობარს სუვენირებიკრივის პატარა ხელთათმანები ჩამოუტანა. 

ვენეტიკის ყველა დღე ერთნაირად მთავრდება, სკოლიდან დაბრუნებისთანავე სასკოლო ჩანთას დებს და სავარჯიშოდ მიდის. დარბაზში ხელთათმანებსა და სპორტულ ფორმას იცვამს და ვარჯიშს იწყებს. ახალგაზრდული ნაკრებიდან უკვე უფროს კატეგორიაში გადავიდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრის გადალახვა მოუწევს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი