შუშან შირინიანი, ახალქალაქი
ენერგეტიკა 100 პროცენტით ისეთი სფეროა, რომელიც სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. |
ქართული გაზსადენის გაყიდვის შესაძლებლობებზე, სახელმწიფო აქციების გასხვისების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებებსა და სხვა საკითხებზე “სამხრეთის კარიბჭე” პროფესორს, ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორს ლადო პაპავას ესაუბრა.
- რატომ დადგა დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის გაყიდვის საკითხი სწორედ ახლა?
დავიწყოთ იქიდან, რომ გაზსადენის გაყიდვა სიახლე არ არის, ეს საკითხი 2004 წლის ბოლოდან განიხილება. საქართველოს მთავრობას ამ გაზსადენის გაყიდვა 2006 წელს უნდოდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა, რადგან ამ საკითხში აშშ ჩაერია. ამერიკამ 2006 წელს საქართველოს გაზდენის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 50 მლნ დოლარი გამოუყო და საქართველო დაავალდებულა ხუთი წლის განმავლობაში გაზსადენი არ გაეყიდა. დღეს კი ეს ხუთი წელი უკვე გასულია.
- თქვენ ამბობთ, რომ საქართველო გაზსადენის არც აზერბაიჯანული და არც რუსული მხარისთვის მიყიდვით დაინტერესებული არ არის. საქართველომ იცის ამ გაზსადენით ორივე მხარის დაინტერესების შესახებ და მაინც, გაყიდვაზე უარს არ ამბობს. რამდენად რეალურია მოცემულ მომენტში გაზსადენის გაყიდვის შესაძლებლობა?
ჩემი აზრით, ეს უკვე ძალიან რეალურია. შესაბამის კანონს პარლამენტი იღებს. ის მესამე მოსმენით კანონს დაამტკიცებს და ალბათ მალე მთავრობა მაგისტრალური გაზსადენის, ასევე, სხვა სახელმწიფო კომპანიების აქციებს ბირჟაზე გამოიტანს. ეს პროცესი ძალიან მალე დაიწყება.
- შესაძლებელია თუ არა, რომ აქციების გაყიდვის შეზღუდვა მოიხსნას და გასაყიდად აქციების საკონტროლო პაკეტი გამოიტანონ, ჩვენს პარლამენტში ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიიდან არის...
ჯერჯერობით ასეთი შეზღუდვა არსებობს. კანონში წერია, რომ აქციების 50 პროცენტზე მეტის გაყიდვა არ შეიძლება. თუმცა რასაკვირველია, ეს საფრთხე არსებობს. უფრო მეტიც, 2010 წლის გაზაფხულამდე მაგისტრალური გაზსადენი იმ ობიექტების სიაში იყო, რომელთა პრივატიზაციაც აკრძალული გახლდათ, შემდეგ კი კანონი შეიცვალა. ყველა კანონის შეცვლა შეიძლება, მით უმეტეს, როცა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიიდანაა. თუ მათი ლიდერი იტყვის, რომ ეს თუ ის კანონი უნდა შეიცვალოს, ისინი უსიტყვოდ დაემორჩილებიან. დღეს ჩვენ მთავრობის პატიოსან სიტყვას ვეყრდნობით, რომ საკონტროლო პაკეტს არ გაყიდის. მართალია 25 პროცენტის გაყიდვა აშკარა საფრთხე არ არის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გაყიდვის პროცესი უკვე დაიწყო და ამის შემდეგ აბსოლუტურ გარანტიას ვერავინ მოგვცემს, რომ აქციების საკონტროლო პაკეტი არ გაიყიდება.
- სწორი იყო თუ არა პარლამენტის გადაწყვეტილება გაზსადენის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების სიიდან ამოღების შესახებ?
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების სიიდან გაზსადენი 2010 წლის გაზაფხულზე ამოიღეს და მაშინ ამ თემაზე საქათველოს პარლამენტშიც და ქვეყნის ექსპერტთა საზოგადოებაშიც ცხარე დაბატები იყო. მეც, სხვა ქართველ ექსპერტებთან ერთად, მივიჩნევდი, რომ ეს მცდარი ნაბიჯი იყო.
გარდა ამისა, ჩემი აზრით, ამა თუ იმ ობიექტის სტრატეგიულობა კონკრეტული სახელმწიფოსთვის მისი ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს. ენერგეტიკა კი სწორედ ის სფერია, ვიტყოდი, რომ 100 პროცენტით ისეთი სფერო, რომელიც სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამიტომაც, ჩემი სხვა კოლეგების მსგავსად, მისი სიიდან ამოღების კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ 2010 წელს ეს მაინც მოხდა. 2011 წლის აპრილში კი აშშ-ის მთავრობის დაკისრებულ ვალდებულებასაც გაუვიდა ხუთწლიანი ვადა, რომლის მიხედვითაც ქართულ მხარეს გაზსადენი არ უნდა გაეყიდა.
- ცოტა ხნის წინ სომხეთის გაზმომარაგება შეწყდა. ოფიციალური ვერსიით, ეს პროფილაქტიკის მიზნით მოხდა, თუმცა, საინფორმაციო სივრცეში ხშირად პოლიტიკური ზეწოლის საკითხი ფიგურირებს. რას ფიქრობთ ამ თემაზე?
ჩემი ინფორმაციით, ეს მხოლოდ რემონტის მიზნით მოხდა. ეჭვი მეპარება, რომ სპეციალურად ყოფილიყო გაკეთებული. გაზსადენს საქართველოს ტერიტორიამდე რუსეთი აკონტროლებს, საქართველოს ტერიტორიის შემდეგ კი სომხეთი და საქართველო დაინტერესებული არ არის, რომ რუსული გაზის სომხეთამდე ტრანსპორტირებას პრობლემა შეექმნას, მით უფრო, რომ ამ გაზის 10 პროცენტი ჩვენი შემოსავალია.
- საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მიმდინარეობს და მთავრობა აცხადებს, რომ ჰესების მშენებლობა საქართველოს სავიზიტო ბარათია. რამდენად შეესაბამება ეს განცხადება ორი ჰესის გაყიდვის ფაქტს?
დიახ, რუსულმა კომპანიამ “ინტერ-რაომ” ორი ჰესი - “ხრამ-1” და “ხრამ-2” იყიდა. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსულ კომპანიას ამ ჰესებით სარგებლობის 25-წლიანი უფლება უკვე ქონდა. პირადად მე, რუსეთისთვის ენერგეტიკული ობიექტების მიყიდვის წინააღმდეგი ვარ. თუმცა საქართველოს მთავრობა უფრო შორსაც წავიდა – ენერგეტიკის სამინსიტრომ რუსულ კომპანია “ინტერ-რაოს” კიდევ სამი ახალი ჰესის მშენებლობისთვის ლიცენზია მისცა. საქართველოს ენერგეტიკაში რუსული კაპიტალის სულ უფრო მეტი ოდენობით მოზიდვის პროცესი მიმდინარეობს.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ “თელასი ჰესის” აქციების 25 პროცენტის გაყიდვაც იგეგმება. მართალია თუ არა, რომ ეს გარიგება წინასაარჩევნო კამპანიებისთვის კეთდება?
ვერ გეტყვით, ეს რითია განპირობებული. ამ მომენტს პრინციპული მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, რადგან როცა კომპანია აქციების 75 პროცენტს აკონტროლებს, მას საკონტროლო პაკეტიც აქვს. ისინი 25 პროცენტის შეძენით არიან დაინტერესებულნი. ვინ იყიდის ამ აქციებს რუსული კომპანიის გარდა, რომელიც 75 პროცენტს უკვე აკონტროლებს?! რასაკვირველია, ისინი იყიდიან. გაზსადენი ქალაქ თბილისის მერიის ბალანსზეა, მერიას კი ფული სჭირდება, რადგან მომავალ წელს არჩევნებია.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი