ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ახალციხის აგრარული ბაზარი მყიდველებს ვერ იტევს. დღითი-დღე მატულობს ფასები ისეთ პროდუქტებზე, რომელიც საახალწლო სუფრისთვის აუცილებელია. პროდუქტის ფასები
გამოკითხულ დიასახლისთა უმრავლესობა ამბობს, რომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ხორცის კერძები, საცივი, ხაჭაპური, თევზი, გოზინაყი, ჩურჩხელა, ხილი და ტკბილეული. შესაბამისად, ახალციხის აგრარულ ბაზარში იმ პროდუქტების ღირებულება ვიკითხეთ, რაც ამ კერძების მოსამზადებლადაა საჭირო.
ინდაური – 35-40 ლარი;
ქათამი - 10-12 ლარი;
ხორცი – 7-10 ლარი;
თევზი (კალმახი) -10 ლარი.
თაფლი – 10 ლარი;
ნიგოზი – 7-10 ლარი;
თხილი – 10 ლარი;
ჩურჩხელა – 0.70 – დან ზემოთ;
ტყლაპი – 7 ლარი;
ჩირი – 2,50 ლარი;
ყველი – 5 ლარიდან ზემოთ;
სულგუნი – 8-9 ლარი.
ბანანი – 0,70 ლარიდან ზემოთ;
ვაშლი – 0,50 – 0,80 ლარი;
ბროწეული – 3 ლარი;
მანდარინი – 0,70-1,50 ლარი;
ფორთოხალი – 3 ლარი;
ყურძენი – 4 ლარი.
აქ მოცემულია 1 კილოგრამი პროდუქტის ღირებულება. ფასებს ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით, 20-დან 26 დეკემბრამდე.
რას ამბობენ გამყიდველები
ახალციხის აგრარულ ბაზარში გავლა სჭირს, ჩანთებით დატვირთული მყიდველები ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევენ. ისედაც ვიწრო გასავლელებში პროდუქტებისათვის დამატებითი მაგიდები დგას.
ხალხმრავლობაა ბაზრის გარეთაც. სოფლის სხვადასხვა პროდუქტების გამყიდველთა რიგი სახალხო ბანკიდან იწყება და ვითიბი ბანკთან მთავრდება. ეს გზა იმდენადაა გადაკეტილი, რომ გავლა არათუ მანქანით, ფეხითაც სჭირს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ კვირაზე მეტია ბაზარშიცა და სასაურსათო მაღაზიებშიც მყიდველთა სიმრავლეა, გამყიდველები ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით მყიდველი ნაკლებად ჰყავთ. მათი თქმით, დიასახლისები პროდუქტს ყოველ წელს წინასწარ იმარაგებდნენ, მაგრამ წელს ასე არ ხდება. “უჭირს ხალხს და ამიტომ ვერ ყიდულობს ვერაფერს”, - გვეუბნება თინა ფერაძე, რომელიც აგრარულ ბაზარში ხილს ჰყიდის.
იგივეს ამბობს ხორცის გამყიდველი ასატურ მინასიანიც და გვიხსნის, რომ ხორცის ფასი 7 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია მის ხარისხზე:
“სურვილის მიხედვით მყიდველს შეუძლია 9 ლარიანი ხორციც შეიძინოს. სხვა ფასი აქვს რბილ ხორცს და შედარებით იაფია ძვლიანი ხორცი. თუმცა საახალწლოდ რბილ ხორცზე უფროა მოთხოვნა”.
რას ამბობენ მყიდველები
ოთხსულიანი ოჯახის დიასახლისი გვეუბნება, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 135 ლარია. ამიტომ, საახალწლო სუფრა უხვი არ იქნება: “ბევრს ვერაფერს ვაკეთებ. ვერც წინასწარ მოვიმარაგე პროდუქტი, ცოტა ხანში ალბათ გაძვირდება ყველაფერი”.
თუმცა არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებმაც პროდუქტები უკვე მოიმარაგეს.
საჩუქრები
ბევრი მყიდევლია იმ მაღაზიებშიც, სადაც საახალწლო აქსესუარებსა და სუვენირებს ყიდიან. ყველა ცდილობს დღესასწაულს სათანადოდ მომზადებული შეხვდეს. დახლები გადავსებულია სხვადასხვა ზომის, ფერისა და ხარისხის ვეფხვებით.
მაღაზიებში ნაძვისხის ფასები 3-დან 100 ლარამდე მერყეობს. ასევე ხარისხისა და ფასის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ ნაძვისხის სათამაშოებიც, რომელთა ფასები 0,50 –დან 5 ლარამდეა.
გამყიდველები ამბობენ, რომ სუვენირებსა და ნაძვისხეებზე მოთხოვნა არის.
მოიმატებს თუ არა ფასები
მაღაზიის მეპატრონეები ამბობენ, რომ ახალ წლამდე ფასების ზრდა მოსალოდნელია, ამიტომ ცდილობენ პროდუქტი წინასწარ მოიმარაგონ.
“დამოკიდებელი ვართ მომწოდებელზე. თუ მან ფასებს მოუმატა, შესაბამისად ჩვენთანაც გაძვირდება. ამიტომ ვცდილობთ ბოლო დღეებამდე მოვიმარაგოთ ყველაფერი”, - ამბობს სურსათის მაღაზია “ვარძიას” მეპატრონე ონისე ნადიბაიძე.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი