ინვალიდობის მქონე პირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისუფლად გადაადგილებაა, რისთვისაც შესაფერისი გარემო საჭირდებათ. ახალციხეში არსებული საჯარო დაწესებულებები და ქალაქის ქუჩები კი ამის საშუალებას არ იძლევა.
ოფიციალური მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში 5 747 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც პენსიას შესაბამისი სტატუსის მიხედვით იღებენ.
საქართველოს მასშტაბით 140 000 პირია აღრიცხული, არაოფიციალური მონაცემებით კი მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.
ინვალიდობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” გამგეობის წევრისა და პიარ-მენეჯერის რატი იონათამიშვილის განმარტებით, ინვალიდობის მქონე პირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაფერისი ფიზიკური გარემოს შექმნა და მათდამი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაა:
“არის შემთხვევები, როცა ამ ადამიანებს არ აქვთ გარეთ გამოსვლისა საზოგადოებაში ადაპტირების სურვილი. მაგრამ ესეც გარემოზეა დამოკიდებული. შესაფერისი გარემო რომ ექნებათ და საზოგადოება მიმღები იქნება, ამ ადამიანებს მოეხსნებათ კომპლექსი. სახლში ჯდომა მათი არჩევანი არ არის, ეს იძულებაა”.
მისივე თქმით, ამ კატეგორიის მოქალაქეთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული და უმრავლესობა მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში არ მონაწილეობს: “დასახვეწია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობაც, რომელიც საზოგადოებაში ასეთი მოქალაქეების ინტეგრაციას ნაკლებად ითვალისწინებს”.
2006 წელს ორგანიზაცია PAცონსულტინგ-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველა კატეგორიის ინვალიდობის მქონე პირი უჩიოდა არაადაპტირებულ გარემოს, კონკრეტულად კი იმას, რომ ქალაქში თავისუფლად ვერ მოძრაობდა და თითქმის ვერცერთ დაწესებულებაში ვერ შედიოდა.
იმისთვის, რომ გაგვერკვია რა მდგომარეობაა ახალციხეში და რამდენად არის შენობები ადაპტირებული ინვალიდობის მქონე პირებისთვის, დავათვალიერეთ თითქმის ყველა საჯარო დაწესებულება: სკოლები, ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის ორივე კორპუსი, პროფესიული გადამზადების ცენტრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, სამხარეო ადმინისტრაცია, სახელმწიფო თეატრი, სამუსიკო სკოლა, სასტუმროები და ყველა ის შენობა, სადაც კანონის თანახმად მათ თავისუფლად შესვლა და დამოუკიდებლად გადაადგილება უნდა შეეძლოთ. აღმოჩნდა, რომ კანონი “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური დაცვის შესახებ” მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ვინაიდან გადაადგილებისთვის საჭირო პანდუსები, არცერთი დაწესებულებაში არ აღმოჩნდა.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროსმა ნიკოლოზ ახალკაცმა გვითხრა, რომ პანდუსი მხოლოდ უნივერსიტეტის ეზოში, შესასვლელშია გაკეთებული. შენობაში, სართულიდან სართულზე კი ეტლით გადაადგილება ვინმეს დახმარების გარეშე შეუძლებელია: “მომავალში, როცა უნივერსიტეტში რემონტს გავაკეთებთ, პანდუსებსაც გავითვალისწინებთ. მათი გაკეთება დაგეგმილია უნივერსიტეტის მეორე კორპუსშიც”.
ასეთივე მდგომარეობა დაგვხვდა პროფესიული სწავლების ცენტრშიც. ცენტრის დირექტორმა ბელა ავალიშვილმა გვითხრა, რომ განათლების სამინისტროს ბრძანებით შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა უკვე დაიწყეს. აღნიშნული პრგრამისთვის სასწავლებელს 13 ათას ლარამდე გადმოერიცხა: “გაკეთდება პანდუსები, ლიფტები და სპეციალურად მათთვის სველი წერტილები. ეს პროექტი მხოლოდ რამდენიმე პროფესიულ ცენტრში ხორციელდება”.
ის, რომ დაწესებულებები და ქალაქის ქუჩები ინვალიდობის მქონე პირებზე გათვლილი არ არის, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტური სამსახურის უფროსმა თენგიზ ზედგინიძემ იმით ახსნა, რომ შენობების ძირითადი ნაწილი საბჭოთა პერიოდშია აშენებული: “იმ დროს, როცა ეს შენობები შენდებოდა, არ ხდებოდა სტანდარტების დაცვა. რაც შეეხება ახალაშენებულ შენობებს, ჯერ ისეთი დანიშნულების დაწესებულება არ აგვიშენებია, რომელიც ამ სტანდარტების დაცვას მოითხოვდა”.
ქალაქის არქიტექტორის დავით ჩაჩანიძის თქმით, ტროტუარები გარკვეუწილად დაცულია: “როცა ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობა დავიწყეთ, გუბერნიის მიმდებარე ტერიტორიასა და პაატა ნათენაძის ქუჩაზე დაბალი ბორდიურები გავაკეთეთ”.
პანდუსები მხოლოდ სამხარეო ადმინისტრაციისა და ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზეა, თუმცა ახალი გაკეთებული არ არის.
თენგიზ ზედგინიძის განმარტებით, დაბალი ბორდიურები ბავშვებისთვის გაკეთდა და არა ინვალიდობის მქონე პირებისთვის: “სიმართლე გითხრათ ინვალიდობის მქონე პირებზე არ გვიფიქრია. ეს უფრო ბავშვებისთვის გავაკეთეთ. მაგრამ მომავალში ამაზე აუცილებლად ვიფიქრებთ”.
“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მერვე მუხლის თანახმად, “დაუშვებელია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს”.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა რომ იცვლება, ამის დასტურად ინკლუზიური განათლების პროექტს იშველიებენ ხოლმე. ინვალიდობის მქონე პირები იმედოვნებენ, რომ მათი უფლებების დაცვა, მხოლოდ განათლების მიღების უფლებით არ დამთავრდება და უახლოეს მომავალში ინფრასტრუქტურის ადაპტირებაც მოხდება.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი