ჯავახეთის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება. მიზეზი მიგრაცია და შობადობის უარყოფითი მაჩვენებელია.
დანგრეული და გამოკეტილი სახლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში შეგხვდებათ. ეზოებშიც ძირითადად ხანდაზმულები სხედან.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 1989 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 69 108 ადამიანი ცხოვრობდა. 1997 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 3267-ით შემცირდა. ბოლო, 2002 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა რაოდენობა კიდევ 4 866-ით შემცირდა და 60 975 შეადგინა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “მერსი ქორის” ინფორმაციით, 2008 წელს მუნიციპალიტეტში 55 412 ადამიანი ცხოვრობდა, რაც 2002 წლის მონაცემზე 5563-ით ნაკლებია. გამოდის, რომ მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.
ქალაქის ცენტრში ოცი შემხვედრი მოქალაქე გამოვკითხეთ და კითხვაზე, არიან თუ არა მათი ოჯახის წევრები საზღვარგარეთ, ყველასგან დადებითი პასუხი მივიღეთ. პასუხები დაახლოებით ასე ჟღერდა: “მეუღლე”, “ვაჟიშვილი”, “ქალიშვილი ოჯახთან ერთად”, “ბიძა ოჯახით”, “ახლობლები”.
ნინა ხარაგულიანი სოფელ ხოსპიოში ცხოვრობს. ხუთსულიანი ოჯახი მესაქონლეობით ირჩენს თავს. მეორე წელია, ნინას მეუღლე სამუშაოდ რუსეთში დადის: “ყველა იქ გვყავს. 20 წელია, წასულები არიან. ზოგჯერ ვფიქრობ, მეც ხომ არ გადავსახლდე. ადრე წასულებმა უკვე საქმის აწყობა მოასწრეს. ახლა ვინც წავა, სხვისთვის უნდა იმუშაოს და შეიძლება, არც გადაუხადონ. მომავალ წელს ჩემს ვაჟიშვილს უნდა წასვლა, ჩემს დებთან ჩავა და თუ გაუმართლებს, ყველანი გადავსახლდებით”.
სოციალური უზრუნველყოფის ფონდის განყოფილების მიერ 2008 წელს ჩატარებული პენსიონერთა აღწერის მონაცემებით, მათი რიცხვი 9800-ით განისაზღვრება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ძირითადად მარტოხელა პენსიონერები დარჩნენ. მათ შორისაა მარიამ მანუკიანიც: “ვაჟი საბერძნეთში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ქალიშვილი კი მრავალი წლის წინ რუსეთში წავიდა და იქ გარდაიცვალა. წასვლის შემდეგ არ მინახავს და დაკრძალვაზეც არ ვყოფილვარ. ეს რა ცხოვრებაა?! უკვე 83 წლის შევსრულდი და აქ მარტო ვარ”.
სოფელ ბავრის მკვიდრი გრიგორი ასლანიანი ამჟამად უმუშევარია: “ბოლოს ხალხი მასობრივად ხუთი წლის წინ წავიდა. უმრავლესობა უკან აღარ დაბრუნებულა. ჩემი ნათესავებიც გადასახლებული არიან, უმეტესად, მოსკოვსა და კრასნოდარში. მათი წასვლის მიზეზი ცუდი საცხოვრებელი პირობები იყო. მეც მინდა სეზონურ სამუშაოზე წასვლა, მაგრამ ვერ ვახერხებ, რადგან საბუთები არ მაქვს”.
სოფელ სამსარიდან, რომელიც ზამთრობით თვეების განმავლობაში მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს, ხალხი გაზაფხულზევე წავიდა. ასტხიკ ხაჩატრიანის ოჯახში ათი წევრია. მისი თქმით, სოფელში ცხოვრება იოლი არაა: “ნათესავები რუსეთში ცხოვრობენ. მათ სანახავად წასვლა მინდა, მაგრამ არ ვიცი, იქ დარჩენას შევძლებ თუ ვერა. ჩვენი სოფლიდან, ძირითადად, რუსეთში, სოჭსა და ანაპაში მიდიან. მათი გამგზავრების მიზეზი ქართველების მხრიდან შევიწროვება არ არის. მიდიან არსებული პირობებისა და საზღვარგარეთ ცხოვრების პერსპექტიულობის გამო”.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2633 დროებით დაცარიელებული სახლია. ქალაქში - 295. მათი თქმით, ვინც ახლობელთა მოსანახულებლად რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩამოდის, მათი დაბრუნების იმედი ძალიან მცირეა.
“საქართველოდან 1996 წელს წავედით. მანამდე სოფელ ბეჟანოში ვცხოვრობდით. მამასთან ჩავედით, რომელიც რუსეთში მუშაობდა და დავრჩით. ახალქალაქში ჩამოსვლა მინდა, მაგრამ როგორც სტუმარს, რადგან იქ ცხოვრებას ვეღარ შევძლებ”, - ამბობს ამჟამად კრასნოიარსკში მცხოვრები ნუნეტა ეგუნიანი.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი