“ობოლთა სახლი” - დუხობორთა კულტურის პოტენციური მუზეუმი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე დუხობორთა კულტურის ერთ-ერთი უკანასკნელი ძეგლი “ობოლთა სახლი” ნელ-ნელა ინგრევა. მისთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭება ადგილობრივ ხელისუფლებას ძეგლის შენარჩუნებაში დახმარების საშუალებას მისცემს. დუხობორთა თემი ოფიციალურად რეგისტრირებულია. 

ხის ცისფერი გალავნის მიღმა “ობოლთა სახლის” ეზოა, რომელშიც ოთხი განცალკევებული შენობაა: ერთი ცენტრში დგას, სამი კი განცალკევებით. 

თემის ხელმძღვანელის ლუკერია ვასილიევნას ხის ცისფერი, ორსართულიანი საზაფხულო რეზიდენციის გარდა, დროთა განმავლობაში ხის მიწურები ქვის ნაგებობებად იქცა, თუმცა, მიწურების სტილი შენარჩუნებულია. სქელი, დაახლოებით ერთი მეტრის სისქის კედლები, დაბალი ჭერი, პატარა ფანჯრები და კარი. ასე შენობები სითბოს იზოლაციის მიზნით იგებოდა.  

გორელოვკის “ობოლთა სახლი” ის დაწესებულება არაა, რასაც სახელწოდება გულისხმობს. “ობოლთა სახლი” აქ ტავრიჩის გუბერნიიდან იქნა გადმოტანილი, ისევე, როგორც დუხობორთა რვა სოფლის (გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, კალინინო, ვლადიმიროვკა, რადიონოვკა და ტამბოვკა) დასახელება. 1841 წელს აქ დუხობორთა თემი დაარსდა. 1847 წელს კი სოფლის ცენტრში აშენდა ნაგებობა, რომელსაც “ობოლთა სახლი” დაერქვა და სადაც თემის ხელმძღვანელობა განთავსდა. ამ სახლში თავს იყრიდა თემის მთელი ქონება, ავლადიდება და შემოსავალი, რომელიც შემდეგ თემის წევრებს შორის ნაწილდებოდა. დახმარებას პირველ რიგში სოციალურად დაუცველი ბავშვები და მოხუცები იღებდნენ. ამიტომ დაერქვა დაწესებულებას “ობოლთა სახლი”. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ოდესღაც მცხოვრები სამი ათასი დუხობორიდან, დღეს მხოლოდ 200 ადამიანი დარჩა. 

“ერთადერთი, რაც დაგვრჩა და ჯერ კიდევ ჩვენ გვეკუთვნის, “ობოლთა სახლი” და სკოლაა, რომელიც რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის შემწეობით აშენდა. სოფლის კლუბი და სხვა შენობებიც დუხობორთა სახსრებითაა აშენებული, თუმცა, ისინი ჩვენ აღარ გვეკუთვნის. კულტურის სამინისტროს წლების წინ მივმართეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. საქმე ისაა, რომ საქართველოში ყველა ეკლესია სახელმწიფოს ეგიდით არსებობს, ჩვენ კი ჩვენთვის ვართ. როდესაც მასობრივი მიგრაცია დაიწყო, გაჩნდა საფრთხე, რომ “ობოლთა სახლი” დაინგრეოდა და სიწმინდეები შეიბღალებოდა. სულ უფრო ცოტანი ვრჩებით და სახლის დაცვაც გვიჭირს,” - ამბობს დარჩენილი დუხობორების წინამძღვარი ლიუბოვ დემინოვა. 

ამჟამად სახლში ისეთი გარემოა, თითქოს კულტურის ამ ძეგლს მძიმე დრო არც გაუვლია. ოთახებში ყველა ნივთი თავდაპირველ სახეს ინარჩუნებს, თუმცა, დროთა განმავლობაში, მათი დიდი ნაწილი დაიკარგა. ყოველი ოთახი აქ დარჩენილ დუხობორთა ერთობლივი ძალით გარემონტდა. ისინი სიწმინდეს თავადვე ალაგებენ და უვლიან. თუმცა “ობოლთა სახლის” მთლიანობის შესანარჩუნებლად დუხობორთა მცირე სახსრები საკმარისი არ არის. შენობები ძველი და ნახევრადდანგრეულია, ამიტომაც რემონტს საჭიროებს. რამდენიმე ადგილას ბათქაში იყრება, აუცილებელია მინების გამოცვლაც. 

“თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს დახმარების თხოვნით უკვე მივმართეთ. მომსახურე პერსონალის შესანახად მაინც გამოგვიყონ ცოტა თანხა. ამ დღეებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამ თხოვნით მისვლას კვლავ ვაპირებთ. აქამდე ვერაფერს მივაღწიეთ, ვნახოთ, ამჯერად რას გვიპასუხებენ”, - ამბობს ტატიანა დემინოვა. 

სავარაუდოდ, მათ მოთხოვნაზე პასუხი დიდად განსხვავებული არ იქნება იმისგან, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გვითხრეს. 

“სანამ საქართველოს კულტურის სამინისტროსგან ნებართვას არ მივიღებთ, როგორც უნდა გვინდოდეს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათთვის თანხის გამოყოფის უფლება არ გვაქვს. “ობოლთა სახლი” სახლ-მუზეუმის სტატუსს რომ მიიღებს, მის შესანახად თანხის გამოყოფაზე მსჯელობას მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ”, - აღნიშნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამსონ პნჯოიანმა. 

გორელოვკაში არსებული მდგომარეობის, “ობოლთა სახლის” მდგომარეობისა და მთლიანობაში, დუხობორთა კულტურული ფასეულობების უკეთ გაცნობის მიზნით საქართველოს კულტურის სამინისტროს, რეინტეგრაციის სამინისტროსა და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის წარმომადგენლები სოფელს თავად ესტუმრნენ. 

“ვიზიტი საქართველოს სახალხო დამცველისა და კულტურისა და რეინტეგრაციის სამინისტროების ეგიდით შედგა. ჩვენი სტუმრობის მიზანი იყო უკეთ გაგვეცნო თემი, მათი კულტურა, შეგვემოწმებინა “ობოლთა სახლის” მდგომარეობა და ის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის გვეჩვენებინა. მათ გავაცნობთ ჩვენს გეგმებს, რომლის მიხედვითაც თემს სახლისთვის სახლ-მუზეუმის სტატუსის მოპოვებაში დავეხმარებით. სტატუსი მათ სამომავლოდ შენობის რეაბილიტაციის საშუალებას მისცემს”, - აღნიშნა ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის თანამშრომელმა შორენა კობაიძემ. 

საქართველოს კულტურისა და რეინტეგრაციის სამინისტროებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის წარმომადგენლები 2010 წლის გაზაფხულზე სოფელ გორელოვკასა და დუხობორთა თემს კვლავ ესტუმრებიან, რათა თემის სხვა ისტორიულ და კულტურულ ფასეულობათა მდგომარეობას გაეცნონ. 

ვიზიტის დროს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯავახეთის სამოქალაქო ფორუმისა” და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის მხარდაჭერითა და შუამავლობით დუხობორთა თემის “სამცხე-ჯავახეთის დუხობორთა თემის” რეგისტრაცია მოხდა. ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი სამომავლოდ დუხობორებს გარკვეულ საკითხთა მოგვარებაში დაეხმარება. 

სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი დუხობორებისადმი ასეთი ყურადღებისა და ზრუნვის გამოვლენას დაგვიანებულად მიიჩნევს. მისი აზრით, ასეთი დამოკიდებულებით მათი მასობრივი გადასახლების თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. 

“დუხობორები სპეფიციკური მსოფლმხედველობის, თავისებური კულტურისა და ტრადიციის თემია და დამოუკიდებლად იმისა, წავლენ აქედან თუ დარჩებიან, ვალდებული ვართ მათი დანატოვარი შევინახოთ. ჩემი აზრით, საჭიროა ერთი ადამიანი მაინც ოფიციალურად მივამაგროთ “ობოლთა სახლს”, რათა მას თვალყური ადევნოს, - ამბობს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ სახლის სათანადოდ შესანახად და შესანარჩუნებლად ერთი საშტატო ერთეული მაინც უნდა დაიშვას: ეს შენობა და ასევე გამოქვაბული, სადაც დუხობორებმა ომისა და ძალადობისადმი პროტესტის ნიშნად ოდესღაც იარაღი დაწვეს, ჩვენი რაიონის ეროვნული კულტურისთვის დიდი ფასეულობაა”.
 

გორელოვკაში დარჩენილები ფიქრობენ, რომ უკვე ყველაფერი გადაიტანეს და აქედან აღარასოდეს წავლენ, რადგან აქ თავიანთი ისტორია აქვთ დასაცავი და შესანარჩუნებელი. ხოლო ვინც უკვე წასასვლელი იყო, ამა თუ იმ მიზეზით, უკვე გადასახლდა კიდეც. 

წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი