გასულ წელს ბორჯომის სახალხო თეატრს 100 წელი შეუსრულდა. დღეისათვის თეატრში მხოლოდ ხუთი მსახიობია, მაყრებელი კი თითქმის აღარ დადის. 1908 წელს ბორჯომში თეატრალური კოლექტივი შეიქმნა და ამავე წელს გაიმართა პირველი წარმოდგენაც. 1959 წელს, რესპუბლიკური დათვალიერებისას, ბორჯომისა და ონის თეატრალურ კოლექტივებს სახალხო თეატრის წოდება მიანიჭეს.
,,სახალხო თეატრის წოდებას დამსახურება უნდოდა. მას შემდეგ იწყება სახალხო თეატრის არსებობის ისტორიაც. ბევრი სპექტაკლები იდგმებოდა”, - ამბობს სახალხო თეატრის რეჟისორი ზანგური ანდღულაძე, რომელიც ბორჯომის სახალხო თეატრში 1966 წლიდან მუშაობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი კულტურის და ხელოვნების ცენტრს აფინანსებს და ვინაიდან სახალხო თეატრი ამ ცენტრთანაა არსებული, გარკვეული თანხები მისთვისაცაა გათვალისწინებული.
“ფინანსურად კულტურის და ხელოვნების ცენტრზე ვართ დამოკიდებული. სახელმწიფო თეატრი არ ვართ, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაგვაფინანსონ, - ამბობს რეჟისორი და წუხს, რომ ადრინდელისგან განსხვავებით დღეს თეატრის მხატრული მხარე “მოიკოჭლებს”, - მცირე თანხები იხარჯება სპექტაკლის მხატრულ მხარეზე. მხატვარი თავისი სახსრებით ყიდულობს საღებავს. ძველი დეკორაციები გვაქვს, უსახსრობის გამო ვერ ვახერხებთ ხის მასალის შეძენას და აღარ ვიცი რამდენ სპექტაკლში გამოვიყენო ერთი და იგივე კედელი.”
თეატრში მაყურებელი თითქმის არ დადის. 2009 წელს ორი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა, ამჟამად რეჟისორი მესამე სპექტაკლზე მუშაობს.
,,ვდგამთ სპექტქკლს და გვეშინია, რომ მაყურებელი არ მოვა. პრემიერებზე ძალიან ცოტა მაყურებელი გვყავდა, ბორჯომის ხელისუფლების წარმომადგენლები დავპატიჟეთ, მაგრამ, არ მოვიდნენ თუ ვერ მოიცალეს არ ვიცი. 20 ნოემბერს სკოლის მოსწავლეებისათვის დავდგი სპექტაკლი. ბილეთები სკოლებში წაიღეს, მაგრამ ზოგმა უკან დააბრუნა, ზოგმა ნახევარიც ვერ გაყიდა. სპეკტაკლის სანახავად მხოლოდ 30 მოსწავლე მოვიდა”, - ამბობს რეჟისორი.
მისივე თქმით, გასულ წლებში ბორჯომის სახალხო თეატრს ბევრი და გემოვნებიანი მაყურებელი ჰყავდა: “ახლა ასეთი ტენდენცია დამკვიდრდა, ჩამოსულ თეატრებს პატივს სცემენ, ადგილობრივს კი არა. მაგრამ ხომ უნდა გაინტერესებდეს როგორია ბორჯომის თეატრი, შეფასება რომ შეძლო?! რომ დაპატიჟებ სპეკტაკლზე ხალხს, ჩაცმული მსახიობები რომ ელოდებიან მაყურებელს და არავინ მოვა, ეს საშინელებაა”.
ამჟამად სახალხო თეატრში ხუთი მსახიობია დაკავებული. მათი სიმიცირის გამო რეპერტუარის ნაკლებობაა.
,,პიესებს ვკითხულობ და ვცდილობ ეგებ როგორმე მოვარგო კოლექტივს. ცოტა არ იყოს უჩვეულოდ მეჩვენება ხუთი მსახიობის თეატრი. ყოველთვის ხუთკაციანი პიესა ხომ არ იქნება? ამიტომ მიხდება ხვეწნა-მუდარა ჩვენს აქტივზე, მოდი შენი ჭირიმე ამა თუ იმ სპექტაკლში ითამაშე-თქო. მსახიობები სხვაგან მუშაობენ და არ სცალიათ, მაგრამ მაინც მოდიან და ანაზღაურების გარეშე თამაშობენ”, - ამბობს რეჟისორი და იმედს არ კარგავს, რომ ადგილობრივები თეატრის ცხოვრებით დაინტერესდებიან და მომავალი პრემიერები ცარიელ დარბაზში აღარ ჩაივლის.
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი