2010 წლის დადგომამდე ოთხი დღე რჩება, ქალაქში წინასაახალწლო მზადება მიმდინარეობს. საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი.
ქალაქის მორთვა, ნაძვის ხის დადმა, საახალწლო კარნავალი, ლტოლვილთა და უმწეოთა დახმარება, საჩუქრები სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებს - ამ ღონისძიებებისთვისაა გათვალისწინებული 30 000 ლარი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთადაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე ამბობს, რომ ქუჩების მოსართავად გასულ წელს შეძენილ აქსესუარებსაც გამიყენებენ და ახლებსაც შეიძენენ: “ყველაფერი უკეთ უნდა გაკეთდეს. შარშანდელ ქალაქს უნდა სჯობდეს წლევანდელი”.
კულტურის სამსახურსა და შპს “კეთილმოწყობას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქალაქის მორთვა ამ უკანასკნელს დაევალა. “კეთილმოწყობის” სამსახურმა სამუშაოები 4 დეკემბერს დაიწყო და 20 დეკემბერს დაასრულა.
30 000 ლარი შემდეგნაირად ნაწილდება: 5 040 ლარია გათვალისწინებული უმწეოთა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელების საჩუქრებისთვის. 2 000 ლარი დაჯდა ნაძვისხის შეძენა, რომელიც ქალაქ ვალეში უნდა დაიდგას. 3 500 ლარი გათვალისწინებულია შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის. 800 ლარი ტრანსპორტირებას სჭირდება, 1 600 ლარი საახალწლო ნაძვის ხის დაცვას, 12 000 ლარი კი ქუჩების განათებებს. ამ თანხაში შედის სცენის მოწყობაც 31 დეკემბრის ღამეს.
სახაალწლო ნაძვის ხე ტრადიციულად თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება. ახალი ნაძვის ხის შესაძენად დამატებით თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო. აღნიშნული თანხით გაკეთდება დამატებით 65 აქსესუარი და ქუჩიდან ქუჩაზე განათების ოცამდე გადაკვეთა იქნება.
სახაალწლო კარნავალი 31 დეკემბერს, საღამოს ათის ნახევარზე დაიწყება და ღამის თორმეტ საათზე მრავალჟამიერით და ფეიერვერკით დასრულდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ღონისძიებაში ჯეოსტარში გამარჯვებული მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. მათ მოსაწვევად თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი