“ზოგადი განათლების” კანონში შესული ცვლილების თანახმად, არაქართველი აბიტურიენტებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება ერთი – ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდით, უმცირესი გამსვლელი ქულით შეეძლებათ. თუმცა ამ ლგოტით სომეხი ეროვნების ყველა აბიტურიენტი ვერ ისარგებლებს.
ცვლილებების თანახმად, სომხურ და აზერბაიჯანულ სკოლადამდავრებულები გამოცდას მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ. ისინი 1+4 სისტემით ისწავლიან, - პირველ წელს მხოლოდ ქართულ ენას შეისწავლიან და შემდეგ სახლემწიფო ენაზე გააგრძელებენ სპეციალობის დაუფლებას.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ნირცის კარაპეტიანი ამ სისტემას მიესალმება: “ადამიანი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენაში იმეცადინებს და შესაბამის გარემოში იცხოვრებს, ენას აუცილებლად ისწავლის”.
აბიტურიენტები, რომლებიც რუსულ სკოლას ამთავრებენ და ლიტერატურულ სომხურს არ ფლობენ, ამ ლგოტებით ვერ ისარგებლებენ. “რუსულ სკოლებში 850 ბავშვი სწავლობს. ისინი სასწავლებლად სომხეთში ან რუსეთში წავლენ”, - ამბობს ნარცის კარაპეტიანი.
ახალქალაქის მეორე რუსული სკოლის პედაგოგის სუსანნა მელიქიძის თქმით, სომეხი ეროვნების მოსწავლეებისათვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება: “წელს სკოლას 75 ბავშვი ამთავრებს. რუსული სკოლის მოსწავლეებმა უკეთ იციან ქართული ენა და გრანტებს ისე იღებენ, როგორც ქართულ სკოლადამთავრებულები. ადრე ყველანი ერთნაირად აბარებდნენ, ახლა ნაწილი გამოცდებს სომხურად ჩააბარებს და უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით მოხვდება, დანარჩები კი ასევე ჩააბარებენ, მაგრამ უმაღლესში ვერ მოხვდებიან”.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორები-საქართველოს” წარმომადგენლის ვაჟა კვერნაძის აზრით, “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის შექმნისას ივარაუდებოდა, რომ ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მშობლიური ენა უნდა სცოდნოდათ: “რუსული სკოლების მოსწავლეები ეროვნებით სომხები არიან, იგულისხმება, რომ მათ ამ გამოცდის ჩაბარება უნდა შეეძლოთ. სამწუხაროდ, რუსულენოვანი კონტინგენტისთვის ცვლილება არ განხორციელებულა. თუმცა ამ თემაზე წერენ გაზეთებში, კეთდება ტელეგადაცემები, პრობლემა არსებობს და მისი განხილვა მიმდინარეობს”.
ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი თეა ბულია ამბობს, რომ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სომხურ ენას არ ფლობენ, არაფერი შეცვლილა. გამოცდებს ისინი ისევე ჩააბარებენ, როგორც აღნიშნული კანონის მიღებამდე. ამ წლისათვის პრობლემის გადახედვა დაგეგმილი არ არის: “ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია. ალბათ, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ადრე, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვებისთვის არაფერი შეიცვლება”.
ახალქალაქის რუსული სკოლის აბიტურიენტების გამოკითხვის შედეგად სუსანნა მელიქიძემ გაარკვია, რომ რუსულ სკოლადამთავრებულებს აღნიშნული სისტემით გამოცდების ჩაბარება არ უნდათ.
“რუსული სკოლის მე-12 კლასელებს ზოგადი უნარების სომხურ ენაზე ჩაბარებას სთავაზობენ. ისინი ქართულ ენაშიც ემზადებიან და ზოგად უნარ-ჩვევებშიც, მხოლოდ რუსულ ენაზე. მათ არ სურთ სომხუე ენაზე ჩაბარება, რადგან დადებითი შედეგის მიღების იმედი არ აქვთ. შეიძლება კიდევ ერთი წელი მოემზადონ და უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი შედეგით მოხვდნენ. ამ ბავშვებს ნამდვილად უნდათ სწავლა”, - ამბობს სუსანნა მელიქიძე.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი