საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯონი მურმანიშვილმა ერთ-ერთი მეწარმისგან ქრთამის სახით 1 000 ლარი აიღო და დაჰპირდა, რომ არ დააჯარიმებდა.
მურმანიშვილი ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თორმეტ წლამდე ვადით.
“საგადასახადო ორგანოში მუშაობდა, შეცდომა დაუშვა, უკანონო გასამრჯელო მიიღო. არ ვთვლით, რომ ეს ქრთამი იყო, რადგან სანაცვლოდ მურმანიშვილი არაფრის გაკეთებას დაჰპირებია სამსახურის ინტერესის საწინააღმდეგოდ”, - ამბობს ჯონი მურმანიშვილის ადვოკატი ავთანდილ თელიაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ გარკვეული დარღვევა მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს, მაგრამ არა იმ ზომით და კვალიფიკაციით, რაშიც ბრალდების მხარე ედავება: “ადამიანმა, რომელიც მაკონტროლებელ ორგანოში მუშაობს, არავითარი გასამრჯელო არ უნდა მიიღოს, მაგრამ მან აიღო. რა თქმა უნდა, ეს კანონ-საწინააღმდეგოა, მაგრამ ვიმეორებ, რომ არ არის ქრთამი”.
ჯონი მურმანიშვილი 40 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ოჯახის წევრების თქმით, იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონულ ცენტრში
ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.
“ქრთამის ამღები ადამიანი უკეთესად ცხოვრობს. ზამთარია და ბავშვებს შეშა არ აქვთ. ან კიდევ, ქრთამი სახლში აიღო?- კითხულობს ჯონი მურმანიშვილის დედა ლამარა მურმანიშვილი და დასძენს, რომ მისი შვილი შესვენებაზე ყოველთვის სახლში მიდიოდა: სახლში შემოსულიც არ იყო, მანქანა რომ მოადგა და წაიყვანეს”.
ჯონი მურმანიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას მანქანის კარში ფული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა შმაგი წიწკილაძემ ჩაუდო.
“არ ვიცნობთ, ვინაა ეს ადამიანი. არც ის ვიცით, ვის უნდოდა ჯონის მტრობა. ფული სხვისი მითითებით რომ არ ჩაედოთ და ეს ქრთამი რომ ყოფილიყო, მაშინ ქრთამის ამღებიც უნდა დაისაჯოს და მიმცემიც. მაგრამ, ქრთამის გამცემზე არავინ ლაპარაკობს”, - ამბობს ჯონი მურმანიშვილის მამა ავთანდილ მურმანიშვილი.
ჯონი მურმანიშვილის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან მეზობლებიც. 41 წლის ნიკოლოზ აზმაიფარაშვილი ჯონი მურმანიშვილს ბვშვობიდან იცნობს: “პატიოსანი ადამიანია, უბანში მისი გინებაც კი არავის გაუგია, არც ჩხუბში ჩარეულა არასდროს, ყველას პატივს სცემდა. ამ ქვეყანაში გამორიცხული არაფერია, ვფიქრობ, მოწყობილია”.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონულ ცენტრში ჯონი მურმანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი