მე და ბანკი

ბანკებთან ყოველდღიური შეხება მაქვს. სანამ ბანკში წავალ საკუთარ თავთან  ერთგვარი რიტუალის ჩატარება მიწევს  - არ იკამათო! მოთმინება იქონიე! თუმცა . . .  

ბანკის შენობები გაარემონტეს. ერთი, სახალხო ბანკს არ შეეხო ,,ევრო-რემონტობია”. ისევ ძველი შენობა, ყვავილები გადახუნებული ქოთნებით, უფრო სწორად, ალაგ-ალაგ ამოტეხილი ემალის ქვაბებით. მე მაინც მირჩევნია ურთიერთობა ამ ბანკთან მქონდეს. აქ ყველა ოპერაციას სწრაფად ასრულებენ და შესაბამისად მუხლები აღარ მიკანკალებს ფეხზე დგომით. აქ არ მეუბნებიან პროგრამაა გათიშული და მალე ჩაირთვება. ან მოლარე შესვენებაზეა და მალე მოვა და ჩემს საყვედურს არ მოყვება მეორე მოლარის დამცველი პასუხი: პატარა ბავშვი ყავს და ძუძუ უნდა აჭამოს. არადა, მგონი მეძუძურ დედებს დეკრეტულ შვებულებას აძლევენ, ანდა, თუ არ აძლევენ, თქვი ბატონო, ამოიღე ხმა, რადგან შენი უფლების შელახვის გამო აგერ მეც უფლებაშელახული ვდგავარ. გაგონილა სამი საათი ბანკში იდგე, დამლაგებელი, ფეხებზე სველ ტილოს გაფერთხებდეს და მიუხედავდ იმისა, რომ დაახლოებით 16 კვადრატულ მეტრ ოთახში სულ მცირე 30 კაცი ვდგავართ, განიავებაზე არავინ ფიქრობდეს.

 დიახ, ვდგავართ, რადგან თუ ჩამოჯდები, რიგს დაკარგავ. ხოდა, ვდგავართ სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს მიყრდნობილები, თავმიდებულები და ველოდებით ან მოლარის მოსვლას, ან პროგრამის ჩართვას, ან დილეტანტი მოლარის დახელოვნებას, სწრაფად აკრიფოს კლავიატურაზე ციფრები. ისე ამ ლოდინს ერთი კარგი რამ მაინც მოაქვს, ხალხს ეცნობი. ასე გავიცანი მთელი ქალაქი, ქუჩაში უკვე მოკითხვებით ვხვდებით, ერთმა მათგანმა შვილის ნათლიობაც კი შემომთავაზა.

 ვიტან იმასაც, როცა ერთ-ერთ ბანკში განვადებით ნივთის გამოტანისას განაცხადის შევსებისას გრაფაში რეგიონი ბანკის თანამშრომელი მიწერს ადიგენს და მეკითხება, ხევაშენის რომელ ქუჩაზე ვცხოვრობ, თან ჯიუტად.

 ვიტან იმასაც, როცა უშველებელი რიგების შემდეგ ძლივს ვაღწევ მოლარემდე და როცა თანხის გადახდის დოკუმენტს უნდა მოვაწერო ხელი, მოლარე  ცარიელ ფურცელს მაწვდის.

 - ეს რა არის? - ვკითხულობ გაოცებით.

- კატრიჯი გამოგველია, - იმორცხვებს მოლარე.

ვაწერ ხელს ცარიელ ფურცელზე და ვფიქრობ: ხელახლა რომ მომთხოვონ გადასახადი? ვის შეედავები? არ მეტყვიან, რა ცარიელ ფურცელზე აწერდი ხელსო? კიდევ კარგი ასე არ მოხდა.

 სალაროების რაოდენობის მიხედვით ვხვდები, რომ ახალციხის ერთ-ერთ ბანკში, სამი მოლარე უნდა იჯდეს. თუმცა სამივე მოლარე ერთად არასოდეს მინახავს.

 ვერ ვხვდები რატომ არის დამკვიდრებული ახალციხის ბანკებში რომ კლიენტს არ უნდა გაუღიმო. არც ის ვიცი რატომ უნდა დააკრა რკინის სალაროს ნიკაპი მოლარეს რომ გააგონო შენი ხმა. ან კიდევ, ბანკში შესვლისას რატომ უნდა უღიმო კარებთან მდგომ ან მჯდომ დაცვის თანამშრომელს. ერთხელ, სამუშაო საატებში ჩემი მეგობარი არ შეუშვა, ახლა ვხვდები, ალბათ გაბრაზებული სახით მიდიოდა.

 ვერც იმას ვხვდები რატომ არ მუშაობს ბანკომატი დასვენების დღეებში ან რატომ ილევა ფული ხშირად.

 ეს ის საერთო სურათია ბანკებთან ურთიერთობისას, რაც ახლა გამახსენდა, თორემ ჩემთვის საყვარელი ბანკის თანამშრომლებიც მყავს. რომელთა დანახვა ნამდვილად მიხარია, ეს გარანტია იმისა რომ ფეხზე მდგომს არ ჩამომეძინება და სამსახურში არ დამაგვიანდება.ამჯერად უპირატესობა მე მაქვს, დავწერო რამე ბანკის თანამშრომლებზე. ისე, მათაც რომ იგივე შეეძლოთ, ნამდვილად ვიცი, პირველი ფრაზა ასეთი იქნებოდა: ოოოო! ეს აუტანელი ჟურნალისტი...

გულო კოხოძე.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი