გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელსაც ახალციხის საჯარო სკოლების 70-მდე პედაგოგი ესწრებოდა, ქალაქის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა.
მინისტრმა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ 2010 წლიდან განათლების სისტემაში არაერთი რეფორმა გატარდება და ამ პროცესში პედაგოგების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
დიმიტრი შაშკინი გეკვეთილებზე დასწრების საკითხსაც შეეხო: “2011 წლამდე გადავალთ ახალ სისტემაზე, რომელიც ბავშვებს სკოლაში სიარულის სტიმულს მისცემს”.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პედაგოგების სადაზღვევო ვაუჩერებზე და აღნიშნა, რომ მათ უფლება აქვთ, თავად აირჩიონ სასურველი სადაზღვევო კომპანია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც აღნიშნულ შეხვედრაზე იმსჯელეს, პედაგოგების სერტიფიცირება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება იყო.
“პედაგოგების სერტიფიცირების პროცესს, რომელიც ნებაყოფლობითია, 2010 წლის ზაფხულში დავიწყებთ. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას ვერ ჩააბარებენ, შეუძლიათ, ერთი წლის განმავლობაში კიდევ სცადონ”, - განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრაზე ის პრობლემებიც განიხილეს, რაც მუნიციპალიტეტის სკოლებს აქვთ.
“რუსულენოვან სკოლებთან დაკავშირებით მქონდა შეკითხვა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პარლამენტში შესულია პროექტი, რომლის თანახმად სომხურ და აზერბაიჯანულ სკოლადამთავრებულები შეღავათებით ისარგებლებენ, რატომღაც გამორჩათ რუსულენოვანი სკოლები. მინისტრი დამპირდა, რომ ამ საკითხს გადახედავს”, - გვითხრა ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ზედგინიძემ.
მესამე სომხური საჯარო სკოლის დირექტორის რობერტ მურადიანის შეკითხვა სკოლაში კომპიუტერების მცირე რაოდენობას ეხებოდა.
“600 მოსწავლე გვყავს და მხოლოდ ექვსი კომპიუტერი გვაქვს, მინისტრი დაგვპირდა, რომ ახალწლამდე ამ პრობლემას გადაგვიჭრის”, - აღნიშნა რობერტ მურადიანმა.
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი