ჩვეულებრივი განცხადება თუ გამოწვევა?!

 22 ნოემბერს, მიუნხენში, სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, უთანხმოების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების შესაძლო დაწყების შესახებ, განცხადება გააკეთა.  

მიუნხენში შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განცხადება გააკეთა. 


“ჩვენ მოლაპარაკებებს იმიტაციისათვის არ ვაწარმოებთ. შესაძლოა, ზოგიერთ საერთაშორისო წრეში მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი შეიძლება კვლავ უწინდებურად დარჩეს, მთავარია, ომი არ დაიწყოს. ჩვენი შესაძლებლობებით, ჩვენი სამართლებრივი საშუალებებით აუცილებლად ვისარგებლებთ. თუ სომხეთს ამ საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიდგას სერიოზული ნაბიჯები და აზერბაიჯანის მიწები დამპყრობლებისგან გათავისუფლდეს” (ახალი ამბები - აზერბაიჯანი), - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა ილჰამ ალიევმა გერანბოის რაიონიდან იძულებით გადასახლებულებთან შეხვედრისას. 

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებს და მოლაპარაკებების დროს დათმობებზე მხოლოდ სომხეთი უნდა წავიდეს. “ჩვენი დათმობა – ეს საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაა, მეტი არაფერი”, - დაამატა მან. 

პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის პრეზიდენტთან წელს უკვე მეექვსე შეხვედრაზე ასეთი განწყობითა და გადაწყვეტილებით გაემგზავრა. 

22 ნოემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მიუნხენში საფრანგეთის გენერალური საკონსულოს შენობაში შეხვდნენ. პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება მიუნხენში საფრანგეთის გენერალური საკონსულოს რეზიდენციაში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების იური მერზლიაკოვის (რუსეთი), ბერნარ ფასიესა (საფრანგეთი) და რობერტ ბრადტკის (აშშ) ინიციატივით შედგა. მოლაპარაკებები აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ელმარ მამედიაროვისა და ედვარდ ნალბანდიანის, ასევე, ეუთო-ს პირადი წარმომადგენლის ანჯეი კასპშიკის მონაწილეობით ჩატარდა. ილჰამ ალიევმა და სერჟ სარგსიანმა კვირა დღე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა შეთავაზებული უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში გაატარეს. 

“თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. ზოგიერთ სფეროში პროგრესის მიღწევაც მოხერხდა. ამავე დროს, საკითხების ნაწილი კვლავ ღიად რჩება”, - ვკითხულობთ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის განცხადებაში. 

თუმცა შეხვედრის დეტალები კულუარებს მიღმა რჩება. ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა განცხადების თანახმად, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს განხილულ საკითხებთან დაკავშირებით თანათავმჯდომარეებთან ერთად მუშაობის გაგრძელება დაავალეს. 

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ორი ათწლეულია გრძელდება. 1991 წლის 10 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ, რომლის მონაწილეთა 99,89 პრცენტმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს ოლქის აზერბაიჯანულმა უმცირესობამ ბოიკოტი გამოუცხადა და ის არც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. 1992 წლის 6 იანვარს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პირველი მოწვევის პარლამენტმა - მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის დეკლარაცია” მიიღო. 

1991-1994 წლებში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, რომლის მიმდინარეობისას სომხებმა ყოფილი აზერბაიჯანის სსრ-ის შაუმიანის რაიონიდან და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილიდან აზერბაიჯანელები გამოდევნეს, ხოლო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ, სომხეთის მხარდაჭერით, აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონზე კონტროლი დაამყარა, რაც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მხრიდან სომხური ძალების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციად იქნა კვალიფიცირებული. 

პრეზიდენტების შეხვედრას ალიევის განცხადებაზე მოსალოდნელი პასუხი, ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია. 

თუმცა ალიევის მიერ განცხადების გაკეთებამდე საკმაო ხნით ადრე აზერბაიჯანული ოპოზიციური გაზეთის “ენი მუსავატის” ინტერნეტ-გვერდზე, შემდეგ კი რუსული სააგენტოს “ახალი რეგიონის” საინფორმაციო ლენტში, სენსაციური ცნობა გამოქვეყნდა. საუბარია ოფიციალური ვაშინგტონის მიერ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თინა კეიდენაუს მეშვეობით, აზერბაიჯანისთვის ულტიმატუმის წაყენებაზე. ამერიკელი დიპლომატის გამოსვლების არსი ისაა, რომ თუ ბაქო ყარაბაღის პრობლემის სამხედრო გზით მოგვარებას შეეცდება, შეერთებული შტატები მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. ეს ინფორმაცია მასმედიის სხვა წარმომადგენლებმაც გაავრცელეს. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ელჯან პოლუხოვი აცხადებს, რომ მისთვის ყარაბაღთან დაკავშირებით ვაშინგტონის გეგმების შესახებ არაფერია ცნობილი. 

“დემოკრატიისა და მშვიდობის ცენტრის” პოლიტოლოგი არმენ მინასიანი მიიჩნევს, რომ ალიევის განცხადების სერიოზულად განხილვა არ ღირს. 

“ალიევის განცხადებას სერიოზულად არ უნდა მივუდგეთ, რადგან იგი სამხედრო შინაარსის მუქარას პირველად არ ახმოვანებს. მისი სიტყვები ყოველდღიურ განცხადებად შეგვიძლია მივიჩნიოთ”, - აღნიშნა პოლიტოლოგმა სააგენტო “ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში. 

მთიანი ყარაბაღის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ მასის მაილიანმა ილჰამ ალიევის სიტყვები სომხურ მხარეზე ზეწოლად და საერთაშორისო შუამავლების შანტაჟის მცდელობად შეაფასა. 

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი