სად და როგორ ერთობიან სტუდენტები და რა არის საჭირო იმისთვის, რომ თავისუფალი დრო სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გაატარონ.
სხვადასხვა კერძო სასწავლებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ქალაქში სტუდენტთა რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 1294 სტუდენტი სწავლობს. პატარა სტუდენტურ ქალაქში გასართობი დაწესებულებების ნაკლებობა რომაა, ეს მათი მხრიდან არაერთ შეხვედრაზე გაჟღერდა.
“ქალაქში სტუდენტისთვის გასართობი არ არის”, - ეს ფრაზაც ამ ბოლო დროს იმდენად ხშირად ისმის, რომ დავინტერესდით, რა სურთ სტუდენტებს და რა მიაჩნიათ გართობად.
“ისეთი ადგილები უნდა იყოს, სადაც ლექციების შემდეგ წახვალ და გაერთობი, მაგალითად პარკი, დისკოთეკა. ჩვენთან ძალიან პატარა და მოუწესრიგებელი პარკია. არც კინოთეატრებია, ერთი იყო და ისიც აღარ მუშაობს, მგონი”, - ამბობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი სალომე ზედგენიძე.
დღის მეორე ნახევარში, ქალაქის ცენტრში, სტუდენტების ჯგუფს თუ ვერ შენიშნავთ, ესე იგი დასვენების დღეებია. სხვა დღეებში კი მათი ნახვა ყველგან შეიძლება, გარდა კინოსა და თეატრისა (მცირე გამონაკლისის გარდა).
სტუდენტთა ნაწილი ამბობს, რომ კინოში უსახსრობის გამო ვერ დადის: ,,მაღალი ფასის გამო ვერ დავდივართ ,,დუბლში”, - გვითხრა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელსაც წაენოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ წელიწადზე მეტია, კინოთეატრი “დუბლი” სახინკლედ გადაკეთდა.
ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქალაქში კინოთეატრი აღარ არსებობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის პირველ სართულზე არსებული კინოთეატრი “სინემა” “კინოს მოყვარულ სტუდენტებს” ფილმების ჩვენებას სულ რაღაც 2 ლარად სთავაზობს. თუმცა, ხშირია შემთხვევა, როცა მაყურებლის არყოფნის გამო, ფილმები არ გადის.
რამდენიმე სტუდენტმა გართობისთვის კეთილმოწყობილი სკვერი და ატრაქციონები ისურვა. თეონა მანველიშვილი კი მეგობარი ბიჭების სურვილს შეუერთდა და გვითხრა, რომ კარგი იქნება, თუ ქალაქში ღამის კლუბები და ბარები იქნება: “ასეთ ადგილებში სტუდენტები გაერთობიან, დაისვენებენ, ერთმანეთს გაიცნობენ და დამეგობრდებიან”.
აჩიკო ყოლბაია თბილისიდანაა. მას მიაჩნია, რომ სტუდენტი თუ მოინდომებს, გართობასა და დასვენებას ყველგან შეძლებს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ამბობს, რომ უსახსრობის გამო კინოსა და თეატრში ხშირად ვერ დადის, მაგრამ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ მოწყობილ ფილმების ჩვენებას არსდროს აკლდება: “უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ბოლოს ფილმი “2012” აჩვენეს, რომელიც იმ პერიოდში თბილისის კინოტეატრებში გადიოდა. ახალციხეში ზრდასრულთა განათლების ცენტრია, სადაც ხშირად იმართება საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები. სტუდენტი თუ მოინდომებს, ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ თავისუფალი დრო სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გაატარო”.
განსხავავებული მოსაზრება აქვს თინათინ გაჩეჩილაძეს. იგი ფიქრობს, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურად რომ ჩაერთნონ, ხელშეწყობა სჭირდებათ: “ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები. მაგრამ კარგი იქნება, იმართებოდეს სტუდენტური დღეები, სპორტული ღონისძიებები, პოეტური საღამოები, მოეწყოს ექსკურსიები”.
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ ბერიძე ამბობს, რომ სტუდენტი ყველა დროში აქტიურია. მთავარია ეს როგორ გამოიხატება: ,,ჩვენი აქტიურობა გამოიხატებოდა ერთად ყოფნაში, პოეზიის საღამოებში, ხშირ ექსკურსიებში. თითქმის მთელი საქართველო გვაქვს მოვლილი. აქტიური სტუდენტობა გვყავს, მაგრამ მათ არ იციან რაში გამოხატონ ეს აქტიურობა”.
ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ინაური მიიჩნევს, რომ სტუდენტთა აქტიურობაზე მათი მატერიალური მდგომარეობა მოქმედებს: “მაგალითად, უმეტესობას არ შეუძლია კინოთეატრის ბილეთის აღება”.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლოზ ახალკაცი კი ამბობს, რომ სტუდენტებს გააქტიურებისათვის მიმართულების მიცემა სჭირდებათ: “სტუდენტობას ინტერესს თუ გავუღვივებთ, გააქტიურდებიან. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ინტერესი დაკარგეს”.
სტუდენტთა ნაწილთან საუბრისას შევიტყვეთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ხშირად იმართება ლიტერატურული საღამოები, ფილმების ჩვენება, ეწყობა ლაშქრობები და ექსკურსიები. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თავისუფალი დროის სასარგებლოდ გატარებისთვის საკმარისი არ არის და სტუდენტებისთვის ატრაქციონი, ღამის ბარი და დისკო კლუბი გაცილებით საჭირო და მნიშვნელოვანია.
ნათია ნებიერიძე,
ნათია მარტინენკო, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი