ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის ეთერ მერაბიშვილის განმარტებით, სამცხე-ჯავახეთში ვირუსი უკრაინიდან ბორჯომში დასასვენებლად ჩამოსულ ქალბატონს აღმოაჩნდა და ისიც უკვე რეგიონში აღარ იმყოფება.
მას შემდეგ რაც საქართველოში H1N1 –ის შემთხვევბმა მოიმატა, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა განკარგულება მიიღო, რეგიონში მოქმედი ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, მწვავე რესპერატორული დაავადებების შესახებ ინფორმაცია ყოველი კვირის ბოლოს შეაგროვოს.
“თუ საეჭვო შემთხვევაა, ყველა სამედიცინო დაწესებულება ინფორმირებულია, რომ ჩვენთან ანალიზები უფასოდ კეთდება”, - ამბობს ეთერ მერაბიშვილი.
მართალია რეგიონში დაავადების შემთხვევები არ არის, მაგრამ მოსახლეობაში პანიკა დღითიდღე ძლიერდება. ამას ის ფაქტიც ემატება, რომ ამ პერიოდში ყოველთვის ვრცელდება ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი.
მეექვსე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის მაია მექვაბიშვილის თქმით, სკოლებში პანიკას, ის გარემოება ქმნის, რომ თითქმის ყველა კლასში გაკვეთილს ხუთი ან ექვსი მოსწავლე აცდენს: “მათი უმრავლესობა სიცხითა და ფილტვების ანთებით წევს. ყოველ დღე, სკოლის თითქმის ყველა პედაგოგთან, უამრავი ზარი შემოდის და კითხულობენ, მართლა გავრცელდა თუ არა ჩვენ სკოლაში ღორის გრიპი. ზოგიერთი გვირეკავს და გვეუბნება, სხვა სკოლებში დაფიქსირდა და თქვენთანაც ხომ არ აღმოაჩნდა ვინმესო”.
ეთერ მერაბიშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში სამცხე-ჯავახეთში მოქმედ საავადმყოფოებში გრიპის დიაგნოზით შესული პაციანტების რაოდენობა მართლაც გაიზარდა: “ექვსი ანალიზი თბილისშიც გავგზავნეთ”. არაერთმა მოქალაქემ მიმართა ახალციხის რაიონულ პოლიკლინიკასაც. “თანამშრომლის ძმასაც აღმოაჩნდა, ჯანდაცვაში ტესტირება ჩაუტარდა, ვირუსი დაუდასტურდა ოღონდ B ჯგუფის და ამდენად საშიში არაა”, - ამბობს ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის დირექტორი თინათინ აბულაძე. მათი თქმით, უმეტეს შემთხვევაში ეს B ტიპის ვირუსია (ჩვეულებრივი გრიპი) და ამდენად მდგომარეობა საპანიკო ნამდვილად არ არის.
რაიონული საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგის, ექიმი-ინფექციონისტის ნუნუ აბდუშელიშვილის რჩევით, სიმპტომების გამოვლენისას ექიმტან ვიზიტი აუცილებელია: “მივიღოთ ტერაფლუ და ცე ვიტამინი. ანტიბიოტიკებს ექიმის გარეშე ნუ მივიღებთ. გარდა ამისა, არ შეიძლება ასპირინის დალევა 18 წლის ასაკის ქვემოთ მყოფი პაციენტებისთვის, ეს გრიპის შემთხვევაში ღვიძლის უკმარისობას იწვევს”.
თინათინ აბულაძის განცხადებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზეპირი ბრძანების საფუძველზე, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარების გამო გაიცა, პოლიკლინიკის ექიმები ვალდებულნი არიან პაციენტებს ბინზე მისვლით უფასოდ მოემსახურონ: “ათიდან ხუთ საათამდე ნებისმიერ პაციენტს შეუძლია პოლიკლინიკაში დარეკოს და ექიმი გამოიძახოს”.
თუ ფიქრობთ, რომ გრიპის ვირუსის სიმპტომები გაქვთ და ექიმის კონსულტაცია გესაჭიროებათ, შეგიძლიათ დარეკოთ ახალციხის რაიონულ პოლიკლინიკაში შემდეგ ნომრებზე: (8 265) 2 02 79 – მოზრდილთა რეგისტრატურა;
(8 265) 2 05 77 – ბავშვთა რეგისტრატურა;
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი