ათი დეკემბრის ვალდებულება

 სრულდება თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლი და რა მდგომარეობაა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყოველი წლის ათ დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი: “ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე, გაეცნოს ინფორმაციას დედანში. 

,,სამხრეთის კარიბჭემ” წერილობითი განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკრებულოს, ახალციხის რაიონულ სასამართლოსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას შემდეგი საჯარო ინფორმაციის მისაღებად:  


1. ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა დაცვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე 10 დეკემბერს წარდგენილი ანგარიშის ქსეროასლი.

2. გაცემული საჯარო ონფორმაციის ასლის გადაღების შედეგად შემოსული 
  თანხის ოდენობა.



ამავე კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება
ვალდებულია, დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოთხოვნილ ინფორმაციაზე ასეთი პასუხი მივიღეთ: ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 163 კორესპოდენცია, აქედან მოქალაქეთა განცხადებაა 15 და მომართვა დაწესებულება ორგანიზაციებიდან – 148. ყველა საჯარო ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაეცა პასუხი. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის არცერთი გადაწყვეტილება არაა მიღებული”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შედარებით ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა. კერძოდ, ვგებულობთ, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საკრებულოში 25 წერილობითი მიმართვა შევიდა. განმცხადებლებს შორის არიან: თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო, საჯარო სამსახურის ბიურო, ვეტერანთა საქმეების დეპატრტამენტის სამცხე-ჯავახეთის განყოფილება, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირი” და ასე შემდეგ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ძირითადად გაცემულია შემდეგი სახის ინფორმაცია: ახალციხის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების და განაკვეთების შესახებ და ასე შემდეგ.

ყველაზე დაწვრილებითი ინფორმაცია სამცხე–ჯავახეთის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა .  

,,ადმინისტრაციაში 2009 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით შემოსულია მოქალაქეთა 296 განცხადება, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გადმოგზავნილია - 91, მთავრობის კანცელარიიდან - 4 და საქართველოს პარლამენტიდან 8 განცხადება”.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში კონკრეტულ განცხადებებზეც არის საუბარი და მითითებულია პიროვნებების სახელები და გვარებიც.  

ანგარიშის წარდგენა ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გაცემის ზოგადი სურათის შექმნას უწყობს ხელს. შესაბამისად, პრეზიდენტსა და პარლამენტს შესაძლებლობა ეძლევათ, ერთგვარი მონიტორინგი განახორციელონ.  

აღსანიშნავია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის
სავალდებულო მოთხოვნა ანგარიშის წარდგენის თაობაზე, უმეტეს შემთხვევაში, არ სრულდება. საჯარო დაწესებულებების მიერ არის დარღვევები, კერძოდ, არ ხდება ანგარიშში საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის ასახვა. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ანგარიშში ეს ფაქტორი საერთოდ არ არის გათვალისწინებული. შეიძლება ითქვას ანგარიში მშრალია და საერთოდ არ პასუხობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყოველი წლის ათ დეკემბერს საჯარო დაწესებულების მიერ აღებულ ვალდებულებას, წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.

P. S ახალციხის რაიონულ სასამართლოსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გაზეთის შემდეგ ნომერში იხილავთ.

გულო კოხოძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი