ექსტერნი- სწავლის ხანგრძლივობის შემცირების საშუალება

 ექსტერნად ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება დასრულდა. წელს გამოცდების ექსტერნად ჩაბარებას ახალციხის, ვალისა და კლდის საჯარო სკოლების 27 მოსწავლე შეეცდება. 

ექსტერნად ჩაბარების უფლება მხოლოდ იმ მოსწავლეებს აქვთ, რომლებიც სკოლაში ერთი წლის დაგვიანებით, შვიდი წლის ასაკში შევდნენ. მათ შეუძლიათ ნებისმიერ კლასში ექსტერნატის ფორმით ჩააბარონ სრული ზოგადი განათლების პროგრამა და ერთი საფეხურით მაღალ კლასში გააგრძელონ სწავლა. 

 ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ლია ბერიძე განმარტავს, რომ გარდა მეთორმეტე კლასისა, ნებისმიერი კლასის გამოცდებს მოსწავლე თავისივე სკოლაში აბარებს: “მე-11 კლასის მოსწავლეები ამავე კლასის ყველა საგანსა და მე-12 კლასის პირველი ტრიმესტრის საგნებს აბარებენ. წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ისინი მე-12 კლასში გადადიან, მაგრამ იმისთვის რომ მე-12 კლასის ატესტატი აიღონ, საბოლოო გამოცდა თბილისში უნდა ჩააბარონ”.

მეთორმეტე კლასის ექსტერნად ჩაბარების მსურველები რეგისტრაციას მხოლოდ მაისში გადიან. ამის უფლება იმ მოსწავლეებს ეძლევათ, რომლებსაც იმ წლის 31 დეკემბრამდე 18 წელი შეუსრულდებათ. 
როგორც გაირკვა, გასულ წელს ექსტერნად ჩაბარების 24 მსურველიდან, გამოცდები წარმატებით ვერცერთმა ვერ ჩააბარა. 

ამჟამად საგანმანათლებლო რესურსცენტრში მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის ექსტერნად ჩაბარების მსურველებმა გაიარეს რეგისტრაცია. წინა წლებში, მეექვსე კლასის მოსწავლეს (თუ მან მეექვსე კლასში რაიმე მიზეზებით სწავლა შეწყვიტა) მეცხრე კლასის ატესტატის ასაღებად ექსტერნი გამოცდა მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის საგნებში უნდა ჩაებარებინა. წელს კი მოსწავლეს მეცხრე კლასის ატესტატის ასაღებად მხოლოდ ამ კლასის საგნების ჩაბარება მოუწევს. ამის შემდეგ მას უფლება ეძლევა სწავლა მეათე კლასში გააგრძელოს. 

იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მეცხრე კლასი წლების წინ დაამთავრეს, ზოგადი განათლების შესახებ კანონი საშუალებას აძლევს (ნებისმიერ ასაკში) მეთორმეტე კლასის ექსტერნი გამოცდები ჩააბარონ.  

მოსწავლეს ყველა იმ საგნის ჩაბარება უწევს, რომელსაც ის ეროვნული სასწავლო გეგმით გადის, გარდა სახელობო განათლების, ფიზიკური აღზრდისა და შრომისა.

“სკოლებს ბრძანებები უკვე გადაგზავნილი აქვთ, ამ კვირის ბოლომდე გამოცდების ცხრილებს შეადგენენ და ცნობილი გახდება გამოცდების ვადები”, - ამბობს ლია ბერიძე.  

ნათია ნებიერიძე, ახალციხე

2 comments:

  1. Dzaliant gtxovt vinc icit am eqsternis Sakitxe raime informacia. ra masala bardeba an saiti mainc rom momcet ro vnaxo momweret


    Skype: Leon_leon13

    ReplyDelete
  2. 2009 წლის ტესტების ნიმუშები
    http://www.allshares.ge/download.php?id=442D54A212

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი