როგორც ჩანს, მოსწავლეების მიერ გაკვეთილების გაცდენა იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ განათლების სამინისტროში სპეციალური ბრძანებულების მიღება გახდა საჭირო.
დოკუმენტში ჩამოთვლილია, ვისი პასუხისმგებლობაა მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრებადობის ანალიზი. ვინ, როგორ და რა სიხშირით უნდა გააკონტროლოს მოსწავლეთა აღრიცხვა და ვისი პრეროგატივაა დამრიგებელთა მიერ მოსწავლეთა დასწრება-არდასწრების აღრიცხვის მონიტორინგი. დოკუმენტი ცხადია, სხვა არაერთ ქვეთავს მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება მაინც მოსწავლეთა დასწრებიანობის აღრიცხვაზეა გამახვილებული.
დღევანდელი მდგომარეობით სკოლას განსაკუთრებით ხშირად უფროსკლასელები აცდენენ. ამათგან, კიდევ უფრო ხშირად აბიტურიენტები, რომლებიც ეროვნული გამოცდებისთვის რამდენიმე საგანში რეპეტიტორებთან ემზადებიან და სკოლისთვის დრო აღარ რჩებათ.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებზე დასწრება მკაცრად კონტროლდება. აღრიცხვის ჟურნალს ყველა სკოლაში, ყველა პედაგოგი აწარმოებს, გაცდენები დღის ბოლოს ჯამდება. ჟურნალში ჩამატება, გადასწორება ან შტრიხის გამოყენება აკრძალულია. ამაზე სკოლის დირექციაა პასუხისმგებელი.
მეორე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანა გუდაძე განმარტავს, რომ ჟურნალში პირველივე გრაფა მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვას ეთმობა: “ჟურნალშივე წერია, რომ თუკი ბავშვი 20 პროცენტს აცდენს არასაპატიო მიზეზით, მას გარკვეული სანქცია ეკისრება. ანუ ის აბარებს გამოცდას იმ საგანში, სადაც მეცადინეობა გააცდინა”.
ამავე სკოლის მეათე კლასის მოსწავლე გიორგი ზედგინიძე ამბობს, რომ გასულ წელს ხუთ საგანში მოუწია გამოცდის ჩაბარება: “იმიტომ, რომ გავაცდინე”.
გაცდენა ან საპატიო მიზეზით ხდება, ან არასაპატიოა. საპატიოდ ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე წარადგენს მშობლის განცხადებას ან ცნობას სამედიცინო დაწესებულებიდან.
“თუ მხოლოდ ერთი დღე აცდენს მოსწავლე სკოლას, მაშინ მშობლის განცხადება უნდა მოიტანოს. ხოლო თუ სამი და მეტი დღე არ გამოცხადდება გაკვეთილზე, მაშინ უკვე ექიმის ცნობას ვითხოვთ”, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ გაკვეთილების გარკვეული რაოდენობის გაცდენის შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარების გარეშე, მოსწავლეები ატესტატს ვერ მიიღებენ.
გაზაფხულსა და შემოდგომაზე განსაკუთრებით სოფლის სკოლების მოსწავლეებს უწევთ სკოლის გაცდენა.
“გვესმის, რომ მშობელს თუ მოზარდი შვილი ჰყავს, ის აუცილებლად უნდა წაიყვანოს ყანაში. ხანდახან ამინდს ეშურებიან და ამის გამო შეიძლება გააცდინოს მოსწავლემ სკოლა. მაგრამ ეს პრობლემა არ არის, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ და სამუშაოების დროს რამდენიმედღიან დასვენებას ვიღებთ. თუმცა შემდეგ, შაბათის ხარჯზე, აუცილებლად ვანაზღაურებთ გაცდენილ საათებს”, - განმარტავს სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი ლამზირა ჩხაიძე.
უფროსკლასელების უმეტესობას აღრიცხვის ჟურნალის ასე გამკაცრება არ მოსწონს. განსაკუთრებით აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდებისთვის ემზადებიან. გართულებული ეროვნული გამოცდების ფონზე, რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მათ ჩაბარება უჭირთ. გარდა ამისა, რეპეტიტორებს საკმაოდ სოლიდურ თანხებს უხდიან და მეცადინოების გაცდენას მათ სკოლის გაცდენა ურჩევნიათ. სათანადო მომზადების გარეშე კი სასწავლო გრანტს ვერ მიიღებენ და მომავალი მინიმუმ, ოთხი წლის განმავლობაშიც საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდა მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებში. რეპეტიტორობის ინსტიტუტი კი ამ დრომდე “არ მოიშალა”, როგორც ჩანს მდგომარეობა არც სკოლებში გამკაცრებულმა დისციპლინამ მოაგვარა და არც დამატებულმა მეთორმეტე კლასმა, რომელიც პრაქტიკულად სხვა არაფერია, თუ არა ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი