ახალი ვირუსით დაავადების შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგიური ცენტრის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა სააგენტო “მედიანიუსს” განუცხადა, რომ A/H1N1 ვირუსის შემთხვევები უკვე საქართველოს რეგიონებშიც გამოვლინდა, კერძოდ: ქუთაისში, ზესტაფონსა და ბორჯომში.
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის ფატი ხაბულიანის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, საბედნიეროდ, დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა: “პრევენციული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ტარდება. სამსახურში გვაქვს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები. ასევე გვაქვს ტესტები, რისი საშუალებითაც შესაძლებელია ეპიდემიის დადგენა. ექიმებიც ყველანაირად მომზადებულები არიან”.
რა არის A/H1N1?
A/H1N1 გრიპის ახალი ვირუსია, რომელიც იწვევს ადამიანთა დაავადებას გრიპით. ახალი ვირუსი პირველად დაფიქსირდა აშშ-ში, 2009 წლის აპრილში. ანალოგიური შემთხვევები ამჟამად დარეგისტრირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
ახლად გამოვლენილ გრიპის ვირუსს თავიდან უწოდებდნენ “ღორის გრიპს”, რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილო ამერიკაში ღორებში ცირკულირებს. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილო ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულარე ვირუსისგან. ახალი ვირუსის ორი გენი არის გრიპის ვირუსებიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში, ხოლო დანარჩენი ფრინველებსა და ადამიანში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. მეცნიერები ამ ვირუსს “ოთხმაგი რეასორტაციის” ვირუსს უწოდებენ.
როგორ გადაეცემა ვირუსი?
ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე, სავარაუდოდ, ისევე ხდება, როგორც სეზონური გრიპის ვირუსის. დაავადებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს, დაინფიცირებული წვეთები ხვდება მათ ხელებზე, სხვადასხვა ზედაპირზე, ან დისპერსირდება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს კონტამინირებული ჰაერიდან და დაინფიცირებულ ხელებთან, ზედაპირებთან შეხებისას, თუ იმავე დაუბანელი ხელით შეეხება საკუთარ თვალებს ან ცხვირ-პირს.
ვირუსის სიმპტომები
ახალი ვირუსის სიმპტომები მსგავსია ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომების: ცხელება, ხველა, ყელის კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილი; შემცივნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ დიარია და პირღებინება. მდგომარეობა გართულების შემთხვევაში ლეტალურად მთავრდება.
როგორ დავიცვათ გრიპისგან თავი
დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა თავის შეკავება იმ ადამიანთან კონტაქტისგან რომელსაც აღენიშნება ცხელება და ხველა; გარდა ამისა, აუცილებელია ხელების ხშირი და საფუძვლიანი დაბანა საპნით, სასურველია თხევადი საპნის გამოყენება. ეფექტურია ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება.
ფიზიკური აქტიურობა, კარგი გამოძინება, თავის არიდება სტრესებისთვის, საკმარისი რაოდენობით სითხისა და სასრგებლო საკვების მიღებაც ერთგვარი პრევენციაა.
პრევენციული ღონისძიებები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის ინფორმაციით, იგეგმება საინფორმაციო კამპანია ვირუსის შესახებ. ვიდეორგოლებისა და შესაბამისი გადაცემების საშუალებით მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას გრიპის თავიდან აცილების გზებზე. მისივე განცხადებით, ქვეყანაში პრეპარატების საკმარისი მარაგია.
ახალციხეში არსებულ აფთიაქებში ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ვერ აღმოვაჩინეთ. გამყიდველები ამბობენ, რომ მედიკამენტზე მოთხოვნა არ არის და ჯერ არ მოუმარაგებიათ. რამდენიმე ადგილობრივმა კი გვითხრა, რომ პანიკაში ჩავარდნილი მოსახლება წინასწარ ყიდულობს საჭირო მედიკამენტებს და ამიტომ, ფაქტობრივად, ადგილობრივ აფთიაქებში წამალი უკვე აღარ აქვთ.
ექიმის რჩევა
ექიმების რჩევის თანახმად, დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებთან ერთად თუ შესამჩნევია მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელებაც, აუცილებელია ვიზიტი ექიმთან.
ავადმყოფის მოვლა ოჯახურ პირობებში
ავადმყოფი უნდა იწვეს განცალკევებით ოჯახის სხვა წევრებისაგან; მისი მოვლისას აუცილებელია ცხვირსა და პირზე ნიღაბის აფარება, რომლის დამზადება ოჯახურ პირობებშიც შესაძლებელია. მაგალითად, ოთხფენოვანი დოლბანდისაგან. გამოყენების შემდეგ ნიღბები უნდა გადაიყაროს ან სათანადოდ გასუფთავდეს: გაირეცხოს და გაუთოვდეს.
გარდა ამისა, საჭიროა ხშირად განიავდეს ის ოთახი, სადაც ავადმყოფი წევს. აუცილებელია საოჯახო დეზინფექტანტიანი გამწმენდი საშუალებების გამოყენება.
A(H1N1) გრიპის შესახებ ინფორმაცია აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდიდან.
ნინო ნარიმანიშვილი,
მანანა სარაშვილი, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი