სომხები და აზერბაიჯანელები საზღვრებში და საზღვარს მიღმა

როგორ აისახა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებზე; ორი ერის ცხოვრება და ურთიერთდამოკიდებულება თავიანთ ქვეყნებსა და საქართველოში. 

მეორე ათწლეულია, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მოუგვარებლად რჩება. ამ წლების განმავლობაში ორ ერის წარმომადგენლებს შორის უარყოფითი დამოკიდებულება გაჩნდა და გაღრმავდა. კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორის ლაურა ბაღდასარიანის თქმით, ორივე ხალხის ცნობიერებაში “მტრის ხატი” ჩამოყალიბდა: “მტრის ხატი, სინამდვილეში, ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე არსებობდა. ცარიელ ნიადაგზე კონფლიქტის წარმოშობა შეუძლებელია. ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობისას კი მტრის ხატი გაღრმავდა. დღეს, სამწუხაროდ, ხალხთა ცნობიერებიდან მტრის ხატის ამოშლისაკენ მიმართული პოზიტიური ნაბიჯები არ იდგმება და ეს, პირველ რიგში, ოფიციალურ მხარეთა პოზიციას უკავშირდება. მხარეთა შორის ურთიერთობის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგან მაგალითად, აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიციით, აზერბაიჯანელებმა არ უნდა იმუშაონ და კონტაქტი არ ჰქონდეთ სომხებთან, ვიდრე კონფლიქტი არ მოგვარდება. ეს ძალიან აგრესიული პოზიციაა, რადგან ის ურთიერთობისა და ერთმანეთის პოზიციის აღქმის შესაძლებლობას არ იძლევა. სომხეთიც რომ ასეთივე პოზიციას ინარჩუნებდეს, მხარეებს შორის სრული ვაკუუმი იქნებოდა და ამიტომ არ გვაქვს შესაძლებლობა ვთქვათ, რომ “მტრის ხატის” პრობლემა ახლო მომავალში მოგვარდება”.


მრავალი წელია, ოფიციალური სომხეთი და აზერბაიჯანი სხვადასხვა ინსტანციებში საერთო ენის მონახვას ვერ ახერხებენ. 

“აზერბაიჯანში ხალხის ნაწილი, ისევე როგორც ყველგან, სომხებისადმი აგრესიულადაა განწყობილი, ნაწილი კი ყველაფერს გაგებით ეკიდება. მოსაზრებები სულ სხვადასხვაა. ამ ეტაპზე აზერბაიჯანში სომხები ცხოვრობენ, ისინი თავისუფლად დადიან ყველგან, მათ ხელს არავინ ახლებს და არც აქვთ ამის უფლება. სომხეთში ცხოვრობს ერთი აზერბაიჯანელი მაინც? არა!”, - ამბობს აზერბაიჯანის პრესის საბჭოს წევრი ანნა ბარტყულაშვილი. 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ასეთი დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, საქართველოს სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, 2002 წლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გვერდი-გვერდ ცხოვრობდა 248 929 სომეხი და 284 761 აზერბაიჯანელი. ლაურა ბაღდასარიანმა განმარტა, რითი განსხვავდებიან საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები თავად სომხეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრებთაგან:
“საქმე ისაა, რომ არსებობს პატრიოტიზმის ერთგვარი ოფიციალური ფორმულა, რომელსაც ოფიციალური ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში იყენებს. მოცემული საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა ამ ფორმულის მიხედვით უნდა იცხოვროს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებები და საქართველოში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი სომხები და აზერბაიჯანელები, სხვადასხვა საზოგადოებებია, რადგან მათ განსხვავებული ოფიციალური ფორმულა აქვთ. საქართველოს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი სომხები და აზერბაიჯანელები არ იმყოფებიან პატრიოტიზმის იმ ფორმულის გავლენის ქვეშ, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებობს”.

ანნა ესაიანი რუსთავის მესამე რუსულენოვანი საჯარო სკოლის მე-10 კლასში სწავლობს. იგი აზერბაიჯანელებთანაც მეგობრობს და ქართველებთანაც. ჩვენ ვცადეთ, ამ სკოლის მოსწავლეებისგან გაგვეგო, რა ურთიერთობა აქვთ აზერბაიჯანელ და სომეხ ბავშვებს ერთმანეთთან. სკოლის დირექტორი ბექა შათიფაშვილი ამბობს, რომ მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ და კონფლიქტები ეთნიკურ ნიადაგზე არასდროს ყოფილა: “ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების მოსწავლეები ხშირად ამბობენ, რომ მათი მეგობრობის შესახებ დოკუმენტური ფილმი უნდა გადაიღონ. ეს ყველასთვის სამაგალითო იქნება”. 

“პირველი კლასიდან ვმეგობრობ ელვინა მამედოვასთან. მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბეთ, ისიც რაღაც წვრილმანის გამო. ახლა ვნანობ იმ დროზე, როცა არ ვმეგობრობდით. ახლა ერთმანეთს ყველაფერში გვერდში ვუდგავართ”, - ამბობს ანნა ესაიანი.

დაახლოებით ასეთივე მეგობრობის ისტორიები მოვისმინეთ სხვა ბავშვებისგანაც. 

“ურთიერთობები ნორმალურია. მე მათთან არ ვმეგობრობ, მაგრამ კონფლიქტიც არ მაქვს. როდესაც საქმეა, სომხები, აზერბაიჯანელები და ქართველები ერთად არიან. თუ რაიმე მოხდება, საქმე პოლიციასთან გექნება. ისინი აკონტროლებენ, რომ ეროვნულ ნიადაგზე პრობლემები არ გაჩნდეს”, - ამბობს არტემ დავიდიანი მარნეულიდან. 

ზულფია მუსაევა ქალაქ გარდაბანში ჟურნალისტად მუშაობს. მას სომხებს შორის ბევრი მეგობარი და კოლეგა ჰყავს: “ბევრ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა, სადაც სომხეთში და საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები მონაწილეობდნენ. თავიანთ ქვეყნებში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანლებს შორის ერთმანეთის სიძულვილი იგრძნობა. ჩემთვის ეს უცხოა. გარდაბანში კი ამ ნიადაგზე კონფლიქტური სიტუაციები არ იქმნება. სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობები ისეთია, როგორც ჩვეულებრივ მეზობლებსა და ნაცნობებს შორის”. 

ნოდარ გუგუტიშვილი რუსთავში ცხოვრობს და მუშაობს, მასაც ბევრი სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგა ჰყავს: “რუსთავში, დიდ ქარხანაში ვმუშაობ. ჩვენთან სომხებიც არიან და აზერბაიჯანელებიც. როდესაც საუბარი ყარაბაღს ეხება, ვცდილობთ, თემა არ განვავრცოთ. რადგან ვიცით, რომ ეს მათთვის მძიმე საკითხია. კამათი სწრაფად მთავრდება ხოლმე და ჩვენც ვასკვნით, რომ წარსულის გულისთვის დღევანდელი ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს”. 

საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს, მსუბუქად რომ ვთქვათ, “ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ”.  

“თავადაც ხომ გესმით, დიდი ხანია, საქართველოში აზერბაიჯანელებთან ერთად ვცხოვრობ და დადებითი განწყობაც აქედან გამომდინარეობს. რასაკვირველია, ზოგადად, მათი წინააღმდეგი ვარ, მაგრამ აზერბაიჯანელებს შორის არიან ჩემი თანაკლასელები. ხალხი, ვისთან ერთადაც გავიზარდე და აზრად არ მომივა, მათდამი მტრულად განვეწყო. ეს საკითხი საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის მეტად რთულია”, - ამბობს თბილისელი მარინა ადამოვა. 

რომან აბდულაევს სომხებთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია: “სომხებისადმი ძალიან კარგად ვარ განწყობილი, მათში ბევრი მეგობარი მყავს. ჩვენს შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა. არ მახსოვს, ვინ თქვა, მაგრამ სწორად არის ნათქვამი – ცუდი ერი არ არსებობს, არსებობენ ცუდი ადამიანები”.

ჟანა ცატურიანი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მისი თქმით, სკოლაში სწავლის პერიოდში ეროვნებას მნიშვნელობა არ ჰქონდა: “აზერბაიჯანელებთან ერთად ვსწავლობდი. ერთ აზერბაიჯანელ თანაკლასელთან დღემდე მიმოწერა მაქვს. მაშინ ეროვნებას ყურადღებას არავინ აქცევდა და ჩვენ მეგობრები ვიყავით. ახლა კი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ახლახანს თანაკლასელმა ბაქოში მიმიწვია, ჩემთვის კი აზერბაიჯანის საზღვარი დაკეტილია. რომც შემიშვან, იქ ჩასვლის მეშინია”. 

ანნა ბარტყულაშვილის აზრით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის კონფლიქტები, ძირითადად, სოციალურ ნიადაგზე ხდება. 

“ჟურნალისტიკაში ვმუშაობ და, შესაბამისად, ვიცი, რომ კონფლიქტები ძირითადად ეროვნულ ნიადაგზე ხდება. რაღაც ისტორიულ ფონზე. ვფიქრობ, ეს მაინც გარკვეულ დაჯგუფებათა პოლიტიკაა, რომლებიც, როგორც ამბობენ, ცუდი რეჟისორის ცუდი სცენარივით არიან. საერთოდ, ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია, თუ წყალს არავინ აამღვრევს. ეს ვიღაც კი შეიძლება გარედან იყოს, შეიძლება შიგნითაც”, - ამბობს ანა ბახუტხულაშვილი. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი