არაქართველებისთვის უმაღლესში მოხვედრის შანსი იზრდება
არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები გამარტივდა. უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად არაქართველი ახალგაზრდები მხოლოდ ერთ გამოცდას, უნარ-ჩვევებს ჩააბარებენ და იმასაც მშობლიურ ენაზე.
2010-2011 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები კონტიგენტის 12 პროცენტი შემდეგნაირად გადანაწილდება: ხუთ-ხუთი პროცენტი სომხურ და აზერბაიჯანულ, თითო-თითო კი აფხაზურ და ოსურ სკოლადამთავრებულთათვის.
არაქართველი ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელში ერთი გამოცდით მოხვდებიან და პირველ წელს მხოლოდ ქართულ ენას შეისწავლიან. ამ მიმართულებით მათ 60 სავალდებულო კრედიტი უნდა დააგროვონ. ასევე, უფლება ეძლევათ არჩევით საგნებად უცხო ენასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში 15 კრედიტი მოაგროვონ.
იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ქართული ენას კარგად ფლობენ, შეუძლიათ ოთხივე გამოცდა ჩააბარონ და ერთს პლიუს ოთხის ნაცვლად, პირდაპირ ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხონ.
“როგორც ჩანს, ეს დრომ მოიტანა. ფაქტია, რომ რეგიონებში, სადაც არაქართული მოსახლეობა კომპაქტურადაა დასახლებული, ნაკლებად, ან საერთოდ ვერ ფლობენ ქართულ ენას”, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი მერაბ ბერიძე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნიკა გვარამიას განცხადებით, ეროვნულ გამოცდებში ცვლილება იმიტომ შევიდა, რომ სტატისტიკური მონაცემებით, დაბალია აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აბიტურიენტების რაოდენობა და: “კიდევ უფრო დაბალია ჩაბარების მაჩვენებელი”.
სამცხე-ჯავახეთში, 2002 წლის აღწერების მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა 207 598 შეადგენს, აქედან 89 995 ქართველია, 113 347 კი სომეხი. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით, 2009 წელს დარეგისტრირებული 274 016 აბიტურიენტიდან სომეხი მხოლოდ ხუთი იყო, 11 შერეული.
აღნიშნული მეთოდი სამცხე-ჯავახეთში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისთვის ნაცნობია. 2002 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალში სტუდენტები ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას სწავლობდნენ. მოსამზადებელი კურსები მოქმედებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალშიც.
“მისაღებ გამოცდებზე 119 კაციდან 60 პროცენტი სომხურსკოლადამთავრებული იყო და უმაღლეს სასწავლებლებში ყველა ჩაირიცხა, ვინც კი მოსამზადებელ კურსებზე დადიოდა”, - გვიხსნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საბაკალავრო პროგრამებით – კოლეჯის რექტორი როინ ყავრელიშვილი.
ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან გრძელიშვილი ცვლილებას დადებითად აფასებს. თუმცა ფიქრობს, რომ არაქართულენოვანი ახალგაზრდების ნაწილი განათლებას კვლავ საზღვარგარეთ მიიღებს: “აქ პრობლემა მხოლოდ ენის ბარიერი არაა, იქ ნათესავები და მეგობრები ჰყავთ. სახელმწიფოს სწორი კურსი აქვს აღებული. სასაყვედურო აღარაფერი ექნებათ, საშუალება ეძლევათ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარონ”.
ცვლილებას არაქართულენოვან სკოლებშიც მიესალმებიან.
“ინტეგრირების თავალსაზრისით ეს კარგი იქნება სახელმწიფოსთვისაც.
საქართველოს სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნობენ თავს, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან, დასაქმდებიან საჯარო დაწესებულებებში. აქამდე ენა იყო ბარიერი. აღარც სომხეთში წავლენ სასწავლებელად” - ამბობს ახალციხის მესამე საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი როზა პეტროსიანი.
რეგიონში 209 სკოლაა, აქედან 100 ქართულია, 101 სომხური და 8 რუსული.
სხვილისის სომხურ საჯარო სკოლაში 135 მოსწავლეა. დირექტორის ხანგიანუს არსენიანის თქმით, ის მოსწავლეები რომლებიც სკოლას წარჩინებით ამთავრებენ სასწავლებლად ერევანში მიდიან: “შარშან შვიდი მედალოსანი გვყავდა და ყველა სომხეთში წავიდა. ჩვენთან სომხები კომპაქტურად ცხოვრობენ, ამიტომ ბავშვებმა ქართული არ იციან”.
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის ნანა გუდაძის თქმით, რუსულ სექტორზე მოსწავლეების უმრავლესობა ეროვნებით სომეხია: “ჩვენთან ბაშვებმა ქართული ენა ისე იციან, რომ მისაღები გამოცდების ჩაბარება არ გაუჭირდებათ”.
სამცხე-ჯავახეთში სტუდენტობისთვის აზერბაიჯანულსკოლადამთავრებულებიც ემზადებიან.
“ოთხი მაჰმადიანი მესხი აბიტურიენტი გვყავს, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია “ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი. იგი ცვლილებას მიესალმება, თუმცა ფიქრობს რომ უნარ-ჩვევებთან ერთად ქართულ ენასაც უნდა აბარებდნენ, გამარტივებული ტესტებით მაინც: სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მაჰმადიანი მესხები, ისინი სოციალურად დაუცველები არიან, არსად მუშაობენ და შემოსავალი არ აქვთ”.
განათლების მინსტრი აცხადებს, რომ “არაქართულენოვან სკოლადამთავრებულთათვის ცალკე ადგილები და ცაკლე დაფინანსება იქნება”, თუმცა, ეს ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.
მიუხედავად შეღავათებისა მოსწავლეების ნაწილი სწავლის გაგრძელებას მაინც საზღავრგარეთ აპირებს. მესამე საჯარო სკოლის ექვსი მეთორმეტეკლასელიდან საქართველოში ორი გააგრძელებს სწავლას: ნარინე ლულუკიანი ოთხ გამოცდას ჩააბარებს, ჰაიკანუშ ხაჩატურიანი კი ერთს.
“ერევანში იურიდიულზე უნდა ჩავაბარო, იქ ბევრი ნათესავი მყავს. გარდა ამისა, ერთ წელიწადში ისე ვერ ვისწავლი ენას, რომ წაკითხული ლექციების შინაარსი გავიგო”, - ამბობს ევგენია ტონაკანიანი.
რესურსცენტრში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში იმედოვნებენ, რომ არაქართულენოვანი სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება. როგორ განსაზღვრავენ აბიტურიენტები პრიორიტეტს და რამდენად დაძლევენ ერთწლიანი სწავლების შემდეგ არაქართველი სტუდენტები ქართულ ენაზე წაკითხულ ლექციებს, მაქსიმუმ ორ წელიწადში გამოჩნდება.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი