ახალცხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში ერთი თვის წინ ჩანგრეული ხიდის აღდგენა იწყება. ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა გადმორიცხულია, თუმცა ამ დრომდე ცნობილი არაა, რომელი კომპანია შეასრულებს სამშენებლო სამუშაოებს.
ახალცხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში მდინარე მტკვარზე გადებული ხიდის ჩანგრევის მიზეზებისა და მსხვერპლის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” გასულ ნომრებში წერდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ მთავრობასთან, რათა ხიდის აღდგენისათვის საჭირო თანხა მიეღოთ. გარდა ამისა, ითხოვდნენ სამუშაოების შემსრულებლის ტენდერის გარეშე შერჩევის ნებართვას, რათა მშენებლობა დროულად დაწყებულიყო და ზამთრამდე დასრულებულიყო.
შემთხვევიდან ერთი თვე გავიდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, რომ ხიდის მშენებლობისთვის საპროექტო სამსახურთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
“საპროექტო სამსახურთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ეს სამსახური თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დადგინდება მშენებლობის ყველა დეტალი”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი.
საქართველოში სულ რამდენიმე სამშენებლო კომპანიაა, რომელთაც ხიდის მშენებლობა შეუძლიათ. მართალია, ადგილობრივი ხელისუფლება ტენდერით ვადის გაჭიანურებას და ზედმეტ პროცედურებს მოერიდა, მაგრამ მშენებელი ამ დრომდე შერჩეული არაა. ჯერ არც ისაა დაზუსტებული, როგორი კონსტრუქციის იქნება ახალი ხიდი. შეგახსენებთ, ეს ერთადერთი ხიდია, რომელიც სოფლის მოსახლეობას სახნავ-სათესებთან და საძოვრებთან აკავშირებს. გამგეობაში ამბობენ, რომ სამშენებლო კომაპნიას უახლოეს მომავალში შეარჩევენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი ხიდი აშენდება.
“ვფიქრობთ, რომ უმჯობესია კაპიტალური ხიდი გაკეთდეს და არა ისევ ისეთი დაკიდული, როგორიც ადრე იყო”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მისივე თქმით, ახალი ხიდის მშენებლობისთვის დაახლოებით 380 000 ლარია საჭირო. თანხის უმეტესი ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია: “ადგილობრივ ბიუჯეტში იმდენი თანხა არ არის, მით უმეტეს წლის ბოლოს, რომ მთლიანი თანხა გამოვყოთ. ამიტომ დახმარება ვთხოვეთ ცენტრალურ ბიუჯეტს და 300 000 ლარი გამოყვეს. დანარჩენი ჩვენი ბიუჯეტიდან მოვიძიეთ”.
წნისში იმედი აქვთ, რომ ხიდის მშენებლობა საგაზაფხულო სამუშაოებამდე მაინც დასრულდება.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი