ყველას, ვინც საქართველო-სომხეთის საზღვარს კვეთს, გრიპის A/H1N1 ვირუსით შესაძლო დაავადების აღმოჩენის მიზნით, საკონტროლო-გამშვები პუნქტის სანიტარულ განყოფილებაში აუცილებლად ამოწმებენ.
ექიმები მგზავრებს დაავადების სიმპტომებსაც აცნობენ და აფრთხილებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს.
საზღვარს ძირითადად სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები კვეთენ. ამ ეტაპზე სომხეთში დაავადების მხოლოდ ექვსი შემთხვევაა დაფიქსირებული, ორი ავადმყოფი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.
ამ დაავადებას ზოგი მოქალაქე სერიოზულად არც აღიქვამს.
“არაფრის მეშინია და არც პროფილაქტიკა და სიფრთხილის ზომები მჭირდება”, - გვითხრა საზღვარზე გადასვლისას ერთ-ერთმა მგზავრმა.
“ტელევიზიით მოვისმინე, რომ გრიპი საქართველოშიც დაფიქსირდა. ექიმთან გასინჯვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა, ვფიქრობ, რომ სერიოზული საფრთხე არ არსებობს”, - ამბობს მეორე მოქალაქე, რომელიც იმ წუთებში გასინჯა მედდამ.
სამედიცინო პერსონალის თქმით, ხშირად მგზავრები უხეშობენ: “თუმცა, ბევრი მუშაობისთვის მადლობასაც კი გვიხდის. ვცდილობთ, ყველა მოქალაქისადმი კეთილგანწყობილი ვიყოთ”.
სპეციალისტების თქმით, გრიპის ეს ფორმა განკურნებადია.
“პანიკისთვის საფუძველი არ არსებობს. უკიდურესობებში გადავარდნა და ცხოვრების ჩვეული წესიდან გადახვევა არ ღირს. ჯანდაცვის მსოფლიო ცენტრის ექიმები ყველაფერს აკონტროლებენ. ერთადერთი, რის გაკეთებასაც აუცილებლად მივიჩნევ, სიმპტომების აღმოჩენისას ექიმთან მისვლაა”, - ამბობს სომხეთის რესპუბლიკის ჰიგიენის ინსპექციის ხელმძღვანელი არდავაზდ ვანიანი.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი