ბიუჯეტი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის გარეშე

26 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ბიუჯეტი გამოქვეყნებიდან 30 დღეში დამტკიცდება.

პროექტი საკრებულოს დეპუტატებს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ზურაბ ჯინიუზაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, მიმდინარე წელთან შედარებით მომავალი წლისთვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი შემცირდა. თუ მისი ოდენობა მიმდინარე წელს 184 ათასი ლარი იყო, მომავალი წლისთვის 175 ათასით განისაზღვრა.  

“ტრანსფერისთვის პრიორიტეტები გაგზავნილი გვაქვს – ქუჩები, წყალი, ნარჩენების გატანა. ბიუჯეტის დამტკიცებამდე გაირკვევა, რა დაფინანსდება ტრანსფერებით, რომ ჩვენი თანხებით იგივე პრიორიტეტები აღარ განვსაზღვროთ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი. 

ზურაბ ჯინიუზაშვილის განმარტებით, პროექტში გაჩნდა ახალი მუხლი მუნიციპალიტეტისათვის სპეცტექნიკის შესაძენად; არ შეცვლილა აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს ხარჯები; შემცირებულია კულტურული ღონისძიებების დაფინანსება; 10 ათასით მოიმატა სტიქიით დაზარალებულთა დახმარებამ. 

“სტიქიით დაზარალებულთა განცხადებები აღემატება რეალურად არსებულ თანხას. ალბათ ამ 10 ათასით ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება. ეს თანხა სოციალურ პაკეტში გაწერილ 488 ათასს დაემატება”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ ბერიძე. 

ძირითადი ცვლილება, რომელიც 2010 წლის ბიუჯეტს შეეხება, ესაა გამოთანაბრებული ტრანსფერის ფორმულა. 

“2010 წლის ადგილობრივი შემოსავლები 2009 წლის ადგილობრივი შემოსავლებს ნახევარი მილიონით გადააჭარბებს”, - განმარტავს ვასილ ბერიძე და ამატებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გაზრდილია მოსაკრებლების რაოდენობა: “მიმდინარე წელს დასუფთავების მოსაკრებლის მხოლოდ ოცი პროცენტი ამოვიღეთ, მაგრამ გასულ თვეებთან შედარებით, ბოლო დროს უკეთესი ტენდენცია იკვეთება. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიმდინარე წელთან შედარებით მოსაკრებელი გავზარდოთ”.
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ოლეგ სანდროშვილის თქმით, ჯერ წარმოდგენილი არაა, კონკრეტულად რა თანხა რაში უნდა ჩაიდოს. ამიტომ, რეალური ანალიზის გაკეთება რთულია. თუმცა აშკარაა, რომ თითქმის მესამე წელია, პრიორიტეტები უცვლელია: “გზების საკითხი “დაიძრა ადგილიდან”, მაგრამ ის, რაც ყოველთვის გადაუწყვეტელია – წყალი და დასუფთავება - ამ ბიუჯეტმა, მიუხედავად სიდიდისა, მაინც ვერ გადაწყვიტა. ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის შვიდი მილიონი არაა ცოტა თანხა,
მაგრამ საქართველოში ყველაზე უსუფთაო ქალაქი ჩვენ გვაქვს. რაც შეეხება წყალს, მრიცხველებს რომ დააყენებენ, არავინ იცის, რა იქნება შემდეგ. შიდა ქსელი მოუწესრიგებელია, მოსახლეობა ონკანებს დაკეტავს, გაიყინება და გადასათხრელი გახდება დაგებული გზები”. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან ხინთიბაძის განმარტებით, პრიორიტეტები ეს კიდევ უფრო გლობალური თემატიკაა, ვიდრე მხოლოდ ერთი ფისკალური წლის ბიუჯეტი: “აუცილებელია, ცალკეულმა თვითმმართველობებმა შეიმუშაონ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამები, სადაც განსაზღვრული იქნება მუნიციპალიტეტის მოკლე და გრძელვადიანი (მაგალითად ორი ან ხუთწლიანი) განვითარების პერსპექტივები, საერთო მიზნები და მიღწევადი კონკრეტული შედეგები, ცალკეული გაზომვითი ინდიკატორებით”.

ხინთიბაძის თქმით, ეს ყველაფერი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს: “წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამა იქნება არაადეკვატური. ყოველი წლის ბიუჯეტი სწორედ ამ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას უნდა მიჰყვეს. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, მსგავსი საკითხის რეალიზების სურვილიც კი არაა და ეს არა მხოლოდ ახალციხეს ეხება”.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

,,ახალი ენერგია” საყუნეთიდან

 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში 28-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური ,,მტკვარიჰესი” აშენდება. როგორია ადგილობრივების კომენტარები და მათი დასაქმების პერსპექტივა.

სოფელ საყუნეთში გზა მოხრეშილია. ადგილობრივები იმედოვნებდნენ, რომ ჰესის მშენებლობისას სოფლის გზაც გაკეთდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდება, რადგან ჰესამდე მისასვლელად მდინარე მტკვარზე ხიდი გაკეთდება და სოფლის გზის ნაცვლად ცენტრალური მაგისტრალიდან ჰესამდე გზა პირდაპირ მივა. 
,,ვაკეთებთ ხიდს, სოფლის გზა ახლა გვჭირდებოდა, რომ შემოვსულიყავით და მოსამზადებელი სამუშაოები დაგვეწყო. მერე ეს გზა აღარ იქნება საჭირო. ხიდს ჩვენი კომპანია ააშენებს”, - ამბობს კომპანია ,,ჰიდროენერგომონტაჟის” ექსკავატორის ოპერატორი გია ხომასურიძე.
 მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაესწრნენ. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს არის ყველაზე დიდი მშენებლობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ,,მტკვარიჰესი” კი ქვეყანაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური იქნება. მიხეილ სააკაშვილმა ჰესის საძირკველში კაფსულა ჩადო, რომელშიც მისი მიმართვაა მოთავსებული.

მისივე განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ადგილობრივებიც დასაქმდებიან, რასაც სკეპტიკურად უყურებს სოფელ საყუნეთის მოსახლეობა. 

“განცხადებები და დაპირებები კეთდება, მერე კომპანიებს თავიანთი მუშახელი ჩამოჰყავთ”, - ასეთია ადგილობრივების პოზიცია. 

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დაკავებულ პერსონალს მიაჩნია, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება უსაფუძვლოა. მშენებლობაზე დაახლოებით 350 კაცი დასაქმდება და ისინი ნამდვილად ადგილობრივები იქნებიან. 

ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

,,გავჭერით და მიწა გამოგვაქვს საძირკველის ჩასასხმელად. მოგვიწევს მთების გამოღება, რომ შენობა-ნაგებობები ავაგოთ მომსახურე პერსონალისთვის”, - ამბობს გია ხომასურიძე. M
მისივე განმარტებით, სოფელ საყუნეთის მიდამოებში წყალი არ დაგუბდება. გვირაბი გაიჭრება და ვარდნილი კაშხალი გაკეთდება: “პირდაპირ შევდივართ კლდეზე და გვირაბით გავდივართ ასპინძაში. წყალი წამოვა გვირაბით”. ტერიტორიაც სწორედ ამ კუთხითაა შერჩეული: ,,აქედან გაჭრილი გვირაბი ასპინძის მხარეს პირდაპირ უკავშირდება მტკვარს”.
კომპანია ,,კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა” მშენებლობაზე 70 მილონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორცილებს. სამშენებლო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება. 

გულო კოხოძე, ახალციხე 

დევნილები გაურკვეველი ვადით

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ორგანიზებით, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული გორის მუნიციპალიტეტის სოფლები მოენახულებინათ.


ძველი სოფელი - ტყვიავი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში დაბნელებისას მოგვიწია ჩასვლა. ირგვლივ სიმშვიდეა, თუმცა, როცა მოსახლეობას დაელაპარაკები, მიხვდები, რომ სიმშვიდე მოჩვენებითია.

აქაურები იხსენებენ, როგორ იღუპებოდნენ მათი მეზობლები. ,,რუსები როცა შემოვიდნენ, ვინც კი გზაზე დახვდათ, ყველა დაცხრილეს”, - ამბობენ ისინი. 

სოფელ ტყვიავში აგვისტოში შვიდი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ყვებიან, რომ ძალიან უჭირთ და სახელმწიფოსგან დხმარება მცირეა.

,,იაშიკები” დაგვირიგეს მოსავლის ასაღებად”, - ამბობენ ირონიით.

სოფელ ტყვიავის რწმუნებულის ომარ ხაბაზიშვილის განცხადებით, დახმარებები იყო და მომავალშიც იქნება, რასაც იქვე მდგომი ქალბატონების აღშფოთება მოჰყვა: ,,კარგით რა, ბატონო ომარ, ეგ დახმარება იყო?! მოგვცეს რაღაც მაგიდები და სკამები, რომელიც უკვე დაიშალა, გარდირობი პატარა, ეგ რა ,,ვეში” იყო?!“

ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობა არ თქვა, გვითხრა, რომ აგვისტოს ომში მისი სახლი დაიწვა: “მარტო 15 ათასი დოლარი მოგვცეს. სახლში რაც ავეჯი იყო, ყველაფერი დაგვეწვა. ელემენტარული რაღაცებიც არ მოგვცეს. იმ ფულით სახლიც ვერ ავაშენე, სხვა სახლი ვიყიდე, ის ძველი, დანგრეულია”. 

ამავე ქალბატონის თქმით, ხელისუფლება ორი თვე ჰპირდებოდა მაცივრის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას, თუმცა დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. 

,,როცა მოვითხოვე დახმარება და ადგილობრივ ხელისუფლებას მივაკითხე, გავილანძღე და შეიძლება ითქვას, გარეთაც გამომაგდეს”, - ამბობს იგი.

სოფელ ტყვიავის მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება სხვა სოფლებს ეხმარება, თუმცა მოტივი, თუ რატომ არ ეძლევა დამხარება მათ სოფელს, ვერ დაასახელეს.

ძველი სოფელი – ტირძნისი

4 ნოემბერს გატაცებული ოთხი მოზარდის გამო ამ სოფლის სახელი ახლა ბევრმა იცის. ჟურნალისტები გატაცებული ლევან ხმიადაშვილის ოჯახში მივდივართ. ლევანის პატარა და ფანჯარასთან დგას და ნაღვლიანი თვალებით გვიყურებს. დედას არ უნდა ჩვენთან საუბარი, მაგრამ თავს ძალას ატანს.

,,არ ვიცი, რა იქნება, ან რისი იმედი მაქვს,”, - ამბობს ლევანის დედა სოფო ტეტუნაშვილი.

ნისი თქმით, ცხინვალიდან უკავშირდება ოსი ქალბატონი: ,,ქალი მთხოვს, რომ მისი შვილი, მგონი გვარად ხუბულური ალანი, გაცვალონ ჩემს შვილში”.

ლევანის პატარა და შეშინებულია და აღარსად დადის, მისი ყოველდღიური მარშუტი სახლი და სკოლაა. 

ახალი - ვერხვების უბანი

ღამეა, ტყვიავიდან ვერხვების დასახლებაში მივდივართ, შორიდან ლამაზად ჩანს მწკრივში ლამპიონები. ვერხვების დასახლება დაახლოებით ორი თვისაა. Aაქ ძირითადად ფრონეს ხეობიდან დევნილი მოსახლეობაა შესახლებული. 

ვერხვების დასახლებაში 300 კოტეჯია, რომელიც გერმანიის ხელისუფლების მიერაა დაფინანსებული. სამასივე კოტეჯი შევსებულია.

აქ სოფელ ტყვიავისაგან განსხვავებული მდგომარეობა დაგვხვდა. დევნილები დახმარებითა და კოტეჯებით კმაყოფილი არიან.  

მალვინა ჟუჟნიაშვილის  ექვსსულიანი ოჯახი სოფელ დისევიდანაა დევნილი. 

,,ორმაგი დევნილები ვართ. ჯერ ცხინვალიდან, ახლა კი დისევიდანაც წამოვედით. მხოლოდ საბუთების წამოღება მოვახერხეთ. რასაც აქ ხედავთ - მაცივარი, გაზი, სარეცხი მანქანა, ავეჯი - ყველაფერი აქ მოგვცეს”, - გვითხრა მალვინა ჟუჟუნიშვილმა.

ვერხვების დასახლებაში ელექტროენერგიისა და გაზის საფასურს 18 თვის განმავლობაში ხელისუფლება გადაიხდის.

მაგრამ როდის დასრულდება მათი დევნილობა, ამაზე პასუხს ვერავინ იძლევა...…

გულო კოხოძე, გორი

“საქართველო მოვლენათა ასეთ განვითარებას აღარ დაუშვებს”

 ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან


საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გზებზე “სამხრეთის კარიბჭე” საგარეო პოლიტიკის ექსპერტს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.

- მიზანშეწონილი იყო თუ არა საქართველოს გამოსვლა დსთ-დან? 

- საქართველოს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ორგანიზაციის წევრობა, სადაც რუსეთს ლიდერის როლი აქვს, ძალიან რთულია. მით უფრო, რომ დსთ-მ საქართველოსთვის, და ჩემი ხედვით, სხვა სახელმწიფოებისთვისაც, ყოველგვარი მნიშვნელობა დიდი ხნის წინ დაკარგა. 

- როგორ დაახასიათებთ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას ამ ეტაპზე? 

- ღრმა კრიზისი. დღეისათვის ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია. ფაქტობრივად, დიალოგის რაიმე ფორმატიც არ არსებობს, თუ ჟენევის შეხვედრებს არ ჩავთვლით, რისთვისაც დიალოგის დარქმევა რთულიც კია; ეს მხოლოდ ვითარების გამოსწორების მცდელობაა. ამასთან ერთად, არც რუსეთსა და არც საქართველოს წარმოდგენა არ აქვთ, ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვიდნენ. როდესმე ეს რომ მოხდება, გასაგებია, მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის, როგორ. უფრო უარესი მდგომარეობის წარმოდგენაც კი ძნელია. 

სამწუხაროდ, არანაკლებ დაძაბული და ტრაგიკული იყო მდგომარეობა ამ ათასწლეულის დასაწყისში, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს. მინდა გაგახსენოთ პანკისის კრიზისი, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიას ღიად ბომბავდა. იყო მსხვერპლი. ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?! ერთადერთი, რაც მაშინ არ მომხდარა, საქართველოს ტერიტორიის ფორმალური ოკუპაცია იყო. არაფორმალურად კი, საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა. ეს იყო კრიზისის გამწვავება, რომელიც გასული წლის აგვისტოს თვეში სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდა. 

- იყო თუ არა გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენები რუსეთის მიერ პროვოცირებული და რა მიზანს ისახავდა? 

- ამაში საეჭვო არაფერია. აგვისტოს ომის დროს რუსეთმა გააკეთა ის, რაც ადრე ვერ მოახერხა – საქართველოს შიდა პროცესების მართვისა და ზეწოლის ბერკეტების ხელში ჩაგდება. სრულიად აშკარაა, რომ ორივე კონფლიქტი სწორედ ამ მიზნისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი იყო. 

- არსებობს თუ არა ასეთი ინსტრუმენტები საქართველოს ტერიტორიაზე ამ ეტაპზე? 

- იმედი მაქვს, რომ არა. ღმერთს მადლობა, კონფლიქტები აღარაა. რაც მოხდა, ისიც საკმარისია. რასაკვირველია, ვერ უარვყოფ, რომ რუსეთის ხელისუფლებას რაიმე ახალი დესტრუქციული იდეა შეიძლება გაუჩნდეს და ეს იდეები ძალზე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ყველაფერი ასეთი ქმედებების დაგეგმვით დაკავებულ პირთა “შემოქმედებით მიდგომაზეა” დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, ვინმეს ეს ენდომება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ შესაბამისი საფუძველი აღარ არსებობს. ვფიქრობ, რაღაც ვისწავლეთ და უდავოა, რომ საქართველო მოვლენათა ასეთ განვითარებას აღარ დაუშვებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვა ნაწილებში ასეთი სურვილები არ დაიბადება. 

- შესაძლებელია თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება და რა მეთოდით?

- თუ ჩვენ ამ ტერიტორიების შემოერთებაზე ლაპარაკს დავიწყებთ, სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივები არ გვექნება. ჩვენ ისინი უკან არ უნდა დავიბრუნოთ, განსაკუთრებით სამხედრო გზით, არამედ მათთან საერთო ენის მოძებნასა და ერთიან სახელმწიფოში მათ ინტეგრირებას უნდა შევეცადოთ. ჩვენს კეთილგანწყობაში არა ძალისმიერი მეთოდით, არამედ მაგალითით უნდა დავარწმუნოთ. არა უხეში ომი ან რაიმე პოლიტიკური ზეწოლა, არამედ მაგალითი – წარმატებული ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება და ასე შემდეგ. მე ვასახელებ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ჩემი აზრით, ამ პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს. 

ნინოწმინდის სკოლები ზამთრის პირზე

 ნნოწმინდის სკოლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები; ზამთრის სეზონი; ფრიადოსნების მედლებისა და კომპიუტერების ირგვლივ გაჩენილი უკმაყოფილება – ამ და სხვა საკითხებზე “სამხრეთის კარიბჭე” ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს ანი მოსოიანს ესაუბრა. 

- მუნიციპალიტეტის რომელი სკოლები გარემონტდა მიმდინარე წელს?  

- მუნიციპალიტეტის 38 სკოლიდან ხუთის გარემონტება იყო დაგეგმილი. ძირითადად, ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამოიცვალა ფანჯრები, შეიღება კედლები და იატაკები. სოფელ საღამოს სკოლაში აშენდა კედლები და გამოიცვალა სახურავი. 

ყველა სამუშაო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო სოფელ საღამოს სკოლა, რომელსაც, ფაქტობრივად, თავიდან აშენება სჭირდებოდა. მუშაობა ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო და დაგეგმილზე ცოტა გვიან დასრულდა. ამ მიზეზით სწავლა 1 ოქტომბერს განახლდა. 

- რამდენად მზად არიან სკოლები ზამთარის სეზონისთვის?

- ხანჩალის საჯარო სკოლის გარდა, ზამთრისათვის ყველა სკოლა მზადაა. ხაჩალის სკოლა ელექტრომოწყობილობებით თბება. სოფლის ტრანსფორმატორზე კი, რომელზეც სკოლაა მიმაგრებული, ავარია მოხდა. რამდენიმე დღით მეცადინეობა შეწყდა, რადგან სკოლაში ძალიან ციოდა. ტრანსფორმატორი გამოიცვალა, მაგრამ პრობლემა არ მოგვარდა.

სკოლის ხელმძღვანელობას შესაბამისი ორგანოები ელექტროენერგიით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ. ამისათვის სკოლას დაახლოებით 3 ათასი ლარი სჭირდება. ეს სასწავლო დაწესებულება დოტაციურია, შესაბამისად, მის ბიუჯეტში ასეთი თანხა არ მოიძებნება. ნებართვის მოპოვებაში კვლავ ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარების იმედი გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემას ვერ მოვაგვარებთ.

არადოტაციურ სკოლებს საწვავის შეძენისათვის საჭირო სახსრები თავად აქვთ, დოტაციური სკოლები კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან დახმარებას იღებენ. დოტაციური სკოლების ხელმძღვანელობას შემოაქვს განაცხადები, რომლის საფუძველზეც შესაბამის სახსრებს იღებენ. თუმცა თანხები არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით ირიცხება. ამ ეტაპზე დახმარების მთელი ოდენობის ნახევარი მიღებულია, დანარჩენი კი მომდევნო სემესტრში იქნება. 

- ამ ეტაპზე მოსწავლეებსა და მშობლებს სახელმძღვანელოების შეძენის საკითხი აღელვებთ,. სახელმძღვანელოები ძვირია. როგორ ხდება ამ საკითხის რეგულირება? 

- ეს პრობლემა ჯერჯერობით გადაუჭრელია. სკოლებს გრიფირებული წიგნები, რომელთაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნებართვა აქვთ, არ შეუძენიათ. 

სწავლების ერთიანი სახელმწიფო გეგმის ინსტრუქციებს თუ ვიცავთ, სწავლებაც იმ წიგნებით უნდა ვაწარმოოთ, რომლებიც მოზარდი თაობისათვის სრულფასოვანი განათლების მიცემის გარანტია. თუ ისინი არა ახალი, არამედ ძველი წიგნებით ისწავლიან, შესაბამისად, ოლიმპიადებში, ტესტირებებსა და გამოცდებში სრულფასოვან მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 

წიგნები ძვირია - 6-დან 13-14 ლარამდე ღირს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წელს მესამე კლასელებს ქართული ენის, მეცხრეკლასელებს კი გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოები აჩუქა. სომხეთის მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ კი მუნიციპალიტეტის სომხურენოვან სკოლებს 1-დან 9 კლასამდე მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოები, ლიტერატურა, ანბანები, რვეულები და სხვა სასკოლო ატრიბუტები გადასცა. 

- ახლახანს წარჩინებული მოსწავლეები მედლებითა და პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. გაჩნდა მოსაზრებები, რომ შერჩევა არაობიექტური იყო...

- ეს იმ მშობელთა კომენტარებია, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში თავიანთი შვილების მოსწრებით არ ინტერესდებიან. მედლები და კომპიუტერები მიიღო ყველა ფრიადოსანმა. განათლების სამინისტრომ ის ბავშვები შეარჩია, რომელთა ქულა მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში 10 იყო. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა საჩუქრები მიიღეს, მშობლების ნაწილმა სხვა მოსწავლეების პირადი საქმეების ჩხრეკვა დაიწყო, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. მშობელი სასწავლო წლის დასაწყისიდანვე უნდა დაინტერესდეს არა სხვა მოსწავლის, არამედ საკუთარი შვილის მოსწრებით, რათა შემდეგ დაუსაბუთებელი პრეტენზიის გამოთქმის მიზეზი აღარ ჰქონდეს. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლო სამი წლის ნიშნების გაგზავნა მოითხოვა და საუკეთესო მოსწავლეებიც სწორედ მათ და არა სკოლების დირექტორებმა შეარჩიეს. ყველა მედალზე წარმატებული მოსწავლის სახელი და გვარი ამოიტვიფრა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 34 პერსონალური კომპიუტერი და 111 ოქროს და ვერცხლის მედალი დარიგდა.

წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა

ვირუსი არ ფიქსირდება, პანიკის ნიშნები კი არსებობს

სამცხე-ჯავახეთში პანდემიური გრიპის A(H1N1) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოსახლეობის პანიკა საფუძველს მოკლებულია.

27 ნოემბრის მონაცემებით A(H1N1) ვირუსით საქართველოში 147 ადამიანი დაინფიცირდა, უმრავლესობას ვირუსი საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა. დაავადება 17-60 წლამდე ასაკის ადამიანებშია გამოვლენილი. ლაბორატორიულად დამტკიცებულია, რომ ყველა შემთხვევა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. საბედნიეროდ, არავინ გარდაცვლილა. 

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროსის ფატი ხაბულიანის განმარტებით, ოფიციალურად სამცხე-ჯავახეთში გრიპის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის შიში პანიკაში გადაიზარდა. ახალციხეში მცხოვრები მოსახლეობა პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს. ბაზარზე განსაკუთრებული მოთხოვნაა ლიმონსა და ნიორზე, აფთიაქებში აღარაა ჩ-ვიტამინი და პრეპარატი “ტამიფლუ”.  

“ეს უბრალო პანიკა კი არა, რეალური შიშია. გარეთ გამოსვლას ვერიდებით, ბაზრიდან რომ მიდივარ სახლში, ხელებს სპირტით ვიბან”, - ამბობს ასთხიკ მათევოსიანი.

მოსახლეობის შიშს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობებიც ამძაფრებს. 

“ამ ბოლოს ტელევიზიით ისეთი ამბები გახმაურდა, არ შეიძლება არ შეშინდე. ძნელია გარკვევა, ეს ყველაფერი სიმართლეა თუ არა, მაგრამ მე უბრალო გრიპიც ძალიან რთულად გადამაქვს და საკმაოდ შეშინებული ვარ”, - ამბობს ირა ინასარიძე.

კარდიოლოგ პოღოს არსენიანის განმარტებით, მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს: “დეკემბრიდან ღორის გრიპის შემთხვევები მკვეთრად შემცირდება ისევე, როგორც ჩვეულებრივი გრიპისა. ყინვები ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის”. 

შედარებით მშვიდად არიან ახალქალაქში. მართალია, დაავადება ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, მაგრამ ახალქალაქის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი გაიანე ფიდანიანი ვირუსის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს: “შესაძლოა, გრიპი ჩვენთან უკვე არის, თუმცა არა მწვავე ხასიათის. ამის შესახებ ოფიციალურად ცნობილი არაა, რადგან კლინიკისთვის არავის მიუმართავს. უკრაინასთან მჭიდრო კავშირი გვაქვს, მუნიციპალიტეტში ამ ქვეყნიდან ბევრი ჩამოდის”. 

ახალქალაქის მოსახლეობა გრიპთან დაკავშირებულ მოვლენებს ტელევიზიით ადევნებს თვალს. ისინი ამბობენ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას იღებენ. 

“სომხურ და რუსულ არხებზე მომისმენია, რომ ჩვეულებრივ გრიპს უფრო ხშირად აქვს ლეტალური დასასრული, ვიდრე ახალს. ამ ტიპის გრიპისგან ავადმყოფთა 10 პროცენტი იღუპება. ვირუსის არსებობას არ გამოვრიცხავ, თუმცა, სენსაციად და ერთგვარ ბიზნესად მეჩვენება. უკრაინიდან ჩამოსულები ამბობენ, რომ იქ გრიპის ირგვლივ არანაირი აჟიოტაჟი არ არის, რასაც ტელევიზიით აჩვენებენ. ამასთან ერთად, გაძვირდა გრიპის წამლები, ხალხი კი პანიკაშია ჩავარდნილი და წამლებს ყიდულობს. მედიკამენტებს, ავადმყოფებთან ერთად, სრულიად ჯანმრთელი ადამიანებიც იძენენ”, - ამბობს ალექსანდრე ჩოლახიანი. 

გაიანე ფიდანიანის თქმით, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვეულებრივი გრიპის იმავე მონაცემებს 1-2 პროცენტით აღემატება: “პანიკა უსაფუძვლოა. უბრალოდ, საჭიროა ჰიგიენის ჩვეულებრივი ნორმების დაცვა, ნიღბების ტარება, ხელის ხშირად დაბანა. ეს დაახლოებით იმავე შედეგს იძლევა, რასაც პროფილაქტიკისთვის წამლების მიღება”.

გრიპის მოლოდინი არც ახალქალაქის აფთიაქებში აქვთ. პრეპარატი “ტამიფლუ” ამჟამად ერთადერთ აფთიაქშია და 75-80 ლარი ღირს. მეორეში, სადაც 35 ლარი ღირდა, უკვე გათავდა, 

სანამ კარაგეზიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც А(H1\N1) ვირუსით დაავადებისგან თავის დასაცავად პროფილაქტიკას მიმართავს: “პანიკაში არ ვარ, თუმცა, სიფრთხილის ღონისძიებებს მივმართავ. ვიყიდე ნიღაბი, ოქსალინის მალამო, “არბიდოლის” შეძენაც მინდოდა, მაგრამ აფთიაქში არ იყო. ახლა პროფილაქტიკისთვის წამალს ვსვამ, დიდი ოდენობით ციტრუსებსა და სხვადასხვა სითხეებს ვიღებ, ყოველდღე ვჭამ ნიორს”.

გრიპ А(H1\N1)-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არ ტარდება. თბილისიდან ვაქცინის გამოგზავნის დაპირება არის, თუმცა ვაქცინაციის ჩასატარებლად მედიცინის მუშაკები არ ჰყავთ. 

ნათია ნებიერიძე, ახალციხე
შუშან შირინიანი, ახალქალქი

ან “ამხანაგობა”, ან დაჭაობებული ეზო

 წელიწადზე მეტია, ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე ოთხი საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფები წყლითაა სავსე. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

მე-5, მე-7, მე-19 და 21-ე – ის საცხოვრებელი კორპუსებია, რომელთა ეზოებშიც მუდმივად წყლის გუბეა. მიზეზი ცნობილია - მეხუთე კორპუსიის სასმელი წყლის გამსკდარი მილი. პრობლემა ისაა, რომ ამ დასახლებების სასმელი წყლის ქსელზე მოსახლეობის ავოტოფარეხები დგას და დაზიანების შეკეთება ვერ ხერხდება. 

“ძალიან შეწუხებულები ვართ, სისველე და სიბინძურეა ეზოში, ბავშვები ვეღარ თამაშობენ. უკვე ბოლო კორპუსებამდე ჩადის წყალი, ზოგს სარდაფებიც დაუტბორა”, - ამბობს ხუთ ნომერში მცხოვრები იზოლდა გოზალიშვილი. 

ცხრა აპრილის ქუჩას წყალი 24-საათიანი განრიგით მიეწოდება. შესაბამისად, მუდმივად წყალი დის მეხუთე ბინის ეზოშიც. ადგილობრივების თქმით, რამდენიმემეტრიანი მონაკვეთის შეკეთებით პრობლემა არ მოგვარდება, წყლის მილი მთლიანად უნდა შეიცვალოს. ამისათვის კი 145 მეტრი სიგრძის მილია საჭირო. მოსახლეობა ამბობს, რომ დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართეს და ყოფილ შპს “წყალკანალსაც”, თუმცა - უშედეგოდ. 

“რამდენჯერმე ვცადეთ ჩვენი ძალებით შეგვეკეთებინა, მაგრამ მოსახლეობა ფულს არ დებს”, - ამბობს ამავე კორპუსში მცხოვრები ციური მურადაშვილი. 
 
ყოფილ შპს “წყალკანალში” ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ამ სამსახურის ფაქტობრივად გაუქმების შემდეგ მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობამ შპს “აღმოასავლეთის წყალს” უნდა მიმართოს, რომლის ცენტრალური ოფისიც ქალაქ გორში მდებარეობს. ყოფილი “წყალკანალის” უფროსი გურამ შეშაბერიძე ამბობს, რომ სამსახურის გაუქმებამდე მოსახლეობას რამდენჯერმე შესთავაზეს ნაწილობრივ მაინც დახმარებოდნენ, მაგრამ მოსახლეობამ თანხა ვერ შეკრიბა. მისივე განმარტებით, მილების შესაკეთებლად ავტოფარეხები რამდენიმე მეტრით წინ უნდა გადმოიწიოს, რასაც მოსახლეობა არ თანხმდება. 

პრობლემის შესახებ ინფორმირებული არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც. მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილიც გვარწმუნებს, რომ პრობლემის მოგვარება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ: “მოსახლეობას ერთი წლის წინ შევთავაზეთ, რომ გვერდში დაგვდგომოდნენ და ერთად გაგვეკეთებინა დაზიანებული მილი. ტრაქტორსაც დავპირდით და მილიც შევიძინეთ. მხოლოდ საწვავის ფული უნდა აეკრიბათ, მაგრამ ამასაც ვერ მოაბეს თავი. შემდეგ ეს მილი სხვაგან გამოვიყენეთ”.

მისივე თქმით, ადილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის უფლება არ აქვთ, რადგან ეზოები ბინების საერთო საკუთრებაა. იმისათვის, რომ პრობლემის მოგვარებაში გამგეობა ჩაერთოს, მოსახლეობამ ამხანაგობა უნდა შექმნას:
“იურიდიულად უფლება არ გვაქვს, რაიმე თანხა დავხარჯოთ კერძო საკუთრებაზე. თუ ამხანაგობას შექმნიან, მაშინ შევძლებთ 80-პროცენტიან თანადაფინანსებაში შევიდეთ”. 

აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამხანაგობის შესაქმნელად საჭირო დრო არ აქვთ, ვინაიდან თითქმის ყველა მათგანი სხვადასხვა სამსახურში მუშაობს. პრობლემის მოსაგვარებლად კი სხვა გზა არ არსებობს. მუდმივად “დაჭაობებულ ეზოში” რომ არ იარონ, ადგილობრივებმა როგორმე დრო უნდა გამონახონ და ამხანაგობა შექმნან. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ამას არც დიდი დრო სჭირდება და არც სოლიდური სახსრები. 

თამარ თოთაძე, ახალციხე

თბილისში სომხური ეკლესია ჩამოინგრა

19 ნოემბრის ღამით საქართველოს დედაქალაქში წმინდა გევორგ მუგნეცოცის სომხური გუმბათოვანი ეკლესია ჩამოინგრა. ამ ფაქტმა სომხეთში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. 

შემთხვევა 20 ნოემბერს ეჩმიაძინში უზენაესი სასულიერო საბჭოს ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გერეგინ II თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე განიხილეს. მსჯელობის შედეგად საბჭომ შემდეგი განცხადება მიიღო: 

“უზენაესი სასულიერო საბჭო მწუხარებით ადასტურებს საქართველოს დედაქალაქ თბილისში 1356 წელს აშენებული სომხური ეკლესიის დანგრევის ფაქტს. სამწუხაროდ, უნდა განვაცხადოთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებისა და წმინდა პირველსამოციქულო ეჩმიაძინის ძალისხმევა, მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მოლაპარაკების გზით კომპრომისის მიღწევის, ასევე სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიისთვის იურიდიული სტატუსის დამტკიცებისა და სომხური ეკლესიების დაბრუნების მიმართულებით, უშედეგო აღმოჩნდა. წმინდა გევორგის ეკლესიის დანგრევა, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკისრება, ქართული მხარის მიერ ამ პრობლემების მოგვარების გაჭიანურების ნათელი მაგალითია”. 

სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის წარმომადგენელთა აზრით, მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკისრება. ეკლესია სწორედ ამ უკანასკნელის ბალანსზეა. 

24 ნოემბერს, ერევანში, საქართველოს საელჩოსთან პლაკატებით: “არა უმოქმედობას!”, “არა კულტურულ გენოციდს!”, “დაგვიბრუნეთ ჩვენი ეკლესიები!”, “ქართველებო, თქვენ ხომ ქრისტიანები ხართ”, დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ერევნის მერიამ მთავრობის შენობისკენ ახალგაზრდობის სვლა არ დაუშვა. 

აქციის მონაწილეები, დაახლოებით 500 ადამიანი, საქართველოს ხელისუფლებისგან და ქართული ეკლესიისგან სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას, სომხური ეკლესიების დაბრუნებასა და სომხური კულტურული და სასულიერო მემკვიდრეობის პატივისცემასა და შენარჩუნებას ითხოვდნენ. მათ საქართველოს ელჩს სომხეთში წერილიც გადასცეს. ისინი წერილის გაგზავნას გაერო-ს ერევნის წარმომადგენლობაშიც აპირებენ. 

საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ თბილისში სომხური ეკლესიები აღდგება და მათ იურიდიული სტატუსიც მიენიჭება. რის შემდეგაც საქართველოში მდებარე სომხური ეკლესიები სომხური სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში მოექცევა. ამის შესახებ გიორგი თარგამაძესთან შეხვედრის შემდეგ ერევნის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარემ ნარეკ მანტაშიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ეკლესიების ნგრევის მიზეზი ბოლო თვეებში თბილისში გახშირებული მიწისძვრაა: “დღევანდელი დღის შემდეგ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოში ჩვენი ეკლესიები. ელჩი დაპირებას თუ არ შეასრულებს, საპროტესტო აქციებს კვლავ გავმართავთ”. 

ორივე ქვეყნის კულტურის სამინისტროებმა ეკლესიების აღდგენის საკითხში თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიიღეს. სომხეთის კულტურის სამინისტროში შესაბამისი მიწვევა მივიდა. სომხეთის კულტურის სამინისტროს არქიტექტორ-რესტავრატორი თბილისში ჩავა, რათა 19 ნოემბრის ღამეს ჩამონგრეული წმინდა გევორგ მუგნეცოცის გუმბათოვანი ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების ყველა ეტაპში მიიღოს მონაწილეობა. 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილეს არევ სამუელიანს აცნობა, რომ ეკლესიის გამაგრების სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტირებით კი რესტავრაციის ცენტრი “არქიტექსია” დაკავებული. 

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

პრობაციის ოფიცერი თავად აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე

 24 ნოემბერს ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ახალციხის პრობაციის ოფიცერი გიორგი ხითარიშვილი დააკავეს. 26 ნოემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“ოპერატიული ინფორმაციით, მისი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას არა ერთხელ და არა ერთ პირთან მიმართებით ჰქონდა ადგილი. ეს დადასტურდა გამოძიების შემდეგაც”, - ამბობს გიორგი ხითარიშვილის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

ყოფილი პრობაციის ოფიცერი 25 ნოემბერს დაიკითხა. ეჭმიტანილმა დანაშაული აღიარა.

გიორგი ხითარიშვილი 1982 წლის შვიდ აგვისტოს დაიბადა. აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. 2007 წლის ივნისიდან მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში ახალციხის პრობაციის ოფიცრის თანამდებობაზე. 2009 წლის პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე ასრულებდა ახალქალაქის პრობაციის ოფიცრის მოვალეობას. მაშინ ახალქალაქის პრობაციის ოფიცერი შვებულებაში იყო.

“სწორედ ამ ერთი თვის განმავლობაში ჩაიდინა ხითარიშვილმა დანაშაული. რვა ეპიზოდია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ერთია ქრთამის აღების”, - ამბობს ადვოკატი.

ნუგზარ სამარჯიშვილის განმარტებით, პირობითი მსჯავრის პერიოდში მსჯავრდებულები - სასუნ აივაზიანი, რუბიკ ალბერიანი, არმენ ხაჩატურიანი, ჰაიკ ჩათაჯიანი, შირააზ კარახანიანი, ჯივან ჩრაღიანი და სიმონ ალბერტიანი საქართველოს საზღვარს ხშირად კვეთდნენ, სომხეთში გადადიოდნენ. კანონით, პირობითის პერიოდში პირს ქვეყნის ფარგლების დატოვება ეკრძალება. თუმცა, თუ მსჯავრდებული პრობაციის სამსახურს განცხადებით მიმართავს და მისი განცხადების განხილვის შემდეგ საკითხი დადებითად გადაწყდება, იგი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამის ტარიფს გადაიხდის და ქვეყნის საზღვარს კანონიერად გადაკვეთს. “აღნიშნული პირები გიორგი ხითარიშვილის ნებართვით გადადიოდნენ საზღვარზე და ბიუჯეტის ნაცვლად ფულსაც მასვე უხდიდნენ. ანუ ხითარიშვილი წყვეტდა მათი მიმოსვლის საკითხებს”, - ამბობს ადვოკატი.

მსჯავრდებულებს, საზღვარგარეთ საპატიო მიზეზით გამგზავრების შემთხვევაში, საერთო ჯამში ბიუჯეტში 22 500 ლარი უნდა შეეტანათ.

“ამ რაოდენობით განისაზღვრება გიორგი ხითარიშვილის მიერ სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი”, - გვიხსნის ნუგზარ სამარჯიშვილი.

მისი თქმით, გიორგი ხითარიშვილს 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რვაჯერ ჩადენაში ედება ბრალი. თითოეული კი თავისუფლების აღკვეთას სამი წლით ითვალისწინებს: “რაც შეეხება ქრთამს, რომლის ერთხლ აღებაშიც ედება ბრალი, სასჯელი ექვსიდან ცხრა წლამდეა განსაზღვრული.
საბედნიეროდ, საპროცესო შეთანხმება ნებისმიერ მუხლზე შეიძლება გაფორმდეს”.

რა თანხაზე იქნება საუბარი საპროცესო შეთანხმებისთვის ნუგზარ სამარჯიშვილმა ჯერ არ იცის: “ამისთვის კონსულტაციებია საჭირო გიორგის ოჯახის წევრებთან და თავად ბრალდებულთან”.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

უწმინდესი ბორჯომში

 17-18 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბორჯომს ეწვია; დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი გახსნა და წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი მოილოცა, რომელშიც სულ ახლახანს დასრულდა სარესტავრაციო სამუშაოები. ახალციხისა და ბორჯომის მრევლი უწმინდესს სანთლებით, ხატებითა და ბზებით შეეგება. 

კათოლიკოს-პატრიარქი ბორჯომს 17 ნოემბერს, ღამით ესტუმრა. მეორე დილას კი ბორჯომში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი გახსნა, რომლის მშენებლობაც 2006 წელს დაიწყო.

ტაძრის კურთხევის ცერემონიალს ბორჯომ-ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი მეუფე სერაფიმე, ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ამავე დღეს, უწმინდესმა მეუფე სერაფიმეს მიტროპოლიტის ხარისხი მიანიჭა.

ცერემონიის დამთავრების შემდეგ ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა და იქადაგა. ქადაგებაში უწმინდესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეც ისაუბრა. გახსნას უკრაინის დელეგაცია ესწრებოდა, რომელთაც უწმინდესმა პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთვის წმინდა გიორგის ხატი გადაცა.

ამავე დღეს, წმინდა გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალებიდან 1000 წლისთავის აღსანიშნავად, კათოლიკოს-პატრიარქმა სოფელ ტაძრისში წმინდა გიორგის სახელობის რესტავრირებული ტაძარი მოინახულა. სოფელში შესულ უწმინდესს ცხენებზე ამხედრებული ახალგაზრდები დროშებით შეეგებნენ და ტაძრამდე მსვლელობით მიაცილეს.

ტაძრისში 15 ტაძარია. მათგან ერთ-ერთი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა, სადაც ადრე დედათა მონასტერი იყო.

“7 წლის გიორგი მთაწმინდელი დასთან, თეკლასთან ერთად ამ მონასტერში მიუყვანიათ და ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმული წინამძღვრისთვის - წმინდა საბიანესთვის ჩაუბარებიათ. გიორგი ათონელი დედათა მონასტერში 10 წლამდე ცხოვრობდა, რის შემდეგაც ხახულის მონასტერში გადავიდა. შეიძლება ითქვას, რომ სასულიერო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები გიორგი მთაწმინდელმა სწორედ ტაძრისის მონასტერში გადადგა”, - გვიამბობს ეკლესიის წინამძღვარი მამა დავითი (გიორგაძე).

9-10 საუკუნეების ტაძარს რესტავრაცია პირველად ჩაუტარდა. ამიერიდან, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვას მამა დავითი (გიორგაძე) აღავლენს.

“9 წელია, უწმინდესი ჩვენს ეპარქიაში არ ყოფილა და ამიტომ დიდი სიხარული შემოიტანა თითოეული ჩვენგანის გულსა და სულში”, - გვითხრა მამა დავითმა.
მანანა სარაშვილი,
ნატალია კოპაძე, ბორჯომი

კორუფციის საფრთხე

 რა ბრუნდება სკოლაში 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ახალ მექანიზმებს განიხილავს. შესაძლოა ერთიანი ეროვნული გამოცდები საატესტატო გამოცდებმა ჩაანაცვლოს.

მოსალოდნელი ცვლილებების თანახმად, სკოლებში საატესტატო გამოცდები აღდგება; ეროვნული გამოცდები მოიხსნება; აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას კი ატესტატის ნიშანი განსაზღვრავს. ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი აზრით, სკოლამ დაკარგული ფუნქცია რომ დაიბრუნოს, ამისათვის სკოლებში რაღაც ფორმით გამოსაშვები გამოცდები უნდა აღდგეს. პრეზიდენტის თქმით, მოსწავლეს უნდა სჭირდებდეს სკოლაში სიარული: “ეს იქნება მისთვის საგზური უმაღლეს სასწავლებელში”. უნივერსიტეტებში აბიტურიენტები საბოლოო სასკოლო ქულის მიხედვით მოხვდებიან. ამისათვის კი სასწავლებლებმა წინასწარ უნდა გამოაქვეყნონ მოთხოვნადი ციფრი. 

პროექტის მიხედვით, საატესტატო მხოლოდ ერთი გამოცდა ჩატარდება, თუმცა მასში ყველა ძირითადი საგანი შევა. განათლების სამინისტროში ფიქრობენ, რომ ცვლილება ამ დრომდე დამკვიდრებულ მავნე სისტემას მოშლის. განათლების მინისტრი ნიკა გვარამია არ უარყოფს, რომ საჯარო სკოლების უფროს კლასებში მხოლოდ იმ საგნების სწავლის პრაქტიკა, რომელიც უმაღლესში ჩასაბარებლად სჭირდებათ, უკვე კარგადაა დამკვიდრებული: “არასწორია ეს დამოკიდებულება... მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი მიდგომა არსებობს”.  

საატესტატო გამოცდისას დაბალი ქულის დაგროვების შემთხვევაში აბიტურიენტი ავტომატურად ბორტს მიღმა რჩება. მშობელთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, სკოლებში იმ დროის დაბრუნებას შეუწყოს ხელი, როცა მშობლები მასწავლებელთა კეთილგანწყობისა და, შესაბამისად, შვილებისთვის მაღალი ნიშნის “მოპოვებას” სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ. 
 
“მოსალოდნელია, რომ ისევ დაიწყოს “საჩუქრების” ჩუქება მასწავლებლებისთვის”, - ამბობს ანდრიაწმნიდაში მცხოვრები დალი ინასარიძე. მის მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება წნისის საბაზო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი ლაურა ივანიძე: “უმაღლეს სასწავლებელში აუცილებლად უნდა იყოს გამოცდა. სკოლაში ხომ შეიძლება ახლობლობით, ხათრით, რაღაცით ზედმეტი ქულა დაუწერონ”. 

ამავე სკოლის დირექტორი ვალენტინა გოგოლაძე კი ფიქრობს, რომ უნდა შემუშავდეს რაღაც მექანიზმიც, რაც ამას გააკონტროლებს. ცვლილება კი მისაღებია, რადგან სკოლა დაკარგულ ავტორიტეტს დაიბრუნებს და “ის ბავშვიც აღარ დაიჩაგრება, რომელსაც მომზადების ფული არ აქვს”. 

მოსალოდენელ ცვლილებებს არაერთგვაროვნად აფასებენ მოსწავლეები. ისინი ცვლილების ორ მხარეზე საუბრობენ. მიაჩნიათ, რომ ცვლილება კარგია, რადგან სწავლას ყველა დაიწყებს, მაგრამ, შესაძლოა, დაიწყოს მოსწავლეების გამორჩევა და არათანაბარ პირობებში ჩაყენება. “მაგალითად, გამოარჩევენ მასწავლებლების, დირექტორების შვილებს. და გარდა ამისა, ის ბავშვები დაკარგავენ სწავლის გაგრძელების შანსს, რომლებიც, ვთქვათ, ცუდად სწავლობდნენ, მაგრამ ბოლო წელს მოინდომეს”, - ამბობს კლდის საჯარო სკოლის მეთერთეტე კლასის მოსწავლე ელენე ბლუაშვილი. მისი თანატოლი, პირველი საჯარო სკოლი მოსწავლე ნია გელაშვილი ამბობს, რომ: “ჩაბარების შანსი ყველას უნდა ჰქონდეს, მათაც კი, ვისაც სკოლაში დაბალი შეფასება აქვს”. 

ვალენტინა გოგოლაძე კი ფიქრობს, რომ ცვლილება სწორედ იმიტომაა კარგი, რომ მოიშლება ერთგვარი, გაიოლებული მეთოდი: “სკოლაში არ ვისწავლი, ბოლო წელს სამ-ოთხ საგანში მოვემზადები და ჩავაბარებ”. 

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი ცვლილება ისევ აამუშავებს კორუფციულ ბერკეტებს უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. თუმცა ამჯერად კორუფცია არა უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ სკოლებში დაიწყება. ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ გამოცდები რაც შეიძლება მოწესრიგებულად უნდა ჩატარდეს, არა სკოლების პერსონალის, არამედ ნეიტრალური და არაადგილობრივი კადრების მონაწილეობით. “და უნდა იყოს არა ტესტები სკოლებში, არამედ გამოცდა რაღაც სხვაგვარი ფორმით. ზოგი ალალბედზე ხაზავს იმ ტესტებს და მაინც მაღალ ქულას იღებს”, - ამბობს ლაურა ივანიძე. 

იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების შეტანისას ყველა საჭირო საფრთხეები გათვალისწინებული იქნება, მოსახლეობის აზრით, მოწესრიგდება გაკვეთილებზე დასწრება, აიწევს ზოგადი განათლების დონე და აღმოიფხვრება რეპეტიტორობის ინსტიტუტიც. 

“სკოლებშიც კვალიფიციური კადრები უნდა იყოს”, - ამბობს დალი ინასარიძე, რომელსაც აბიტურიენტი შვილი ჰყავს და რეპეტიტორებთან 2000 ლარს იხდის. 

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი სკოლა ვერ აკმაყფილებს იმ პირობებს, რაც ამ იდეაშია ჩადებული: “ქართველები ვართ და, ვფიქრობ, ეს ჯერ ჩვენთან ვერ გაამართლებს. მექრთამეობა შეიძლება არა, მაგრამ სუბიექტური მიდგომა რომ იქნება, ეს ფაქტია”. მაგრამ, თუ სკოლებში მდგომარეობა გამოსწორდა, რა თქმა უნდა, მისაღები სიახლეა, რადგან “ფიზიკა, ქიმია, ფაქტობრივად, ჩაკვდა სკოლებში და, შესაბამისად, ზოგადი განათლების დონე დაბალია”. 

პროექტის განხორციელებას, რომელიც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება, ნიკა გვარამიას თქმით, მინიმუმ 4-5 წელი დასჭირდება, ვინაიდან “ჯერ ამისთვის სკოლები მზად არ არიან”. თუმცა, ყველა ძირითადი საგნის შესწავლა აბიტურიენტებს წელსვე მოუწევთ. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგნის დამატებაც რეფორმისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

სოფლის ბიბლიოთეკების ბედი გაირკვა

 სამწლიანი ლოდინის შემდეგ სოფლის ბიბლიოთეკების ბედი გაირკვა - წიგნადი ფონდი და ინვენტარი სკოლების ბიბლიოთეკებს გადაეცემა.

არსებული მდგომარეობა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული 42 ბიბლიოთეკიდან ამჟამად მხოლოდ ხუთი ფუნქციონირებს. გამოკეტილი ბიბლიოთეკები იძარცვება, შენობები ინგრევა, ათასობით წიგნი კი მოუვლელობით დღითიდღე ნადგურდება. 

ავარიული შენობა დახეთქილი კედლებით, ჩამსხვრეულმინებიანი ფანჯრებითა და მორყეული კიბით; აბალახებული ეზო; დამტვერილი თაროები ნესტისა და უჰაერობისგან გაფუჭებული ათი ათასობით წიგნითა და ჟურნალით; ამოტეხილი იატაკი და წვიმისგან გაყვითლებული ჭერი – გამოკეტილი 37 ბიბლიოთეკიდან უმრავლესობა ასეთ მდგომარეობაშია. 

ქალაქ ახალციხის მთავარი ბიბლიოთეკა და მისი 41 ფილიალი ოფიციალურად ლიკვიდირებულად 2006 წლის პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 2007 წლის გაზაფხულზე, მუშაობა მხოლოდ ქალაქის მთავარმა ბიბლიოთეკამ გააგრძელა - განახლებული ინვენტარითა და წიგნადი ფონდით და შემცირებული საშტატო ერთეულით. 

2008 წლის გაზაფხულზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, ყველა მუნიციპალიტეტის ორ-ორ სოფელში ბიბლიოთეკები კვლავ გაიხსნა. ასამოქმედებელ ბიბლიოთეკათა სიაში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან სოფელ აწყურისა და ქალაქ ვალის ბიბლიოთეკები მოხვდა. დაწესებულებები განახლებული ინტერიერით, თანამედროვე აპარატურითა და გაზრდილი წიგნადი ფონდით დაუბრუნდა მკითხველს. “ეს სოფლები მოსახლეობის სიმრავლითა და წიგნადი ფონდის რაოდენობით შეირჩა”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე. 
მიმდინარე წელს კიდევ ორი ბიბლიოთეკა გაიხსნა, ორივე ქალაქ ახალციხეში. დანარჩენ სოფლებში კი წიგნების მეთვალყურეობა ბიბლიოთეკების ყოფილი გამგეების კეთილსინდისიერების იმედად დარჩა. 

ამჟამად მუნიციპალიტეტში მოქმედი ხუთი ბიბლიოთეკა გამგეობის მიერ ჩამოყალიბებულ ააიპ ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში შედის, რომელშიც კულტურის სხვა დაწესებულებებიცაა გაერთიანებული. კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ადგილობრივი ბიუჯეტი მიმდინარე წელს 62 500 ლარით აფინანსებს. 

ბიბლიოთეკების მდგომარეობა სოფლებში

“ბიბლიოთეკა დაკეტილია, არავინ პატრონობს, არადა, ძალიან კარგი წიგნებია. დავდიოდით, ვკითხულობდით, იქვე იყო სამკითხველო დარბაზი და სახლშიც მიგვქონდა”, - გვეუბნება სოფელ ურაველში მცხოვრები 60 წლის ლუიზა ხაჭაპურიძე. ამავე სოფლის მკვიდრმა 58 წლის გივი მოდებაძემ კი ბიბლიოთეკის შესახებ არაფერი იცის: “შენობა კი დგას, მაგრამ არის თუ არა წიგნები, არ ვიცი”. 

ურავლის ბიბლიოთეკა გამონაკლისი არ არის. მესამე წელია, ყოფილი ბიბლიოთეკარები ენთუზიაზმით მუშაობენ, ხელფასი არ აქვთ, სამაგიეროდ, პასუხისმგებლობა ისევ აკისრიათ; გამგის ფუნქციასაც ასრულებენ, დარაჯისაც, დამლაგებლისაც და ზოგჯერ შენობის გატეხილ კარ-ფანჯრებსა და სახურავსაც საკუთარი ძალითა და სახსრებით აკეთებენ.

“წვიმა ჩამოდიოდა, ხან კრამიტი ვთხოვე მეზობელს და სახურავის შეკეთება ვცადე, ხან ჭერში თასები დავდგი”, - გვიხსნის სოფელ გიორგიწმინდის ბიბლიოთეკის ყოფილი გამგე, 42 წლის მარინა ბლიაძე, რომელსაც მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი თქმით, 
გიორგიწმინდის ბიბლიოთეკა დაკეტვამდეც და მას მერეც რამდენჯერმე გატეხეს. ამის შესახებ სოფლის მაშინდელ გამგეობაში განცხადებაც შეიტანა, მაგრამ მოპარული წიგნების ბედით არავინ დაინტერესებულა. 

გაცილებით რთული მდგომარეობაა სოფელ წყორძაში. ბიბლიოთეკა სოფლის კლუბის ქვეშ, ორ ოთახშია განთავსებული, იატაკი არ აქვს და წიგნებს მღრღნელები აფუჭებენ. 

საჭიროა თუ არა ბიბლიოთეკები

ბოლო აღწერის მიხედვით, რომელიც დახურვამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩატარდა, გიორგიწმინდის ბიბლიოთეკაში 8 000-მდე წიგნი ინახება. დაწესებულებას წელიწადში 200 მუდმივი მკითხველი ჰყავდა, რასაც სეზონზე სოფელში დასასვენებლად ჩამოსული ახალგაზრდების რიცხვიც ემატებოდა. ბიბლიოთეკარი წიგნებს დახურვის შემდეგაც გასცემდა, თუმცა კარგა ხანია, ბიბლიოთეკა აღარ გაღებულა: “წიგნები ალბათ მტვრისგან იქნება შეჭმული. ოთახის კარები ავჭედე, ფანჯრებს კი კარადები მივადგი, რომ გავაღო, ვეღარ დავკეტავ და ისევ გაძარცვავენ. პასუხისმგებლობა მე დამეკისრება, დანაკლისი კი ისედაც არის”. 

გამგის ენთუზიაზმის წყალობით მუშაობს დღემდე სოფელ ჭაჭარაქის ბიბლიოთეკაც, სადაც 3000-მდე ქართული, რუსული და სომხური წიგნი ინახება. ადგილობრივი სომხურენოვანი მოსახლეობის გარდა სამკითხველოს ახალციხის რუსული და სომხური სკოლის მოსწავლეები და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომეხი ეროვნების სტუდენტებიც აკითხავენ. ბიბლიოთეკაში ასვლისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ხის მორყეული კიბე სადაცაა ფეხქვეშ ჩაგიტყდება, შენობაში სიბნელეა, ელექტროენერგია დიდი ხანია, აღარ აქვთ. 
“თვეში 30-მდე მკითხველი მოდის. შემოსასვლელი დამპალია და კლუბის მხრიდან შემოდის ხალხი. ყოველდღე აქ არ ვზივარ, სახლში მაკითხავენ წიგნების გატანა რომ უნდათ”, - ამბობს ჭაჭარაქის ბიბლიოთეკის ყოფილი გამგე ლენა ამბარიანი. 

ამავე სოფლის მცხოვრები გევორქ ამბარიანი ამბობს, რომ 100-კომლიანი სოფლისთვის 30 მკითხველი არ ნიშნავს, რომ წიგნისადმი ინტერესი დაიკარგა: “ბიბლიოთეკების დახურვით სოფლებში კულტურული ცხოვრება შეწყდა. ადრე ყოველთვის რაღაც ღონისძიება ტარდებოდა”.  

სოფლებში, სადაც ახალგაზრდობა გასართობ საშუალებებს მოკლებულია, წიგნზე მოთხოვნილება ნამდვილად არის. 

“ამ ბოლოს მარგარიტა მიტჩელის “ქარწაღებულნი” წავიკითხე. ზაფხულის არდადეგებისთვისაც წიგნები წინასწარ მქონდა გამოტანილი”, - გვეუბნება სოფელ კლდის მცხოვრები 17 წლის თამუნა ზუმბაძე. ბიბლიოთეკის საჭიროებაზე საუბრობს მისი მეგობარი რეზო ზუმბაძეც: “კომპიუტერი კარგია, მაგრამ წიგნს ვერ შეცვლის”. 

იმედი

2009 წლის 5 მარტს, ქუთაისში, საქართველოს მთავრობის გასვლით სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფლის ბიბლიოთეკებზეც ისაუბრა: “ჩვენთან სოფლებში საოცრად ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს. მათ ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე. მე გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ ყველა ახალი წიგნი, ასევე მასალა, რაც არსებობს, მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს”. 

ბიბლიოთეკების დაიმედებულმა ყოფილმა გამგეებმა იფიქრეს, რომ გამოკეტილი ბიბლიოთეკები გაიხსნებოდა. თუმცა მათი ოპტიმიზმი საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა. 

მოულოდნელი განაჩენი

რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ ბიბლიოთეკების ბედი გაირკვა. განათლების სამინისტროსგან მიღებული წერილის თანახმად, ბიბლიოთეკების ინვენტარი და წიგნადი ფონდი სკოლებს უნდა გადაეცეს, უზურფრუქტის წესით. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს - აღწერა ბიბლიოთკებში და ფართის გამოთავისუფლება სკოლებში. 

“ზოგიერთი თემის გაერთიანებაში არის რამდენიმე სკოლა და ერთი ბიბლიოთეკა. გავაკეთეთ განრიგი, გავაგზავნეთ განათლების სამინისტროში, ველოდებით ნებართვას. ამის მერე დაიწერება გამგებლის ბრძანება, შეიქმნება კომისია, ეს გრაფიკი იქნება დადებული და ამის მიხედვით გადაეცემა სკოლებს ინვენტარი და წიგნადი ფონდი”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი იური ზარიძე. 

შეფასებები

გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. 

“ვიცი, რომ მდიდარი წიგნადი ფონდი გვქონდა ბიბლითეკაში. თუკი სკოლას გადმოეცემა, ძალიან კარგი იქნება, ოთახი გვაქვს”, - ამბობს ზიკილიის საბაზო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნათია ღარიშვილი.  

ფართი წნისის საბაზო სკოლაში გამზადებულია. “სოფლის ბიბლიოთეკა ძალიან ავარიულია, წვიმა ჩადის. რაც ჩამოსაწერი იქნება წიგნადი ფონდიდან, ჩამოიწერება. დანარჩენ წიგნებს მივიღებთ, დავაბინავებთ. თუ ჩენს შემოსავალში ავიღებთ ამ წიგნად ფონდს, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება”, - ამბობს სკოლის დირექტორი ვალენტინა გოგოლაძე. იგი არ ეთანხმება სხვა სკოლების პედაგოგთა მოსაზრებას, რომ ამან შესაძლოა, სკოლაში მუდმივი ხალხმრავლობა და ქაოსი გამოიწვიოს: “დიდი სოფელი არ არის, ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. გვექნება განრიგი - ვინ როდის მოვიდეს. სასწავლო დროს თავს შეიკავებენ ალბათ და ჩვენც ვეცდებით, რომ ამ დროს არ მივიღოთ მკითხველი”.

“ჰაერში დარჩენილი” ყოფილი ბიბლიოთეკარები

შენობებისა და წიგნების ბედი გაირკვა, მაგრამ გაურკვეველია, რა ბედი ელით ყოფილ ბიბლიოთეკარებს. იური ზარიძე ამბობს, რომ იმ სკოლებში, სადაც უკვე ჰყავთ ბიბლიოთეკარი, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. 

წნისის სკოლა დეფიციტურია. ბიბლიოთეკარი ჰყავთ, მაგრამ ანაზღაურების გარეშე მუშაობს. დირექტორი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ სოფლის ბიბლიოთეკის ყოფილი გამგე გადავა სკოლაში, რადგან უკეთ იცის საქმე და მას ადგილობრივი ბიუჯეტი დაუნიშნავს ანაზღაურებას. იური ზარიძის თქმით, კი ბიბლიოთეკარების ხელფასზე სკოლებმა უნდა იფიქრონ. 
მაშინ, როცა ბიბლიოთეკა ფუქნციონირებდა, ანდის ყოფილ ბიბლიოთეკარს დალი ინასარიძეს ანაზღაურება 70 ლარი ჰქონდა. შემდეგ ხელფასი გაუნახევრდა. იგი ფიქრობს, რომ მინიმალური ანაზღაურებაც რომ იყოს, სიამოვნებით გააგრძელებდა მუშაობას. იმავეს ამბობს წნისის ყოფილი ბიბლიოთეკის გამგეც. 

“ბილიოთეკების წიგნად ფონდს სკოლას უზურფრუქტით ვაძლევთ, რაც ნიშნავს თხოვებას, დროებით სარგებლობაში მიცემას. ხვალ შეიძლება გაიზარდოს ბიუჯეტი და ისევ ცალკე იყოს ბიბლიოთეკები. იქამდე ბიუჯეტში არც ბიბლიოთეკარების ხელფასებისთვისაა სახსრები”, - ამბობს იური ზარიძე.

პრობლემა

სოფლის ბიბლიოთეკებს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვთ და თუმცა წიგნადი ფონდი დიდ ხანია, არ განახლებულა. შესაბამისად, ბევრია მოძველებული წიგნი. როგორც აღმოჩნდა, აღწერების შემდეგ სოფლის ბიბლიოთეკებიდან გარკვეული წიგნები საქალაქო ბიბლიოთეკას უნდა გადმოეცეს. განაწყენებული პედაგოგები ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ძველ წიგნებს უტოვებენ, “ენციკლოპედიები და სხვა კარგი ლიტერატურა ქალაქს მიაქვს”. მათ კი უსარგებლო წიგნებზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა. 

“თუ ჩვენ სოფლის გამოკეტილ ბიბლიოთეკებში შევინახეთ და გაძარცვას გადავარჩინეთ ძვირფასი ლიტერატურა, ქალაქს რატომ არ აქვს?! არ შეიძლება, რომ არ ჰქონოდა. ან იქნებ აქვს კიდეც? სად წავა ეს წიგნები მაშინ”, - ასეთი კითხვები უჩნდებათ პედაგოგებს. 

იური ზარიძე გავრცელებულ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს: “არის ისეთი წიგნები, რომლებსაც ქალაქში მეტი მკითხველი ეყოლება”. გარა ამისა, იგი ამბობს, რომ ახალციხეს ის წიგნები გადმოეცემა, რომელიც სოფლის ბიბლიოთეკაში რამდენიმე ეგზემპლარია: “ერთს დატოვებ სკოლაში, რომ მკითხველი წიგნის გარეშე არ დარჩეს. სამაგიეროდ, აქ ერთი წიგნი რომაა და ათი მკითხველი, მეტი წიგნი მოიყრის თავს”.  

და დასძენს, რომ ეს ყველაფერი დროებითია: “როცა სახსრები გამოჩნდება, ბიბლიოთეკები აუცილებლად აღდგება, შესაბამისი შენობით, ინვენტარით, კომპიუტერითა და ინტერნეტით”. 
 
ეს კი, სავარაუდოდ, ძალიან შორეული პერსპექტივაა. ბევრ სოფელში შენობა ხელახლა ასაშენებელია. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მუშავდეაბ. პრიორიტეტი კი კვლავ ინფრასტრუქტურა, გზა და წყალია.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

ნდობადაკარგული მედია

 რას ფიქრობენ ახალციხელები ქართული საინფორმაციო სივრცის შესახებ

რომელ მედიასაშუალებებს ენდობა ახალციხეში მცხოვრები მოსახლეობა; რას და რატომ კითხულობს და უყურებს; რა გადაცემების ხილვა სურს და, ზოგადად, როგორ აფასებს ქართული მედიასაშუალებების მუშაობას. 

კავკასიის კვლევითი რესურსების ცნტრმა, 10 ნოემბერს, მედიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ქართული მედიის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ ახალი ამბების მიმართ მოსახლეობის ინტერესი დიდია, თუმცა უმრავლესობა მიღებულ ინფორმაციას კრიტიკული თვალით უყურებს.  

ახალციხის ქუჩებში გამოკითხული 25 რესპონდენტიდან საინფორმაციო გამოშვებებს ყველა უყურებს. მათ შორის: 17 “იმედის” საინფორმაციო გამოშვებას ანიჭებს უპირატესობას, ექვსი - “რუსთავი 2”-ს და ორი - “საზოგადოებრივ მაუწყებელს”. სხვა ვითარებაა დედაქალაქში, -გამოკითხული მოსახლეობის 79 პროცენტი “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებებს უყურებს. 

მანანა მაისურაძე ერთ-ერთია, ვინც “საზოგადოებრივი არხის” საინფორმაციო გადაცემებს ანიჭებს უპირატესობას. “რუსთავი 2-სა” და “იმედზე” კი გასართობ გადაცემებს უყურებს: “ძალიან მომწონს პირველი არხის შემეცნებითი გადაცემებიც”. 

25 რესპონდენტიდან უმრავლესობა პოლიტიკურ თოქ-შოუებს გულშემატკივრობს. 11 მათგანი ფიქრობს, რომ სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური გადაცემების ნაკლებობაა და ტელეკომპანიები მხოლოდ გასართობ პროგრამებსა და ტელესერიალებზე აკეთებენ აქცენტს. რვა რესპონდენტს სურვილი აქვს, საეთერო დროის დიდი ნაწილი “60 წუთის” მსგავს გადაცემებსა და საგამოძიებო თემატიკას დაეთმოს. დანარჩენს კი ტელევიზიების მიერ შეთავაზებული გადაცემები სრულიად აკმაყოფილებს.

აღმოჩნდა, რომ ის 17 რესპონდენტი, რომელიც “იმედის” ახალ ამბებს ეცნობა, გასართობ პროგრამების მხრივ “რუსთავი-2-ს” ანიჭებს უპირატესობას. 

ყველა გამოკითხული რესპონდენტი ამბობს, რომ სამი ცენტრალური არხიდან ობიექტური და თავისუფალი არცერთი არ არის.

რაც შეეხება ადგილობრივ ტელევიზია “მეცხრე არხს”, გამოკითხული რესპონდენტებიდან უმრავლესობა არ უყურებს; ნაწილმა არც იცის, რომელ დღეს და რომელ საათზე გადის საინფორმაციო გადაცემა ეთერში; ნაწილი კი ნეკროლოგების გამო უყურებს. 

სხვა ვითარებაა ბეჭდური მედიის შემთხვევაში. 25 რესპონდენტიდან ცენტრალურ პრესას მხოლოდ 10 მათგანი ეცნობა. პირველ სამეულში “კვირის პალიტრა” “ასავალ-დასავალი” და “ალია” ლიდერობენ. 

25 რესპოდენტიდან მხოლოდ ცხრა კითხულობს რეგიონულ გაზეთს “სამხრეთის კარიბჭე”; ხუთმა იცის გაზეთის არსებობის შესახებ, მაგრამ არ კითხულობს, დანარჩენებს კი არც აინტერესებს.  

“ყველაზე ბევრი “კვირის პალიტრა” იყიდება, კვირაში 70 ცალი. შემდეგ “ასავალ-დასავალი”. ჟურნალებიდან “თბილისელები” და “სარკე” ლიდერობენ. ადგილობრივი გაზეთებიდან მხოლოდ “სამხრეთის კარიბჭეს” ვყიდი, კვირაში ათ ცალს”, - ამბობს გაზეთების გამყიდველი რუსუდან კაპანაძე.

გამოკითხული რესპონდენტების ნაწილმა გვითხრა, რომ “ყველგან და ყველაფერში პოლიტიკამ დაღალა” და ამიტომ კმაყოფილდებიან იმ ინფორმაციით, რასაც იღებენ. ნაწილმა განაცხადა, რომ მედიის არცერთ, საშუალებას არ ენდობა და “იშვიათად ისმენს და კითხულობს ობიექტურ ინფორმაციას”, ნაწილმა კი გვითხრა, რომ “არც ტელევიზორს უყურებს, არც რადიოს უსმენს და არც პრესას ეცნობა”, ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებს და მიიჩნევს, რომ “ერთადერთი “ნათელი წერტილი” ამ ეტაპზე რამდენიმე ინტერნეტგამოცემაა”. 

გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა პესიმისტურადაა განწყობილი. ისინი ამბობენ, რომ ქართულმა მედიამ დიდი ხანია, დაკარგა მკითხველის ნდობა და მის დაბრუნებაზე არც არავინ ზრუნავს. ნაწილმა კი სრულიად მშვიდად განაცხადა, რომ მედიის მდგომარეობა და პერსპექტივები არ აინტერესებს და ტელევიზორს მხოლოდ გასართობი გადაცემების ხათრით უყურებს. ფავორიტ გასართობ გადაცემად ყველამ ერთხმად დაასახელა სერიალი “შუა ქალაქში”. 

ნათია ნებიერიძე, ახალციძე

ბიუჯეტის პროექტი უცვლელი პრიორიტეტებით

 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი უკვე შედგენილია. პრიორიტეტები კვლავ უცვლელია - მუნიციპალიტეტში რიგით პირველ პრობლემად კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რჩება.

ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერების რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არაა. ამდენად, ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივი შემოსავლების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა. 

“მომავალი წლის ბიუჯეტი გასული სამი წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დგება. წლევანდელი წელი ეკონომიკურ კრიზისთნ იყო დაკავშირებული. ეს საქართველომ ნაკლებად განიცადა. ადგილობრივი ბიუჯეტი ოდნავ მაინცაა გაზრდილი, ასე 10 პროცენტით”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-სამსახურის უფროსი ზურაბ ჯინიუზაშვილი.  

მისი თქმით, რიგით პირველი პრობლემა, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა იქნება გაწერილი, სოფელ სვირისა და ანის მიმართულებით გზების შეკეთებაა: “აქ საუბარი არაა გზის მოხრეშვაზე, ეს გზები წნევის დამგდები სანიაღვრე არხებით უნდა გაკეთდეს და ამიტომ საკამოდ დიდ თანხას მოითხოვს”.  

ადგილობრივი ბიუჯეტის თანხით გაკეთდება მინაძე-ურავლის გზაც. 

“გზა ბეტონით, სანიაღვრე არხებითა და ჯებირებით აშენდება. ეს რეგიონისთვის გრანდიოზული პროექტი იქნება. ურავლის ხეობაში ბევრი სოფელია, ამდენად ამ პრექტის განხორციელება მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ზურაბ ჯინიუზაშვილი. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვასილ ბერიძის თქმით, კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალაქის დასუფთავება, თეატრი, სამუსიკო სკოლა, საბავშვო ბაღები: “პრიორიტეტია სოციალური პაკეტიც. ამისთვის ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიონი ლარია წარმოდგენილი. ეს საკმაოდ დიდი თანხაა”. 

2009 წლის ბიუჯეტი შვიდ მილიონ ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის დასაწყისში საოციალური პაკეტისთვის 482 944 ლარი იყო გმოყოფილი. ზურაბ ჯინიუზაშვილის განმარტებით, წლის ბოლომდე მისი რაოდენობა 648 000 ლარამდე გაიზარდა: “შესაძლოა, სხვა პროექტებიდან დაზოგილი თანხით სოცპაკეტი მომავალ წელსაც გავზარდოთ”. 

მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად რჩება “ამხანაგობების” დაფინანსებაც.

“წელს ეს ჩვენთვის საპილოტე პროგრამა იყო და, ვფიქრობ, გაამართლა. ასე არაერთი უბნის პრობლემა გადაიჭრება”, - ამბობს საფინანსო სამსახურის უფროსი.  

2010 წელს ადგილობრივი ხელისუფლება საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებასაც გეგმავს, თუმცა ამისთვის დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვს.

“წყლის პრობლემა მეტ-ნაკლებად გადავჭერით, უბანი არაა, სადაც წყალი თვითდინებით არ მივა. ახლა საკანალიზაციო და სანიაღვრე არხებია მისახედი”, - აცხადებს ზურაბ ჯინიუზაშვილი. 

მისი თქმით, ღრელიდან მომავალი ღელე, რომელსაც ფეკალური მასები მოჰყვება და ცხრა აპრილის ქუჩაზე გაედინება, კოლექტორად გადაკეთდება: “გაგრძელდება შიდა ქუჩების მშენებლობაც. მიმდინარე წელს რვა ქუჩა გაკეთდა, თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო ნაწილი კი ცენტრალურიდან”.

ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალურ ბიუჯეტს სთხოვს დახმარებას საბარგო სადგურზე წყლის სისტემის გასაკეთებლადაც. აქამდე ამ დასახლებაში სასმელი წყლის ქსელი საერთოდ არ არსებობდა. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას დიდი იყო მოსახლეობის ჩართულობა. 

“ამ კაბინეტიდან არაფერი ჩანს, გავდიოდით, მოსახლეობას ვხვდებოდით. ყოველდღიური შეხება აქვთ რწმუნებულებს თანასოფლელებთან. ამ საკითხში აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებიც”, - აცხადებს ვასილ ბერიძე.

გამოკითხული 15 რესპონდენტიდან თვითმმართველბის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა არცერთს ახსოვს. არც ის იციან, როდის მუშავდება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და არც იმის იმედი აქვთ, რომ მათ მოსაზრებას გაითვალისწინებს ვინმე. გამოკითხულთა უმრავლესობა რიგით პირველ პრობლემად გზებს ასახელებს, გზა და წყალია პრიორიტეტი სოფლებში მცხოვრებელთათვისაც, თუმცა მათი ნაწილი სოფლებში კულტურის სახლების აუცილებლობაზეც საუბრობს. 

მართალია, მცირეა მოსახლეობის ჩართულობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, მაგრამ მათ მიერ დასახელებული პრიორიტეტები პროექტში გაწერილ რიგით პირველ პრობლემებს შეესაბამება – დასუფთავება, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების გაკეთება. 

“არც გზა გვინდა, არც ასფალტი და არც წყალი. მთავარია, გაჭირვებულ ხალხს დაეხმარონ, ოღონდ მართლა გაჭირვებულებს, მდიდრის და ახლობლების შვილებს კი არა”, - ამბობს წნისელი ზაურ გოგოლაძე.  

რა თანხა იქნება კონკრეტულად გაწერილი სოციალური პაკეტისთვის და უცვლელი დარჩება თუ არა პრიორიტეტები, მომავალ კვირაში საკრებულოს სხდომაზე გაირკვევა. ამის შემდეგ პროექტში ცვლილებების შესატანად წინ კიდევ ოცი დღე იქნება. საკრებულოს თავმჯდომარის ვარაუდით, პროექტში, რომელიც 10 თვის განმავლობაში მუშავდებოდა ძირეული ცვლილებები არ შევა.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

“ტყეები დაუცველია”

 სატყეო მეურნეობის დარგში ჩატარებული რეფორმის შემდგომ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანში მხოლოდ 18 რეინჯერი დარჩა. თითოეულ მათგანს 4-5 ჰექტარი ტყე აბარია, რისი გაკონტროლებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.  

რეფორმა სატყეო მეურნეობაში 2007 წელს ჩატარდა, კადრები შემცირდა და 140 თანამშრომლიდან მხოლოდ 18 რეინჯერი დარჩა. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ლევან გოცირიძე ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ დეპარტამენტებში, კერძოდ, სატყეო მეურნეობასა და დაცული ტერიტორიების სააგენტოში გატარებული რეფორმა ნაჩქარევი იყო. რეფორმის შედეგად სატყეო მეურნეობა გაუქმდა. რეგიონებში შეიქმნა სატყეო სამმართველოები, ბორჯომში მხოლოდ ერთი, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანი დარჩა: “ტერმინი მეურნეობა იმიტომ ამოვარდა, რომ აღარ მიმდინარეობს სატყეო-სამეურნეო და სატყეო-საკულტურო სამუშაოები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სატყეო საქმიანობაში არ რევენ, როგორც ადრე ხდებოდა და სწორედ ესაა პრობლემა”.

კადრების შემცირების შედეგად საკურორტო ტყეების 80 პროცენტი უკონტროლოდ დარჩა. “გამიგია, რომ კადრები 10-15 პროცენტით შემცირდეს. როგორ შეიძლება 140 თანამშრომლიდან 18 რეინჯერი დარჩეს, რომელმაც უნდა დაიცვას 55 ჰექტარი საკურორტო ტყე. ერთ რეინჯერს 4 ჰექტარი ტყის ფართობი აბარია, რის დაცვაც, ფაქტობრივად, არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, საკურორტო ტყეები დაუცველია და ადვილად შესაძლებელია ხე-ტყის უკანონოდ დატაცება”, - ამბობს გოცირიძე.

მისივე თქმით, ერთი შეხედვით ძნელი შესამჩნევია, რა მდგომარეობაა ტყეებში. გარედან თითქოსდა არაფერი ჩანს, მაგრამ, რეალურად საგრძნობლად შემცირებულია ტყის სიხშირე. გარდა ამისა, შიგნით უკვე აღარ არის სამეურნეო გზები: “ეს კი მოსახლეობას ხელს უშლის, ტყის სიღრმიდან გამოიტანოს მოჭრილი ხე და ამიტომ ერთსა და იმავე ადგილზე იჭრება ტყის მასივი. ასე თუ გაგრძელდება, 10 წელიწადში კურორტი ღირსებას დაკარგავს”.

ლევან გოცირიძე სატყეო მეურნეობის დაუყონებლივ აღდგენაზე საუბრობს. იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სატყეო მეურნეობას ორი წლის განმავლობაში ფინანსურად და ტექნიკით უნდა დაეხმაროს, შემდეგ კი აღნიშნული მეურნეობა თვითდაფინანსებაზე გადავა: “2008 წელს ხანძრის შედეგად წაღვერში 100 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ხანძრის შესახებ რეინჯერებმა მხოლოდ გაჩენიდან ორი დღის შემდეგ შეიტყვეს”. 

მისივე განმარტებით, დამწვარ ფართობზე არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. რეალურად კი საჭიროა გაკეთდეს ტერასები, ბაქნები, მოიჭრას დამწვარი ხეები და მის ადგილას ახალი მასივი გაშენდეს: “50 წლის შემდეგ აღდგება ტყე, მაგრამ ჩვენ გვინდა, ეს მალე მოხდეს. ხელოვნური ჩარევით ეს სავსებით შესაძლებელია. წაღვერმა არ უნდა დაკარგოს კურორტის ფუნქცია”. 

2007 წლამდე წაღვერის სატყეო უბანში სატყეო უბნის უფროსი, ექვსი მეტყევე და ორი ტყის მეხანძრე მუშაობდა. ამჟამად კი მხოლოდ ერთი რეინჯერი იცავს.  
2008 წელს ბორჯომში სატყეო ტექნიკუმიც გაუქმდა. “არადა, ბორჯომის სატყეო მეურნეობაში და ეროვნულ პარკში ამ ტექნიკუმის კურსდამთავრებულები იყვნენ დასაქმებული. ახლა სპეციალისტების დეფიციტია”, - ამბობს გოცირიძე.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სატყეო სამმართველოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პავლე შემაზაშვილის თქმით, 2009 წელს, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით 400 ოქმია დაწერილი. ბევრ საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.  

შემაზაშვილი ამბობს, რომ “რეინჯერი თუ მოინდომებს, აუცილებლად დაიცავს ტყის მასივის დიდ ფართობს”. მისივე განმარტებით, ბორჯომის საკურორტო ტყეებში მხოლოდ საშეშე მერქანი იჭრება, ესეც იმიტომ, რომ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ზამთარში შეშით თბება: “საკურორტო ტყეებში ყველა მოსაჭრელი ხე დანომრილია. ეს კი იმდენია, რომ ბორჯომის მოსახლეობისთვის საკმარისია. მართალია, საკურორტო ტყეებში სამეურნეო გზები არ არის, მაგრამ მოსახლეობა მანქანით თუ ვერ შედის, ტრაქტორითა და ხარებით გამოაქვს საშეშე მერქანი”.  

ბორჯომში 2009 წელს ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტზე 100 ოქმია დაწერილი. “თუ მოქალაქე დაუნომრავ საშეშე მერქანს მოჭრის, ადმინისტრაციული ჯარიმით ისჯება. სამასალე ხის მოჭრის გამო კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში ეძლევა”, - ამბობს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის უფროსი მალხაზ ტაბატაძე და დასძენს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დახმარებით ახლო მომავალში ტყეებში სამეურნეო გზების გაყვანა იგეგმება. გარდა ამისა, რეინჯერთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

ჯილდო წარჩინებული სწავლისათვის

 ოქროსა და ვერცხლის მედლები და პერსონალური კომპიუტერები მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის; ჯილდო და არა სამომავლო გარანტი უმაღლესი სასწავლებლებისთვის. 

პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში პერსონალური კომპიუტერები წელს საქართველოს მასშტაბით 3 191 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა. პროგრამის ბიუჯეტი 2 400 400 ლარს შეადგენდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში 59 პერსონალური კომპიუტერი დარიგდა. პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ ახლანდელ მეათე კლასელებს, საბაზო საფეხურის კარგად დამთავრებისთვის. გათვალისწინებული იყო მათი სამი წლის მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასის ნიშნები. მოსწავლეებს სამი წლის შედეგებით უნდა ჰქონოდათ 9,7 და უფრო მაღალი ქულა. 

,,სამ წელში ყველა საგანში დაწერილი ნიშნები იკრიბება და გამოჰყავთ საშუალო ართიმეტიკული. ინფორმაცია დირექტორებმა მოგვაწოდეს”, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია კობესაშვილმა. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან ყველაზე მეტი, 13 პერსონალური კომპიუტერი მეხუთე საჯარო სკოლას გადაეცა.

,,ეს სკოლა ყველაზე დიდკონტიგენტიანია და ასეც უნდა ყოფილიყო. მცირეკონტიგენტიანია სოფელ ხეოთის სკოლა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იქ ექვსი პერსონალური კომპიუტერი გადავეცით”, - ამბობს ლია კობესაშვილი.  

პერსონალური კომპიუტერების გადაცემას მშობელთა მხრიდან უკმაყოფილებაც მოჰყვა. იყო საუბარი, რომ იყო ჩაწყობა და პირადი ნაცნობობის გამოყენება.

,,დღეს რესურსცენტრში მოსული იყო ბავშვის ბებია, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის შვილიშვილსაც უნდა ჰქონდეს კომპიუტერი. ამ ბავშვის ქულა იყო 9,6 რაც დაწესებულ კრიტერიუმში არ ჯდება. რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს სკოლებიდან დირექტორებმა, ის გადავეცით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს”, - განაცხადა რესურსცენტრის უფროსმა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში პერსონალური კომპიუტერების დარიგების პარალელურად, წარჩინებული კურსდამთავრებულები ვერცხლისა და ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. 

,,წელს დავარიგეთ ორი წლის მედლები. 2007-2008 სასწავლო წლებში ქართულენოვან სკოლებს გამოსაშვები კლასები არ ჰყავდათ, მხოლოდ არაქართულენოვან სკოლებს ჰყავდათ კურსდამთავრებულები. ორი წლის მონაცემებით მედლებით 38 მოსწავლე დაჯილდოვა, აქედან 18-ს ოქროს, ხოლო 20-ს ვერცხლის მედალი გადაეცა”, - გვითხრა ლია კობესაშვილმა. 

2008-2009 წლებში კი პირიქით იყო, არაქართულენოვან სკოლებს არ ჰყავდათ გამოშვება. ამ წლების მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებს 40 წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათგან რვამ ოქროს, ხოლო 32-მა ვერცხლის მედალი მიიღო.

მასწავლებლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მედლების გადაცემა კარგი სტიმულია ბავშვებისთვის, თუმცა ადრე უფრო ღირსეულები იღებდნენ ოქროს მედლებს, ვიდრე ახლა. მათივე თქმით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ოქროს მედალოსნები უმაღლესი საწავლებლის გარეთ დარჩნენ და ფასიან სექტორზეც კი ვერ მოხვდნენ, რაც ნამდვილად შეუსაბამობაა.
 

განსხვავებული მოსაზრება აქვს ლია კობესაშვილს: ,,ოქროს მედალი ეს არის ჯილდო მოსწავლეებისთვის, რომ მათ წარმატებით დაამთავრეს სკოლა და არა გარანტი იმისა, რომ უცილობოდ მოხვდები უმაღლეს სასწავლებელში”.  

გულო კოხოძე, ახალციხე

სამაგისტრო გამოცდის შედეგები

ახალციხის სახელმწიფო უნივერსტეტს წელს სამაგისტრო პროგრამებზე 23 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, აქედან სამი ადგილი თავისუფალი დარჩა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, წელს სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ახალი მოდელი დაინერგა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სამაგისტრო პროგრამების ცენტრალიზებულად, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით დაფინანსება.
 
მიმდინარე წელს სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს მასშტაბით 5332-მა კანდიდატმა ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა. ამათგან, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე 3092 მათგანი ჩაირიცხა. სრული სახელმწიფო დაფინანსება კი 920-მა მაგისტრანტმა მიიღო.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე 23 ვაკანსია იყო: რვა-რვა ადგილი იურიდიული და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტებისთვის, შვიდი ადგილი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის. 

“პირველადი მიღების შედეგად ექვსი კაცი ჩაირიცხა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, აღრიცხვა-კონტროლი-აუდიტის მიმართულებით; რვა - იურიდიულ ფაკულტეტზე, სისხლის სამართლის მიმართილებით. ერთი სტუდენტი იყო შემოსული ქართული ლიტერატურის მიმართულებით და ისიც ჩაირიცხა”, - განმარტავს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ნიკო ახალკაცი. 

მისივე თქმით, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს დამატებითი გამოცდების ჩატარების მოთხოვნით მიმართეს, რათა დარჩენილი ადგილების სხვა ფაკულტეტზე გამოყენების ნება დაერთოთ: “დამატებით დროში ასტრონომიის მიმართულებით გამოვაცხადეთ მიღება და მათემატიკა-ასტრონომიაში დავნიშნეთ გამოცდები. ჩაირიცხა კიდევ ხუთი სტუდენტი”. 
საბოლოოდ, მისაღები 23 ადგილიდან 20 შეივსო. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით დაფინანსდა 11 მიმართულება (ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა), რომელთაგან, მთავრობის მიერ, პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული საბუნებისმეტყველო, აგრარული, საინჟინრო, პედაგოგიკის მიმართულებები. რაც შეეხება, ახალციხის უნივერსიტეტს, ამ ეტაპზე ცნობილი არაა, ვინ მიიღებს გრანტს. ნიკო ახალკაცის განმარტებით, გრანტები ყველა მიმართულების მიხედვით თანაბრად არ ნაწილდება: “პრიორიტეტი მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო დარგის მიმართულეებს მიენიჭება. ნაწილობრივ დაფინანსდება ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. იურიდიულსა და ბიზნეს-მართვის მიმართულებით კი, სადაც ყველაზე მეტი მაგისტრანტია რეალურად, გრანტი არ გაიცემა”. 

ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლა საგაზაფხულო სემესტრიდან დაიწყება. 

 თამარ თოთაძე, ახალციხე

გაუვალი ქუჩა

 ნინოწმინდაში, მაშტოცისა და ისააკის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლოება წვიმისა და თოვის გამო კვლავ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ისინი ქუჩების გაუვალობასა და ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობას უჩივიან. 

ასეთი მდგომარეობა ქუჩებზე მას შემდეგაა, რაც ქალაქის ეს ნაწილი აშენდა. მას ხალხმა “ჩოჩაშენი” (“ჭაობი”) დაარქვა. მოსახლეობა ამბობს, რომ 20 წლის განმავლობაში ამ მონაკვეთზე საფარი ერთხელ დააგეს. მაშინ მოძარაობა შესაძლებელი იყო, თუმცა შემდეგ ქუჩის საფარი კვლავ დაზიანდა. მიმდინარე წლის ზაფხულის წვიმების შემდეგ კი არა თუ ფეხით, ტრანსპორტით მოძრაობაც გაჭირდა. 

“გასულ წელს რომელიღაც ორგანიზაციას ამ ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა. მაშტოცის ქუჩაზე ჭაობი ამოივსო, დაგვარწმუნეს, რომ სამუშაო უმაღლეს დონეზე შესრულდა. ორი თვის შემდეგ გზა კვლავ ჭაობად იქცა”, - ამბობს მაშტოცის ქუჩის მცხოვრები ფილიპ არუთუნიანი. 

ისააკისა და მაშტოცის ქუჩის მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით. 
 
“ამბობენ, რომ შარშან რაღაც გაკეთდა, მაგრამ ამის მოწმე არავინაა. ხელმძღვანელობას ბევრჯერ შევჩივლეთ. იმედი გვაქვს, ახლანდელი ხელისუფლება მაინც დაინტერესდება ჩვენი პრობლემით”, - ამბობს ვლად შირინიანი. 

თუმცა მის ოპტიმიზმს ამ ქუჩების ყველა მცხოვრები ვერ იზირებს. 

“ნუთუ ეს ქუჩას ჰგავს?! ყოველდღე ქალაქის კეთილმოწყობაზე, ევროსტანდარტებზე საუბრობენ. ნუთუ “ჭაობში” ცხოვრება ევროსტანდარტია?!” - ასეთია მოსახლეობის კომენტარები. ნარინე ვართანიანი კი ჩივის, რომ გაუვალი გზის გამო მისი ბოსტანი სავალ ბილიკად გადაიქცა: “თივის ზვინებიც ჭაობში დგას და ფუჭდება, რეზინის ჩექმების გარეშე ვერც მიუახლოვდები. ჭაობის ჭუჭყიან წყალში სიარულისგან ბავშვებს მალე რევმატიზმი დაემართებათ”.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბრისას ირკვევა, რომ მიმდინარე წელს პრობლემა არ მოგვარდება, რადგან ბიუჯეტში თანხები არ აქვთ. რა და როგორ გაკეთდება მომავალ წელს, ესეც კვლავ ფინანასებზეა დამოკიდებული და მას შემდეგ გაირკვევა, რაც 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდება. 

“მომავალ წელს, პირველ რიგში, ქალაქის გაუვალი ქუჩების შეკეთებას ვგეგმავთ. გზებზე ქვა, ღორღი და ხრეში დაიყრება. ბიუჯეტი საშუალებას თუ მოგვცემს, ქუჩების ასფალტირებასაც ვგეგმავთ”, - გვაიმედებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვლადიმერ სტამბოლციანი. 

წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა

ეროვნული პარკის მშენებლობა ფერხდება

 იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რაც ჯავახეთის ეროვნული პარკის საზღვრებში უნდა მოექცეს, კერძო საკუთრებაშია. 

ჯავახეთის ეროვნული პარკის რუკის დახაზვისას გერმანიის ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი WWF კერძო მიწების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ეროვნული პარკის საბოლოო საზღვრების დადგენისა და რუკის დახაზვის მიზნით, ჯავახეთს პროექტის კოორდინატორი ნიკა მალაზონია და კარტოგრაფი გიორგი ბერუჩაშვილი ესტუმრნენ. ადგილზე მათ შეიტყვეს, რომ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი მოსახლეობის კერძო საკუთრებაა. 

ამ ეტაპზე ისინი კერძო მიწების ზუსტ საზღვრებს ადგენენ. ნიკა მალაზონიას თქმით, სომხეთის საზღვრიდან მხოლოდ 500 მეტრის მანძილზე შეუძლიათ დარწმუნებით თქვან, რომ სახელმწიფოს საკუთრებაა, შემდეგ კერძო ტერიტორიები იწყება. ბუნების დაცვის სტანდარტებით კი, ეროვნულ პარკში კერძო საკუთრებაში არსებული მიწების მოქცევა დაუშვებელია, რადგან პარკის ტერიტორიების აქტიურად დამუშავება არ შეიძლება. 

მონაცემები, რომელთა მიხედვითაც WWF-მა ეროვნული პარკის საზღვრები შემოფარგლა, 3-4 წლის წინანდელია. სახელმწიფო საკუთრების მიწების გარდა, განსაზღვრულ ტერიტორიაზე მაშინ მხოლოდ არენდით აღებული ნაკვეთები იყო. როგორც ჩანს, ამ წლების განმავლობაში ხალხმა მიწების პრივატიზება მოახდინა. კერძო ნაკვეთები განსაკუთრებით ბევრია ეროვნული პარკის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ნაწილში. 

“მიწის ნაკვეთები ეკოლოგიური პრიორიტეტების მიხედვით შეირჩა. მაშინ, როდესაც კვლევები ჩატარდა, აქ კერძო საკუთრება არ იყო და ეს ეროვნული პარკის გაკეთებისთვის ძალიან კარგი ბაზისი იყო. ეროვნულ პარკებში მიწის გამოყენების განსაკუთრებული რეჟიმია. ვერ დაგპირდებით, რომ პარკის მიწაზე 1000 ძროხას შევუშვებ, რადგან ისინი საძოვარს გააფუჭებენ და გამოვა, რომ მე მიწას კი არ ვიცავ, არამედ პირიქით, მის განადგურებას ვუწყობ ხელს. ეროვნული პარკის მიწის გამოყენება შეიძლება, მხოლოდ ესაა გაკონტროლებული გამოყენება”, - ამბობს ნიკა მალაზონია. 

პრივატიზებული მიწების შესახებ მონაცემები ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრში ზუსტდება. 

“თუ აღმოჩნდება, რომ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე კერძო საკუთრების მიწები უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ალბათ, აქ ეროვნული პარკის მშენებლობა აღარ გამოვა, - ამბობს ნიკა მალაზონია და იქვე ამატებს, - თუ ეს დამტკიცდება, ჩვენ უკან მაინც არ დავიხევთ და ალბათ ალტერნატიულ გზებს მოვძებნით”.

თუმცა, ალტერნატიულ გზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს: “ვერ ვიტყვი, იყიდიან თუ არა მიწებს. როდესაც ზუსტი ინფორმაცია გვექნება, ამ საკითხს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აუცილებლად განვიხილავთ”. 

ჯავახეთის ეროვნული პარკი სხვა ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვისაც. ბუნების დაცვა ხელს შეუწყობს დამხმარე ზონების განვითარებას. დამხმარე ზონაში კი ეროვნული პარკის მოსაზღვრე ყველა სოფელი შედის. პროექტი ამ სოფლების განვითარებაში ინვესტიციებს ჩადებს, დაეხმარება მათ ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა და მომგებიანი გზით მოპოვებაში, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარებაში, რათა დამხმარე ზონების მოსახლეობამაც, თავის მხრივ, ეროვნული პარკი დაიცვას. 

შუშან შირინიანი, ახალქალაქი 

მომხრეები და მოწინააღმდეგეები

 რას ფიქრობს სომხური დიასპორა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე
რას ფიქრობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომხები სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და რატომ ემხრობიან ან ეწინააღმდეგებიან ხელმოწერილ პროტოკოლებს.

სომხურ-თურქული პროტოკოლების ხელმოწერას სომხეთშიც და სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შორისაც არაერთმნიშვნელოვანი რეაქციები მოჰყვა. სომეხი ექსპერტები პროტოკოლების ხელმოწერასთან დაკავშირებით ორ საპირისპირო მოსაზრებას გამოთქვამენ. ნაწილი ამბობს, რომ ეს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას უსაფრთხოებას ემუქრება, ნაწილი კი პირიქით, ფიქრობს, რომ ეს სომხეთის საგარეო პოლიტიკაში მეტად პოზიტიური სვლაა.

“სამხრეთის კარიბჭე” დაინტერესდა რას ფიქრობენ ამ საკითხზე უბრალო მოქალაქეები. ჩვენს კითხვებს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებმა სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა უპასუხეს. მათ კომენტარების გარეშე წარმოგიდგენთ.

“თურქეთთან საზღვრის გახსნის მომხრე ვარ. გენოციდის საკითზე მუშაობა კი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი კვლავ დაგვიკეტავენ საზღვარს, ახლა რომც გახსნან. საზღვრები უნდა გავხსნათ, მაგრამ თურქებთან ძმური ურთიერთობების დამყარება საჭირო არ არის. ეს დიპლომატიური თამაშია. ყველაზე მთავარია, არ დავივიწყოთ პარუირ სევაკის სიტყვები: “როდესაც თურქს ხელს უწვდი, ყურადღებით დააკვირდი და მის ფრჩხილებქვეშ შენი ბაბუების სისხლს დაინახავ”, - ამბობს ყაზახეთში მცხოვრები 34 წლის შანტ მკრტჩიანი.

“საზღვრის გახსნისადმი ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი. რაში სჭირდება სომხეთს საზღვრის გახსნა?! საზღვრის გახსნა დაუშვებელია, სანამ თურქეთი 1915 წლის სომხების გენოციდს არ აღიარებს, ასევე, მთა არარატს მიმდებარე ტერიტორიებითურთ არ დააბრუნებს. გარდა ამისა, ჩემი აზრით, თურქეთმა 100 წლის განმავლობაში სომხეთს დადგენილი (დიდი) ფულადი ანაზღაურება უნდა უხადოს. რასაკვირველია, ეს გენოციდის მსხვერპლს ვერ აანაზღაურებს, მაგრამ თუ სომხები გენოციდის ფაქტის დამტკიცებას შევძლებთ, ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ სომხები დიადი ხალხია და 1.5 სომეხის დაკარგვისგან გამოწვეულ წუხილსაც შეამსუბუქებს!!! და ბოლოს, მინდა დავამატო, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ, სომხები გენოციდის ფაქტის დამტკიცებასა და თურქეთის პასუხისმგებლობაში გადაცემას შევძლებთ!!! ჩვენს მიზანს სომხები აუცილებლად მივაღწევთ!!!” - განაცხადა რუსეთში მცხოვრებმა 25 წლის ნარეკ ალოიანმა.

“ამ პროტოკოლისა და საზღვრის გახსნის წინააღმდეგი ვარ – თურქების მიერ სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებამდე. მიზეზი ბევრია, მხოლოდ ერთს დავასახელებ. ყველა ამტკიცებს, რომ საზღვრის გახსნის შემდეგ ეკონომიკა აყვავდება, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ქვეყანას იაფი თურქული პროდუქცია მოაწყდება და სწორედ ჩვენი ადგილობრივი მწარმოებელი დაზარალდება! ბაზარი დღეს, საზღვრის გახსნამდეც გადაჭედილია თურქული ნაწარმით, ჩვენი ადგილობრივი მრეწველები კი მათ კონკურენციას ვერ უწევენ. უფრო განვითარებულ ქვეყნებში ადგილობრივი მეწარმეების დასაცავად სპეციალური კანონები არსებობს, ჩვენთან კი ასეთი მხარდაჭერა არ არის! მეორე მხრივ კი, მეშინია და ამის წარმოდგენაც არ მინდა, რომ თურქები ჯგუფ-ჯგუფად ჩამოვლენ სომხეთში და თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ამის მაგალითია ირანელები, რომლებმაც ერევნის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ოკუპირება მოახდინეს! ყველაზე ლოიალურ ევროპულ ქვეყანაში ჩასული ყველაზე წესიერი ადამიანიც კი თავს სტუმრად გრძნობს! ჩვენთან კი პირიქითაა – უცხოელები პრივილეგირებული კასტაა!”, - გვიპასუხა 25 წლის მია ტერ-ისრაელიანმა ესპანეთიდან.

“საზღვრის გახსნის მომხრე ვარ. მიწა არავის არავისთვის დაუბრუნებია. მსოფლიოში ურთიერთობები ყოველთვის ძალას ემყარებოდა და ჩვენც სულ უფრო და უფრო ძლიერები უნდა გავხდეთ. სომხურ-თურქული პროტოკოლების ხელმოწერა დიასპორასა და დედა სომხეთს შორის კავშირს ვერ შეასუსტებს. ორ დას ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მცირე უსიამოვნებები (რ. ხროვუტიუნი) გაივლის”, - წერს 55 წლის პარიზელი კარინე როსტომიანი.

“საზღვრის გახსნის წინააღმდეგი ვარ. ამდენი წელი დახურულ საზღვრებში ვცხოვრობთ და ეს არც მომავალში გაგვიჭირდება”, - ამბობს 19 წლის ანი ასატრიანმა უკრაინიდან.

“საზღვრის გახსნა გენოციდის დავიწყებასა და თურქებისთვის პატიებას ნიშნავს. დღეს ჩვენთვის საზღვრის გახსნაზე მნიშვნელოვანი საკითხი გენოციდის აღიარებაა. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ”, - გვითხრა 43 წლის თბილისელმა ანი მანუკიანმა. 

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი



ბრძოლა დაკარგულის დასაბრუნებლად

 უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებულმა ახალციხის საფეხბურთო გუნდმა “მესხეთმა” პირველ ლიგაში თამაში მინუს სამი ქულით დაიწყო და ამჟამად მე-12 ადგილზეა. 

ახალციხის საფეხბურთო გუნდი უმაღლესი ლიგიდან უსახსრობის გამო გამოირიცხა. “მესხეთი” პირველ ლიგაში ივლისში დააქვეითეს. ამიტომ გუნდმა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ბრძოლა თავიდან დაიწყო. ბოლო პერიოდში ჩატარებული თერთმეტი თამაშიდან გუნდს ოთხი გამარჯვება, ერთი ფრე და ექვსი წაგება აქვს. მთავარი მწვრთნელის პაატა გოგლაძის თქმით, საქართველოს ჩემპიონატი წარმატებით დაიწყეს, მაგრამ შემდეგ “ფორტუნამ უმტყუნათ” და რამდენიმე თამაში არასასურველი შედეგით დასრულდა: 
“ძლიერ გუნდებთან მოგვიწია შეხვედრა და ამიტომ რამდენიმე წაგებაც გვქონდა. მაგრამ ბოლო თამაში ჭიათურის “მაღაროებთან” ვითამაშეთ, ორით ნოლი გავიმარჯვეთ და მეთორმეტე ადგილზე გადმოვინაცვლეთ”.

გუნდში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც “მესხეთი” ნიკა სარჯველაძის მფლობელობაში გადავიდა, ნაკლები პრობლემები აქვთ.

“უმაღლესი ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ გუნდი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. ამ კაცმა იმდენი გააკეთა, რომ გუნდი პირველ ლიგაში შეინარჩუნა. დააკმაყოფილა ყველაფრით: ფორმა, ბუცები, ბურთები. ფეხბურთელებს ხელფასს უხდის. ყველაფერს აკეთებს, რომ გუნდი ფეხზე დადგეს”, - გვეუბნება მწვრთნელი. 
 
უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების შემდეგ “მესხეთმა” საქართველოს მორიგი ჩემპიონატი მინუს სამი ქულით დაიწყო. ახლა გუნდი პირველ ლიგაში მონაწილე თხუთმეტ გუნდს შორის მეთორმეტე ადგილზეა. გუნდის მიზანი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მხოლოდ ადგილის შენარჩუნება არ არის. პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ მათი სამომავლო გეგმა შვიდეულში მოხვედრაა: “ჯარიმები იყო გადასახდელი და ვერ გადაიხადეს, ამიტომ მინუს სამი ქულით დაგვაწყებინეს. ახლა ის სამი ქულა რომ გვქონდეს, მერვე ადგილზე ვიქნებოდით. მეორე წელს გუნდი თუ გავაძლიერეთ, უმაღლეს ლიგაში გადასვლაზეც ვიფიქრებთ”.  

გუნდის გაძლიერებაში იგი ფინანსურ შესაძლებლობებს გულისხმობს, რას “მესხეთს” გამოცდილი ფეხბურთელების ყიდვის საშუალებასაც მისცემს. ამ ეტაპზე ახალციხის საფეხბურთო გუნდში ძირითადად ადგილობრივები თამაშობენ. გუნდის კაპიტანი დიმიტრი ლეკიშვილია. ფეხბურთელების ანაზღაურება ნორმალურია და ამით არც გუნდის წევრები არიან უკმაყოფილო.  

“გვყავს რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელი, ბიჭების უმეტესობა უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, ხოლო ნაწილი ახალბედა ფეხბურთელები არიან”, - განმარტავს პაატა გოგოლაძე. 

ფეხბურთელებს მხოლოდ ერთი პრობლემა აწუხებთ - მინდვრის საფარის უქონლობა ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე. სპორტსმენები ამბობენ, რომï² საკუთარ მოედანზე თამაშების ჩატარების უფლება მისცეს, მაგრამ სასურველია, საფარი უკეთესი იყოს. 

“სხვა ქალაქებთან შედარებით მინდორი იმ დონის არ არის, რომ ადვილი იყოს აქ თამაში. კარგი იქნება, თუ დაგვეხმარებიან”, - ამბობს გუნდის თავდამსხმელი ირაკლი ცნობილაძე. 

საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ისეთი გუნდები მონაწილეობენ, რომელთა უმრავლესობასაც უმაღლეს ლიგაში აქვს ნათაშამები: ქუთაისის “ტორპედო”, ბათუმის “დინამო”, ფოთის “კოლხეთი” და ასე შემდეგ. გამოცდილ გუნდებთან თამაში “მესხეთისთვის” დიდი გამოწვევაა. გუნდის ბომბარდირი ირაკლი ცნობილაძე ბოლოს გამართული შეხვედრით კმაყოფილია. სწორედ იგი ლიდერობს მოწინააღმდეგის კარში გატანილი ექვსი გოლით: “გუნდში ერთსულოვნებაა. ყველა ცდილობს, რომ წარმატებას მივაღწიოთ და გამარჯვება გვქონდეს. ამისთვის გავდივართ ყოველთვის მინდორზე”. 

ფეხბურთელებს იმედი აქვთ, რომ “მესხეთს” გულშემატკივრები გამოუჩნდება და ფინანსურად მხარში დაუდგებიან. თავად კი პირობას დებენ, რომ მინდორზე გამარჯვებისთვის გავლენ და დაკარგულ უმაღლეს ლიგას ისევ მალე დაიბრუნებენ.

თამარ თოთაძე, ახალციხე  

ვარჯიში შეუსაბამო გარემოში

 ახალგაზრდებს წარმატების მისაღწევად პირობები არ აქვთ

ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლას შესაძლოა სახურავი ჩამოენგრეს. სასწავლო დაწესებულება აუცილებელი ინვენტარის გარეშე ფუნქციონირებს, რაც წარმატების მიღწევის შანსებს ამცირებს. 
 
ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლა 1986 წელს აშენდა. შენობაში არსებობდა გათბობისა და ვენტილაციის ქსელი, მოწესრიგებული იყო სასადილო და საშხაპე ოთახები და სველი წერტილები. დაწესებულებას ყველა საჭირო ინვენტარიც გაჩნდა. დღეს კი ამ ყველაფრისგან მხოლოდ ცარიელი, დაბზარული კედლებიღაა დარჩენილი. 

შენობაში ორი დარბაზი, ოთხი გასახდელი ოთახი და რამდენიმე კაბინეტია. გასახდელი ოთახებიდან სკოლას მხოლოდ ძირითადი კედლები შემორჩა. სავალალო მდგომარეობაშია შენობის სახურავის ის ნაწილიც, რომელიც გასახდელ ოთახებს ესაზღვრება.

“დიდი ხნის განმავლობაში სახურავის მაგივრობას ზემოდან დასხმული გუდრონი გვიწევდა. ზედაპირზე წვიმის წყალი გროვდებოდა და შენობაში ჩააღწია. ოთხი წლის წინ ახალი სახურავით გადაიხურა, მაგრამ ქვეშ “სინკარები” სულ დამპალია”, - ამბობს სასპორტო სკოლის დირექტორი გრიგოლ ტაბატაძე.

მინებჩამტვრეული ოთახებიდან დერეფნის გავლით დიდი დარბაზში შევდივართ, სადაც უზარმაზარ ფანჯრებს არცერთი მინა არ აქვს. ორპირი ქარის გამო აქ ბავშვები მხოლოდ ზაფხულობით ვარჯიშობენ. მოჭიდავეები და ძალოსნები კვირაში სამ-სამი დღე პატარა დარბაზში გადიან წვრთნებს, სადაც ფანჯრებს მინები აქვს და შედარებით თბილა. 

“აქ რასაც ხედავთ, სულ ბავშვებისა და მათი მშობლების მონდომებითაა გაკეთებული”, - გვიხსნის დირეტქორი.

სკოლას 152 მოსწავლე და 14 თანამშრომელი ჰყავს. 6-დან 20 წლამდე ასაკის ბავშვები აქ მძლეოსნობის, ძალოსნობის, ჭიდაობის, ფეხბურთის, კრივისა და ჭადრაკის წრეებზე დადიან. მომავალი სპორტსმენები გადასახადს არ იხდიან, მეცადინეობა უფასოა.  

“ძირითადად მრავალშვილიანი და გაჭირვებული ოჯახიდან დაჰყავთ ბავშვები. ფასიან წრეების გახსნას აზრი არ აქვს, ასეთ პირობებში არცერთი მშობელი არ გადაიხდის თანხას”, - ამბობს გრიგოლ ტაბატაძე. 

ახალციხეში კომპლექსური სასპორტო სკოლის გარდა სპორტული წრეები მესამე საჯარო სკოლასა და ყოფილ ოფიცერთა სახლში ტარდება. აქ კარატესა და კრივის კერძო წრეებია გახსნილი. მეცადინეობა ფასიანია, თუმცა პირობები გაცილებით უკეთესია. 

“ძალიან კარგი დარბაზი აქვთ, თანამდეროვე სტანდარტების. ჩვენთან კრივის დარბაზი საერთოდ აღარ არის, რამდენიმე წლის წინ “ებრაელების უბანში” ადგილობრივი მეცენატის ინიციატივით გაკეთდა დარბაზი, სადაც ჩვენი ბავშვები ვარჯიშობენ”, - გვიხსნის დირექტორი.

იმისთვის რომ სასპორტო სკოლა გარემონტდეს და ვარჯიშისთვის ელემენტარული პირობები შეიქმნას, დირექტორის თქმით, დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდეა საჭირო: “რამდენიმე წლის წინ საპროექტო სამსახურიდან იყვნენ, დათვალეს რა თანხები დასჭირდებოდა სკოლის რემონტს, თუმცა ორი წლის წინ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბაზაზე გადმოვედით და ცენტრიდან დახმარების იმედიც გაქრა”.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან სკოლა ყოველწლიურად 48 000 ლარით ფინანსდება. დირექტორის განმარტებით, თანხის დიდი ნაწილი სხვადასხვა გასვლით ტურნირებში იხარჯება. ნაწილი კი ხელფასებსა და გათბობას ხმარდება: “მწვრთნელებს 100 ლარი აქვთ ხელფასი. დანარჩენი თანხა გასვლით ტურნირებში მიდის - მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯი. შეიძლება თვეში 2-3 ჯერ გვქონდეს გასვლითი ტურები საქართველოს პირველობებზე, რომლებიც თბილისის გარდა, ქუთაისსა და კახეთში იმართება ხოლმე”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთადაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის იური ზარიძის განმარტებით, შესაძლოა მომავალი წლის ბიუჯეტში სკოლის რემონტისთვს საჭირო თანხები ჩაისვას: “ბევრი რამეა გასაკეთებლი. სავარაუდოდ გარკვეული თანხები გამოიყოფა, თუმცა რამდენი ეს ჯერ არ ვიცით”. 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში შესაბამისი პირობები არ აქვთ, ახალგაზრდები წარმატებებს მაინც აღწევენ. 

“მძლეოსნობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 18 სპორტსმენია, აქედან ხუთი ჩვენი წარმომადგენელია”, - ამბობს მწვრთნელი მძლეოსნობაში დიანა გოგოლაძე და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა რომ მძლეოსნობაში მათ 20 წლის რეკორდსმენიც ჰყავთ და საქართველოსა და ევროპის თასის პრიზიორებიც, სრულფასოვან სპორტსმენებად ჩამოყალიბებისთვის დახაზული სარბენი ბილიკი, სავარჯიშო შიპები და საშხაპეებია საჭირო. სხვა რეგიონის სპორტსმენებისგან განსხვავებით ახალციხის მძლეოსანთა ნაკრები შეჯიბრებებზე მოუწესრიგებელი ცხადდება: “არა აქვთ ფორმები, საწვიმრები, სავარჯიშო შიპები და რაც ყველაზე მთავარია, როცა დახაზულ და დანომრილ სარბენ ბილიკზე დგებიან, იბნევიან”.

გრიგოლ ტაბატაძის განმარტებით, სარბენი ბილიკის გაკეთება სოლიდურ თანხებს მოითხოვს: “რეზინის სპეციალური სარბენი ბილიკი არასდროს გვქონია, თეთრი მიწით ვხაზავდი ხოლმე და ის მიწაც აღარ გვაქვს ახლა”.

სკოლაში ამბობენ, რომ პირობები რომ ჰქონდეთ, მეტ წარმატებას მიაღწევდნენ და ისეთი წრეების გახსნას შეძლებდნენ, რაზეც ბავშვების დაინტერესება დიდია. 

“მშობლებისგან ვიცი, რომ ძალიან ბევრს კალათბურთსა და ფრენბურთზე უნდა სიარული. პირობები რომ გვქონდეს, ბევრ ბავშვს ქუჩას ჩამოვაშორებდით”, - ამბობს დირექტორი. 

ნათია ნებიერიძე, ახალციხე