კონკურსი დირექტორების შესარჩევად



საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. დარეგისტრირებული დირექტორების ნაწილმა გამოცდაზე გასვლა გადაიფიქრა, ისინი კი, ვინც გამოცდაზე გავიდნენ, ტესტების სირთულესა და დროის სიმცირეზე საუბრობენ.

მანანა სარაშვილიახალციხე


 საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსისთვის რეგისტრაცია 25 თებერვლიდან 20 მარტამდე გრძელდებოდა. ტესტირებაში მონაწილება შეეძლოთ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლებს და უმაღლესი განათლების მქონე იმ მოქალაქეებს, რომელთაც დირექტორად არ უმუშავიათ.
 
დირექტორთა შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ჩატარდა. თითოეულმა მონაწილემ ინდივიდუალური ტესტი შეავსო, რომელიც 100 კითხვისგან შედგებოდა. საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის ფინანსური მართვა, ლოგიკური მსჯელობა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი _ ამ მიმართულებით უპასუხეს კითხვებს დირექტორობის მსურველებმა.

ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე ერთ-ერთია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გამოცდაზე აღარ გავიდა.

დროში ვერ ჩავეტიე, განათლების სამინისტრომ გაცვლითი პროგრამით პრიბალტიკის ქვეყნებში გამაგზავნა და იქიდან პირველ აპრილს დავბრუნდი”, - ამბობს იგი.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორი კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, რის გამოც კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა: ჩემი ინფორმაციით, შეკითხვები უამრავ კანონზე იყო, თითქმის ყველა კანონში სიახლეებია, მათი გაცნობისთვის საკმაო დრო მჭირდება. გამოცდაზე მაშინ გავალ, როცა დარწმუნებული ვიქნები, რომ საკითხების 99 პროცენტი ვიცი”.

გამოცდაზე ქალაქ ვალის პირველი და მესამე საჯარო სკოლის დირექტორები და ამავე სკოლის რამდენიმე პედაგოგიც გავიდნენ. მათ შორის, მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მაია კაკაჩიშვილიც. მისი თქმით, ტესტების დიდი ნაწილი რთული იყო, გამოცდისთვის გამოყოფილი დრო კი არასაკმარისი: განსაკუთრებით საკანონმდებლო ნაწილი გაგვიჭირდა. უამრავი საკითხი იყო და ცოტა დრო გვქონდა. ჩვენი სკოლიდან ვინც იყო წასული, თითქმის ყველას გაუჭირდა”.

ერთი წელია სვეტლანა არუთუნიანი ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. შესაბამისად, დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მასაც შეეძლო. თუმცა, ენის ბარიერის გამო, გამოცდაზე გასვლა მარტივად არ გადაუწყვეტია: ბევრი ვიფიქრე გავსულიყავი თუ არა, მეგონა გამიჭირდებოდა, მაგრამ თავი გავართვი. რთული არ იყო, თუმცა, რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობა არ მესმოდა და დამეხმარნენ. ტესტები სომხურ ენაზეც რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა”.

ტესტირების შემდეგ დირექტორებს გამოცდის მეორე ეტაპი - გასაუბრება ელით. მეორე ეტაპზე ის კანდიდატები გადავლენ, რომლებიც მინიმალურ ზღვარს გადალახავენ, ანუ 70 ქულაზე მეტს დააგროვებენ.  

მეორე ეტაპზე დირექტორობის კანდიდატი ზეპირი გამოცდის საკითხებიდან აირჩევს თემას, რომელზეც პრეზენტაციას გააკეთებს. დანარჩენი დრო კითხვა-პასუხს დაეთმობა. ამ ეტაპზე გასვლა სვეტლანა არუთუნიანს განსაკუთრებით ეძნელება: კარგად ვერ ვსაუბრობ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ზეპირი გამოცდის ჩაბარება გამიჭირდება. შეიძლება არ გავიდე გასაუბრებაზე, მგონია, რომ კარგად ვერ გადმოვცემ იმას, რასაც მომთხოვენ”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 39 სკოლაა (38 საჯარო და ერთი კერძო), ამათგან, 22 სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. მათგან რამდენი გავიდა გამოცდაზე, რესურსცენტრში არ იციან

საგამოცდო ბარათი 30 კანდიდატმა წაიღო. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც დირექტორად არასოდეს უმუშავიათ. რეალურად რამდენი გავიდა გამოცდაზე ამის შესახებ ინფორმაცია არამაქვს. ვიცი, რომ ბოლოს ბევრმა გადაიფიქრა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ”, - ამბობს რესურცენტრის უფროსი ნინო დემეტრაძე

ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული პირები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, რის საფუძველზეც, მათ დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით მიენიჭებათ. სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე წარდგენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოხდება. საბოლოოდ, დირექტორს სამეურვეო საბჭო ირჩევს, ანუ, გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს

ტესტირების შედეგები 15 აპრილს იქნება ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ დაინიშნება კონკურსის მეორე ეტაპი. საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი კომპიუტერული ტესტირების გამოყენებით პირველად ტარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია

1 comment:

  1. რთული არ იყო მაგრამ დროში ვერ ჩავეტიე. კომპიუტერით
    ტესტების გასწორებას ამდენი დრო რატომ უნდა?
    აუცილებლად რაღაც დევს,ტესტები რომ შეცვალონ ვერაფერს დაამტკიცებ.სჯობდა პასუხები ტესტირების დამთავრებისთანავე ყოფილიყო, მაგრამ საეჭვოდ შეცვალეს გადაწყვეტილება, ამიტომ მე იმედი არ მაქვს,მხარდამჭერი არ მყავს სამინისტროში.

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი