მომდევნო ნაბიჯი ხელფასის მოსამატებლად


 10 აპრილს სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა ჩატარდა. რა დავალებების შესრულება მოუწიათ მასწავლებლებს? რა სირთულეები შეექმნათ და რა თანხით გაიზრდება მათი ანაზღაურება გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

მანანა სარაშვილი, ახალციხე

 მასწავლებელთა პირველი სასერტიფიკაციო გამოცდა გასული წლის ივლისში ჩატარდა. მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო. სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსის მისაღებად მასწავლებლებმა ორი გამოცდა ჩააბარეს: პროფესიული უნარები და საგნობრივი გამოცდა. საგნობრივი ტესტი იმ საგნის ცოდნის ხარისხს აფასებდა, რომელსაც ისინი ასწავლიან ან სურთ რომ ასწავლონ. ხოლო პროფესიული უნარების ტესტი იმ უნარ-ჩვევებს ამოწმებდა, რისი ცოდნაც პროფესიული სტანდარტით პედაგოგისთვის სავალდებულოდ ითვლება.

გამოცდა სამ საგანში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და უცხო ენები (ინგლისური, რუსული, ფრანგული და გერმანული). პირველ სასერტიფიკაციო გამოცდებში 10 ათასზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა. ამათგან, ორივე გამოცდას მხოლოდ 6075 პედაგოგი აბარებდა. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი 1147 პედაგოგს მიენიჭა. მათი ანაზღაურება 75 ლარით გაიზარდა. ხოლო 160 ლარი მოემატათ ხელფასზე იმ მასწავლებლებს, რომელთაც გასაუბრების ეტაპიც წარმატებით გაიარეს და მენტორ მასწავლებლებად დაინიშნენ. თუმცა, მათ გაეზარდათ მოვალეობებიც (მენტორები მასწავლებლობის მაძიებლებთან მუშაობენ, მათ პროფესიულ და მეთოდურ უნარ-ჩვევებს გადასცემენ).

კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდის ჩაბარება მხოლოდ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შეეძლოთ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მათი ანაზღაურება 125 ლარით მოიმატებს.

სამცხე-ჯავახეთში 2726 პედაგოგია. ახალციხის მუნიციპალიტეტში მათი რაოდენობა დაახლოებით 1200- შეადგენს, მათგან სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსი მხოლოდ 15- აქვს. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით, 15 პედაგოგიდან ინტეგრირებულ გამოცდაზე 11 მასწავლებელი გავიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით კი, საქართველოს მასშტაბით ინტეგრირებულ გამოცდაზე 717 პედაგოგი გავიდა.

ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება და ტექსტში გამოტოვებული ადგილების შევსება; წაკითხულის გააზრება და კითხვებზე პასუხების გაცემა; მოცემულ ტექსტზე დაყრდნობით   4-სლაიდიანი პრეზენტაციის მომზადება PowerRoint-ში (სადაც უნდა იყოს დიაგრამებიც) და შესრულებული ნამუშევრის ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა, - ის დავალებებია, რაც გამოცდაზე გასულ კანდიდატებს უნდა შეესრულებინათ. 

მოცემული იყო უცხო ტექსტი, რომელშიც ბიოგრაფიული მონაცემები გამოტოვებული იყო, უნდა მოგვეძია ინფორმაცია და ჩაგვესვა. იყო მეორე ტექსტიც, რომლის მიხედვით ექვს შეკითხვაზე უნდა გაგვეცა პასუხი. შემდგომ უნდა გაგვეკეთებინა პრეზენტაცია და ეს ყველაფერი გაგვეგზავნა მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე”, - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი თეა ფოცხვერაშვილი.

ყველაზე მეტად მასწავლებლებს შესრულებული დავალების ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნა გაუჭირდათ.

დავალება Ooutlook –ის საშუალებით უნდა გადაგვეგზავნა, ეს მანამდე არ ვიცოდით, ამიტომ ყველას ძალიან გაგვიჭირდა. ზუსტად არც ვიცი გაიგზავნა თუ არა ჩემი დავალება”, - ამბობს ფოცხვერაშვილი.

მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, მათემატიკის მასწავლებლის ზაზა თამარაშვილის თქმით, გამოცდაზე ბევრი ტექნიკური წვრილმანი იყო, რაც დიდ დროს მოითხოვდა: “ასეთი საკითხებიდან რომელიმეს თუ ვერ შეასრულებდი, საბოლოო შედგეს ვერ მიიღებდი. ძალიან ბევრმა კარგად იმუშავა, მაგრამ ბოლოს გაგზავნა გაუჭირდათ”.   

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ბადრი კაპანაძე სერტიფიცირებული პედაგოგია. მაგრამ, ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდაზე არ გასულა.  

გამოცდისთვის ჯერ მზად არ ვარ, ორ თვეში ინგლისურს ისე ვერ ვისწავლიდი, რომ გამოცდის ჩაბარება არ გამჭირვებოდა. კარგად მოვემზადები და მერე ჩავაბარებ”, - ამბობს იგი.

პედაგოგის საშუალო ხელფასი სრულ განაკვეთზე 380 ლარს შეადგენს. სერთიფიცირების შემდეგ, ამ თანხას 75 ლარი ემატება. ინგლისური ენისა და კომპიუტერის ჩაბარების შემდეგ კი 125 ლარი. შესაბამისად, პედაგოგის საშუალო ხელფასი 580 ლარი ხდება. საბოლოოდ, მთავრობა პედაგოგებისთვის ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდას გეგმავს. 1000 ლარს პირველ ეტაპზე მასწავლებელთა მხოლოდ 25 პროცენტი მიიღებს, ისინი, ვინც ყველაზე მაღალ ქულებს დააგროვებენ. საერთო ჯამში გამოცდებიდან საკონკურსო ქულის გამოთვლისას, ყველაზე დიდი მნიშვნელობა საგნობრივ ტესტსა და პროფესიულ უნარებში მიღებულ შეფასებებს ენიჭება.

ამ დროისთვის, სერთიფიცირებული 1200 პედაგოგია. სასერტიფიკაციო და ინტეგრირებული გამოცდები წელიწადში ერთხელ ჩატარდება. გამოცდაზე გასვლა უახლოესი სამი წლის განმავლობაში ნებაყოფლობითი იქნება. სამი წლის შემდეგ კი კვალიფიკაციის ამაღლებას, კომპიუტერისა და უცხო ენის ცოდნას, ყველა პედაგოგს ოფიციალურად მოსთხოვენ.  

ინტეგრირებული გამოცდა წელს პირველად ჩატარდა. მისი შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი