თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ერევანში


 საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ოფიციალური ვიზიტით ერევანს ესტუმრა. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ახალაია სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და თავდაცვის მინისტრს სეირან ოჰანიანს შეხვდა.
აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

სომხეთში ვიზიტისას ბაჩო ახალაიამ ციცერნაკებერდში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, მათი მოადგილეები, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და დეპარტამენტების უფროსები ესწრებოდნენ. საუბრის ძირითადი თემა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა და სამხედრო განათლება იყო.


ბაჩო ახალაიამ სეირან ოჰანიანს საერთაშორისო ოპერაციებში მიღებული გამოცდილების გაზიარება და დანაყოფების საქართველოში მომზადება შესთავაზა. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა კი საქართველოს დელეგაციას სომხეთის სამხედრო განათლების სისტემა და საცხოვრებელი პირობები გააცნო.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მოსაზრებათა გაცვლა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა და თანამშომლობა უნდა გამყარდეს.

მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოსა და სომხეთს შორის, 2011 წლისთვის სამხედრო თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი. პროგრამა სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს.

ბაჩო ახალაია სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანსაც შეხვდა.

“სომხეთი დაინტერესებულია საქართველო იხილოს მშვიდობასა და სტაბილურობაში”, - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი