არჩევანის გარეშე


გარემონტებული რიტუალების სახლი. 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ,,სოფლის დახმარების პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობისათვის არაპრიორიტეტული, მაგრამ მაინც მისაღები საქმე გაკეთდა.

გულო კოხოძე, ასპინძა

ასპინძის რაიონის ტერიტორიის ფართობი 825 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.  ასპინძის რაიონი დასავლეთით ახალციხის, აღმოსავლეთით – ახალქალაქის, ჩრდილოეთით – ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ხოლო სამხრეთით – თურქეთის რესპუბლიკას ესაზღვრება.

ასპინძის რაიონი მთიანი მხარეა, რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია. იგი წარმოდგენილია ზღვის დონიდან 1200–1800 მ–ის სიმაღლეზე აზიდული ვაკისებრი ტერასებით, გორაკ–ბორცვებით და ვულკანური წარმოშობის მთებით. მოსახლეობა 12, 7 ათასი კაცს შეადგენს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი რუსთავი ცენტრალური გზიდან ორ კილომეტრში მდებარეობს.

სოფელში ამჟამად 138 კომლი ცხოვრობს, მოსახლეობის საერთო რაოდენობა კი 461 კაცს შეადგენს.

სოფლის მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევს.

,,სოფლის დახმარების პროგრამით” 2010 წელს სოფელ რუსთავში  რიტუალების სახლს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ამ პროგრამით სოფელმა 11 ათასი ლარი მიიღო.

,,ხალხმა რიტუალების სახლის გარემონტება მოისურვა. ძველ რიტუალების სახლს წინ მივუშენეთ სამზარეულო და ასევე, შევიძინეთ ჭურჭელი 510-კაცზე”, - გვითხრა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა თამაზ ველიჯანიშვილმა.

რიტუალების სახლი სოფლის ცენტრში დგას. მიშენებულ წინა ნაწილში  მეტალოპლასტმასის ფანჯრებია ჩასმული. ძველ ნაწილში ფიცრებია აკრული, ზოგან კი მთლად ღიაა.

,,შეიძლება სხვა რამის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ფული არ იყო მეტი და რასაც შევწვდით ის გავაკეთეთ”, - ასეთია სოფელში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობის განწყობა.

სოფელ რუსთავში გამოკითხული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ უმჯობესია ,,სოფლის დახმარების პროგრამა” სამ წელიწადში ერთხელ ხორციელდებოდეს და მეტი თანხა იყოს, ვიდრე ნაწილ-ნაწილ მოგვარდეს მცირე პრობლემები და როგორც აქაურები ამბობენ, - ,,სანახევროდ გაკეთდეს საქმე”.

სოფლის მოსახლეობამ იცის, რომ რიტუალების სახლი გარემონტდა და ჭურჭელიც შეიძინეს. თუმცა, რა პროგრამის ფარგლებში, ამის შესახებ, ინფორმაციას არ ფლობენ.

ადგილობრივებმა ვერ გაიხსენეს როდის ჩატარდა კრება და როდის იქნა პრიორიტეტულ საკითხად დაყენებული რიტუალების სახლის რემონტი.

მოსახლეობა იმასაც აცხადებს, რომ მათთვისაც რომ ეკითხათ, ისინიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაასახელებდნენ პრიორიტეტულად, თუმცა გაღიზინებულები ამატებენ, - ,,თუ ჩვენია ეს ფული და ჩვენ უნდა დავხარჯოთ, კი უნდა გვკითხონ ფორმალურად მაინც რამე”.

ადგილობრივმა დათო პაქსაძემ გვითხრა, რომ, - ,,სოფელში ბევრი პრობლემაა: მოწესრიგებული არ არის სასმელი წყლის შიდა ქსელი; ასევე, მუდმივად დგას სარწყავი წყლის პრობლემა; თუმცა, აქაურებისათვის რიტუალების სახლის გარემონტებაც მნიშვნელოვანი იყო”.

ლამარა არგანაშვილი სოფელ იდუმალას მკვიდრია. მან გვითხრა, რომ მეუღლე რიტუალების სახლის მშენებლობაში მონაწილეობდა. ,,ხელფასიც მისცეს”, - ამბობს იგი, თუმცა, რამდენი ვერ აკონკრეტებს.

“პრორიტეტი სასმელი და სარწყავი წლის პრობლემის მოგვარებაა”, - აცხადებენ აქაურები.

,,არჩევანის გარეშე ვართ, ან უნდა გავაკეთოთ ის, რაც მოცემულ ფულში ჩაეტევა, ანდა დავრჩეთ მთლად ისე”, - ამბობენ ადგილობრივები.

,,სოფლის დახმარების პროგრამის” ფარგლებში, შესაძლებელია რამდენიმე სოფელმა თანხა გააერთიანოს და ერთი, საერთო პრობლემის მოგვარებას მოახმაროს. თუმცა, ამის შესახებ მოსახლეობას გაგონებაც არ უნდა.

,,საზიარო არაფერი ვარგა”, - კატეგორიულად აცხადებენ ისინი.

სოფელს რიტუალების სახლი აქვს, თუმცა ,,ქარიან ან ყინვიან ამინდში მტერი დაჯდა იქ”, - ასეთია ადგილობრივების პოზიცია. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი