შიდსის შემთხვევებმა მოიმატა


შიდსის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ყოველწლიურად მატულობს. 2011 წლის 25 მარტის მონაცემებით მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფექციის 91 შემთხვევა გამოვლინდა. 


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 2782 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათ შორის 2050 მამაკაცია, 732 კი ქალი. აივ/შიდსით ინფიცირებულთა უმეტესობა 29-დან 40 წლამდეა.

2011 წელს საქართველოში შიდსით დაინფიცირების 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტების თქმით, შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დაახლოებით 4 000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევაა. ეს კი, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ დიდი რიცხვია.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს გამოვლინდა. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ სამცხე-ჯავახეთში 34 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათ შორის 7 ადამიანი გარდაიცვალა, დანარჩენი კი მკურნალობას თბილისის შიდსის ცენტრში გადიან.

ახალციხის რაიპოლიკლინიკაში 2011 წელს ლაბორატორიულად შიდსით დაინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პოლიკლინიკის დირექტორის თინათინ აბულაძის თქმით, პაციენტები საკუთარი სურვილით შიდსზე ანალიზის გასაკეთებლად იშვიათად აკითხავენ.

''ანალიზს მხოლოდ იმ შემთხვევაში იკეთებენ, როცა ჯანმრთელობის ცნობა სჭირდებათ. ბოლო პერიოდში ლაბორატორიულად მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა და რაიმე შეცდომა რომ არ ყოფილიყო, ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში გადავამოწმეთ. დადასტურდა, რომ პაციენტი ნამდვილად აივ/შიდსით იყო ინფიცირებული'', - განმარტავს თინათინ აბულაძე და ამატებს, რომ გასულ, 2010 წელს ახალციხის რაიპოლიკლინიკაში შიდსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შიდსის ვირუსის გადაცემის სამი გზა არსებობს: სქესობრივი კონტაქტი; ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმა (აივ ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება) და ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის გზა (მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს).

სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში აივ/შიდსის გავრცელების შემდეგი ფაქტორები არსებობს: ნარკომანიის ფართო გავრცელება; საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობა; მოსახლეობის მზარდი მიგრაცია და ფართო საერთაშორისო კონტაქტები; ერთჯერადი სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებათა ნაკლებობა; სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის გადაცემის საკითხებთან დაკავშირებით; პრეზერვატივებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება; შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დაბალი დონე.

მოსახლეობის ცოდნის დონის ასამაღლებლად World Vision საქართველომ ``საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და აივ/შიდსის პრევენციის`` პროგრამის ფარგლებში ორი პროექტი განახორციელა. რომლის მიზანი შიდსის პრევენცია და მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება იყო.

``პირველი ახალგაზრდულ ცენტრებთან ინტეგრაციის პროექტი იყო, რომელიც გასული წლის სექტემბრის ბოლოს დამთავრდა. ხოლო მეორე მიგრანტების პროექტი, ანუ მიგრაციით გამოწვეული აივ/შიდსის პრევენცია და შედეგების შემცირება სამხრეთ კავკასიაში. ამ პროექტის მიზანი იყო მიგრაციასთან დაკავშირებული აივ/შიდსის გავრცელების სტაბილიზაცია და რისკის შემცირება საზღვრისპირა რეგიონებში და მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, - ამბობს პროექტის კოორდინატორი თამაზ კაჭკაჭიშვილი და ამატებს, რომ აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წლის 31 მარტს დასრულდა: პროექტის ფარგლებში 1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ყოველწლიურად ვაკეთებდით სხვადასხვა ღონისძიებებს. ხოლო, მაისის მესამე კვირას აღვნიშნავდით შიდსით დაღუპულთა ხსოვნის დღეს, სადაც ყველას მოვუწოდებდით აივ/შიდსის წინააღმდეგ, როგორც სამიზნე ჯგუფებს, ასევე თემის წევრებსაც``.  

საქართველოში, აივ ვირუსით დღეში, მინიმუმ, ერთი ადამიანი ინფიცირდება. სატატისტიკურად აივ/შიდსით დაინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი. შემდეგ კი საქართველოს დასავლეთი რეგიონები მოდის. სპეციალისტების აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ შიდსის საფრთხე ყველას ემუქრება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს როგორ დაიცვას თავი და აირიდოს აივ/ინფექციით დაინფიცირების შემთხვევა.

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი