ქველმოქმედება თუ უკანონოდ მითვისებული ქონება


სკოლის შენობაზე დავამ სასამართლოში
გადაინაცვლა.

განხეთქილება სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის ირგვლივ; ორ ბანაკად გაყოფილი სოფელი; სკოლიდან სასამართლოში გაგარძელებული დავა და პირად შეურაცხყოფამდე მისული კონფლიქტი; 


თამუნა უჩიძე, ადიგენი





29 მარტს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში 13 საათზე დანიშნული მეორე მოსამზადებელი სხდომა სამ საათს გაგარძელდა და საკმაოდ ხმაურიანიც აღმოჩნდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები და სოფელ აბასთუმნის მკვიდრი, ბიზნესმენი გენადი ენდელაძე ერთმანეთს ღიად სასამართლო პროცესზეც დაუპირისპირდნენ.

''ეს სასამართლო პროცესი არ იყო, არავის არაფრის თქმა არ გვაცალა, სხდომა ჯერ ყვირილში, შემდეგ ჩხუბში გადაიზრდა'', - ამბობს აბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

''შეურაცხყოფა პირადად მეც მომაყენა'', - აცხადებს სკოლის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

აბასთუმანში ყველ-კარაქის ქარხანა, ანუ შენობა, რომელშიც ამაჟამად სკოლა ფუნქციონირებს, გენადი ენდელაძემ 1991 წელს იყიდა. მისივე ნებართვით, 1992 წლიდან, აღნიშნულ შენობაში სოფლის დაწყებითი სკოლა გადავიდა. შენობის მფლობელსა და მისით მოსარგებლეს, ანუ პედკოლექტივს შორის ურთიერთობა გასული წლის სექტემბრიდან დაიძაბა.

''სკოლა გენადი ენდელაძის არის თუ არა, გასარკვევია ჯერ, - აცხადებენ სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები და ამატებენ, რომ პრესასთან ვინაობას არ გაამჟღავნებენ, რადგან შესაძლოა მათ ოჯახებს საფრთხე შეექმნას - მისი მხარდამჭერები სკოლაში გვივარდებიან და გვატერორებენ. ასე შიშში როდემდე უნდა ვიყოთ?! ენდელაძის ''დამქაშებმა'' თავი სკოლასთან ახლაც მოიყარეს''.

სკოლაში ''სამხრეთის კარიბჭის'' გამოჩენისთანავე, სამასწავლებლოში უცნობი მამაკაცი შემოვიდა და ვიდრე პედაგოგებს გავესაუბრებოდით, გვითხრა, რომ ''სკოლასთან დაკავშირებით ყველაფერს თავად აგვიხსნიდა''. როგორც კი უცნობმა, ჩვენი თხოვნითა და პედაგოგების ძალისხმევით, შენობა დატოვა, ''სამხრეთის კარიბჭე'' ვითრების გარკვევას პედაგოგებთან შეეცადა: ''სკოლა რემონტს საჭიროებს, ამიტომ გამგეობას მივმართეთ დაგვხმარებოდა. აგვიხსნეს, რომ ადგილობრივ თვითამმართველობას საამისოდ თანხა არ ჰქონდა და განათლების სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა''. 

სამინისტროში პედაგოგების მიერ წერილის მიწერის შემდეგ, რომელიც სკოლის რემონტისათვის საჭირო თანხის გამოყოფას გულისხმობდა, მასწავლებლების თქმით, ''ენდელაძე გაბრაზდა რატომ მიჩივლეთო და 20 სექტემბერს სკოლის ეზოში შეიჭრა. სიტყვიერი შეურაცხყოფა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მერე სასამართლოში საჩივარი შეიტანა, პედაგოგები მავიწროვებენ და შეურაცხყოფას მეყენებენო''.

სკოლის ეზოში შეკრებილი ენდელაძის მხარდამჭერები ვითარებას სხვაგვარად გვიხსნიან.


''შენობა ენდელაძისაა და საამისოდ ყოველ წელს ქონების გადასახადს საკუთარი ჯიბიდან იხდიდა, მერე გაუჭირდა ფულის გადახდა და  პედაგოგებს სკოლის შენობის ჩუქება შესთავაზა, რის შემდეგაც ქონების გადასახადისაგან თავად გათავისუფლდებოდა, - გვიამბობს გენადი ენდელაძის ძმა, ავთანდილ ენდელაძე - ამის შემდეგ, პედაგოგებმა პრეზიდენტს წერილი მისწერეს, რომელშიც ეწერა, რომ ეს შენობა ენდელაძეს მაფიოზურად ჰქონდა შესყიდული. პრეზიდენტის კანცელარიიდან მოვიდა პასუხი, რომ ვითარების შესახებ რაიონშივე გაერკვიათ. ამან გენადი გააღიზიანა და სასამართლოს მიმართა''.  

გენადი ენდელაძის ძმის პოზიციას იზიარებს აბასთუმნის მკვიდრი გელა გელაშვილიც: ''ნებისმიერი ჩვენგანი რომ მის ადგილზე ვყოფილიყავით, გული მოგვივიდოდა''.

გელაშვილს ეთანხმება მეზობელი მურმან ადეიშვილი და პრესასთან საუბრისას, სკოლაში ბავშვების უსაფრთხოებაზე აკეთებს აქცენტს: ''ამ გაურკვევლობის გამო სკოლა დღემდე ვერ გარემონტდა. შვილი პირველ კლასში შემყავს სექტემბერში და ნახევრად დანგრეულ შენობაში უსაფრთხოდ ვერ იქნება''. 

აბასთუმნის მკვიდრის, რომან ღვიტიძის განმარტებით, ენდელაძემ შენობა სკოლას 1992 წელს უვადოდ გადასცა და აქ სასწავლო პროცესი მანამადე წარიმართებოდა, სანამ ეს სოფელს დასჭირდებოდა: ''პედაგოგების უკან ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარეხი დათიაშვილი დგას, ის ''აბუნტებს'' მასწავლებლებს. პედაგოგები ამის შესახებ მალავენ, მაგრამ თუ საჭირო გახდა, სასამართლოზე ვიტყვი და დავამტკიცებ კიდეც ამას''.  

იმას, რომ მარეხი დათიაშვილის სახელმა და გვარმა ამ კონტექსტში სასამართლო პროცესზეც გაიჟღერა, გენადი ენდელაძის ადვოკატი გიორგი ჯვარიძეც ადასტურებს: ''ენდელაძემ სკოლის დირექტორს სხდომაზევე შესთავაზა, უსასყიდლო უზურფრუქტის ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა,  რის შემდეგაც მოსარგებლეს უფლება ექნებოდა აღნიშნულ მიწაზე ნებისმიერი ტიპის სამუშაოები ჩაეტარებინა. თუმცა, მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს. როგორც ენდელაძემ სხდომაზევე განაცხადა, დირექტორმა მისი (დათიაშვილი, ს.კ) ინტერესის გათვალისწინების გარეშე, დამოუკიდებლად, გადაწყვეტილება ვერ მიიღო''.

მარეხი დათიაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე მის შესახებ საუბარი არ ყოფილა: ''და თუ ამას მხოლდო ღვიტიძე აცხადებს, მის ბრალდებებზე კომეტნარს ვერ გავაკეთებ''.

ჯვარიძის განმარტებით, ენდელაძემ ყველ-კარაქის ქარხანა 1991 წელს 10 350 მანეთად იყიდა და მიღება-ჩაბარების აქტით შენობა ოფიციალურად გადაეცა. ენდელაძემ იგი საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. ვინაიდან ამ დროისთვის სოფელში არსებული სკოლა ნგრევის პირას იყო, რაიონის ხლემძღვანელობის თხოვნით, ყოფილი ქარხანა სკოლას სარგებლობისთავის კეთილი ნებით გადასცა და ამავე წელლს, 4 ათასი ლარის სარემონტო სამუშაოებიც ჩაატარა. 1998 წლიდან კი, ანუ მას შემდეგ, რაც ქონების გადასახადი შემოვიდა, ყოველ წელს 7 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე 840 ლარსაც იხდიდა: ''ამის დამადასტურებელი ყველა დეკლარაცია სასამართლოში წარდგენილი გვაქვს. ამ წუთამდე საჯარო რეესტრშო ქონება რეგისტრირებული ენდელაძეზეა''. 

ჯვარიძის განმარტებით, შენობის სკოლისთვის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება არა მოსარგებლესა და მესაკუთრეს, არამედ ენდელაძესა და იმჟამინდელი ვარხნის საკრებულოს შორის გაფორმდა, რადგან იმ დროისთვის, სკოლები ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე ირიცხებოდა.

ადვოკატის განცხადებით, ენდელაძესა და პედკოლექტივს შორის ურითიერთობა პირველად 2006 წელს დაიძაბა: ''სკოლის დირექციამ მოითხოვა, რომ შენობა სკოლას გადაეფორმებინა, არა სარგებლობის, არამედ საკუთრების უფლებით. 2006 წელში იმიტომ, რომ სკოლები დამოუკიდებელ სუბიექტებად სწორედ ამ დროიდან იწყებენ ჩამოყალიბებას. ენდელაძემ ამაზე უარი განაცხადა''.

კონფლიქტი, განსაკუთრებით, სკოლის რემონტის საკითხმა გაამწვავა. სკოლის შესაკეთებლად განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ სკოლა კერძო საკუთრება იყო და სახელმწიფო შენობის გასარემონტებლად თანხას ვერ გადმორიცხავდა: ''სკოლის დირექციამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ჩივილი ამის შემდეგ დაიწყო. იმის შესახებ, რომ ენდელაძეს შენობა ბუნდოვანი და მაფიოზური ხერხებით ჰქონდა შეძენილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მიმართა''.  

ეკა აბაშიძის აზრით, პრეზიდენტს პედაგოგებმა იმიტომ მიმართეს, რომ ''იქნებ მას სკოლა გენადი ენდელაძისგან გამოესყიდა''. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამის გამო ენდელაძის გაღიზიანება სერიოზულ ეჭვს ბადებს: ''მიღება-ჩაბარების აქტით ქარხანის დირექტორმა შენობა ენდელაძეს გადასცა. ამის შემდეგ როგორ აღმოჩნდა გენადის საკუთრება საკრებულოს ბალანსზე?! მოგვიანებით კი, შენობის სკოლისთვის გადასაცემად, ენდელაძესა და საკრებულოს შორისაა დადებული ხელშეკრულება''.

აბაშიძის განცხადებით, დოკუმენტები ბუნდოვანი და გაუგებარია: ''ეს მნიშვნელოვანი ნიუანსებია და მტკიცებულებების შეგროვებას საჭიროებს. სიმართლე გითხრათ, ენდელაძის საჩივირის აზრსაც ვერ ვხვდები, პედაგოგები მას რითი ავიწროვებენ?''

მისი თქმით, უზურფუქტის წესით შენობის გადაცემაზე ხელს მასწავლებელბი მოაწერენ თუ არა, ეს პედკოლექტივის გადასაწყვეტია: ''რაც შეეხება საქმეში მარეხი დათიაშვილის მონაწილეობას, სისულელეა''.  

ენდელაძის ადვოკატის თქმით, მომავალი სასამართლო სხდომა სავარაუდოდ აპრილის პირველ ორ კვირაში შედგება. თუმცა, მისივე ვარაუდით, ახლად გამოკვეთილი გარემოებების გამო, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე კიდევ დიდი დრო დასჭირდება. იმედია, რომ მანამდე ისედაც ორ ბანაკად გაყოფილ სოფელში, ვითარება კიდევ უფრო არ დაიძაბება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი