მიხეილ სააკაშვილი ტაძრისში


 18 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში ახლად გარემონტებული სკოლა ოფიციალურად გახსნა და სკოლის სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეხვდა.

ნატალია კოპაძებორჯომი


2008 წელს ტაძრისში ძველი, ამორტიზებული შენობა დაანგრიეს და მის ადგილას ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყეს. მშენებლობა მსოფლიო ბანკმა 3 700 000 ლარით დააფინანსა.  

400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა 2011 წლის იანვარში ამოქმედდა. ამ ეტაპზე დაწესებულებაში 300 მოსწავლეა.

,,სკოლა უახლესი სტანდარტებითაა აშენებული. აქ არის თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი და კომპიუტერის კლასები. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით, არის ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგის ლაბორატორიები”, - გვიხსნის ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი მარინა ხაჩიძე.

ტაძრისის საჯარო სკოლა სამ სოფელს: ტაძრისს, დგვარსა და საკირეს ემსახურება.

სკოლების რეაბილიტაცია და სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიხეილ სააკაშვილმა განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. მან განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.

პედაგოგებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, განათლების სისტემა ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისაა, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწის საქმიანობა: “ჩვენ გვინდა გავზარდოთ თავისუფალი ქვეყნის, თავისუფალი მოქალაქეები, ავტონომიური პიროვნებები”.

მისივე თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი ქვაკუთხედი სწორედ განათლებაა და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პედაგოგებს: მასწავლებლის ანაზღაურება დაბალია, თუმცა სასაერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პედაგოგის ხელფასი 1000 ლარამდე იზრდება. პედაგოგი სასკოლო რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია და სწორედ მასზეა დამოკიდებული ქვეყნის განათლების დონე”.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლებში ინგლისური ენის სავალდებულო სწავლების მნიშვნელობას. გარდა ამისა, ისაუბრა არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების გაძლიერებაზე; მაოსწავლეების დასწრებაზე; მანდატურის სამსახურის შემოღებით სკოლებში წესრიგის აღდგენაზე; სასკოლო ოლიმპიადებსა და პროფესიული განათლების აუცილებლობაზე.

პრეზიდენტმა ტაძრისის საჯარო სკოლის ორი წარჩინებული მოსწავლე, - მეცხრეკლასელი მამუკა გოგოლაძე და მერვეკლასელი ნათია სამსონიძე წარმატებული სწავლისათვის პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი