სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ამბობენ, რომ სკოლის ტერიტორიაზე ნაგავს აქაური მაცხოვრებლები ყრიან.
“ქალაქის ცენტრიდან არავინ ჩამოვა, რომ ნაგავი დაყაროს, მათ თავისი ნაგავსაყრელები აქვთ. ხშირად გამოგვყავს ბავშვები და ვალაგებთ, მაგრამ მეორე დღეს რომ მოვდივართ, ისევ იგივე სიტუაცია გვხვდება, - ამბობს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე და ამატებს, რომ სკოლის ტერიტორია შემოღობილი რომ იყოს, უფრო ადვილად გააკონტროლებენ და შესაბამისად ნაგავსაც აღარავინ დაყრის: სამწუხაროა, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორია შემოღობილი არ არის. ამისთვის არც სახსრები გვქონდა და არც არავინ გამოჩნდა რომ დაგვხმარებოდა”.
შპს
“კეთილმოწყობაში” ამბობენ, რომ ასპინძის ქუჩაზე შვიდი ნაგვის ბუნკერი დგას და სკოლის ტერიტორიის დასუფთავება მათ ვალდებულებებში არ შედის.
“ამ ტერიტორიაზე სამი ბუნკერია განლაგებული, ოთხი კი მდინარესთან დგას, რაც სავსებით საკმარისია, რომ მოსახლეობამ ნაგავი ქუჩაში არ დაყაროს. ურნები ყოველდღიურად იცლება”, - განმარტავს შპს “კეთილმოწყობის” დირექტორი ამირან ნოზაძე.
მოსახლეობა ამბობს, რომ
ნაგავს სწორედ ამ ბუნკერებში ყრის. თუმცა, ყველა აღნიშნავს, რომ სკოლის ტერიტორია დაბინძურებულია.
“ყველა ხედავს რა სიბინძურეა. ალბათ არის ვინმე, ვისაც ნაგვის ურნაში ჩაგდება ეზარება. ზოგი ურნაში კი არა, სადარბაზოშიც კი ადგებს ნაგავს. მაგრამ, ჩვენ მდინარის ნაპირზე დადგმულ ურნებში ვყრით”, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, რომელიც ამავე ქუჩაზე ცხოვრობს.
სკოლის ეზოში არსებულ სიბინძურეზე საუბრობენ მოსწავლეებიც.
“ნაგავში სიარული არავის გვსიმოვნებს, ხშირად შაბათობებს ვაწყობთ და ვალაგებთ, მაგრამ მეორე დღეს იგივე სიტუაცია გვხვდება”, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მახათაძე.
მეორე საჯარო სკოლისთვის ეზოში დაყრილი ნაგავი ერთადერთი პრობლემა არ არის. სკოლის ერთ მხარეს ქალაქის საკანალიზაციო არხია, რომელიც რუსთაველის ქუჩიდან ჩამავალი კიბის გვერდზე ღია არხიდან ჩაედინება. არხი მწყობრიდან არის გამოსული. ძლიერი წვიმის დროს, როცა წყალს ნაგავიც მოჰყვება, იბიდნება და ფეკალური მასა არხიდან სკოლის ეზოში გადადის.
“საშინელი სუნი, სიბინძურე და ანტისანიტარიაა. წვიმის დროს ეს სიბინძურე გადმოდის სკოლის ეზოში, სადაც ბავშვები დადიან. ეს უკვე მარტო ჩვენი სკოლის პრობლემა არ არის, მთელი ქალაქის პრობლემაა”, - წუხს ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანონი ყავრელიშვილი.
იმის გამო, რომ
სკოლას საკუთარი სტადიონი არ აქვს, მოსწავლეები ფიზკულტურის გაკვეთილზე ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მიდიან. რომელიც სკოლის გვერდზეა და იქ მოსახვედრად ბავშვებმა სწორედ ის საკანალიზაციო არხი უნდა გაიარონ.
“ამხელა ნაგავი უნდა გადაიარო, რომ სტადიონზე მოხვდე. ეს ჩვენს ჯანმრთელობაზეც მოქმედებს”, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე თამუნა მამუკაშვილი.
“ახალციხეში ყველა სკოლა შემოღობილი და დაცულია. ასევე, ჩვენს გარდა, ყველა სკოლას აქვს საკუთარი სტადიონი”, - ამბობს გერმანული ენის მასწავლებელი ჟანეტა საფაროვა.
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “აწყურის” თავჯდომარე და პროექტ “დაასუფთავე მსოფლიოს” კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში ნანა ნათენაძე ფიქრობს, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია და მთავარია მოსახლეობამ იზრუნოს იმაზე, რომ გარემო არ დაბინძურდეს: “ჩვენ მაინც მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ უნდა იყოს ჯარიმები. რაღაც ფორმით უნდა მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა”.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ
აღნიშნული პრობლემით ყველა კომპეტენტურ სამსახურს მიმართეს. თუმცა, მის მოსაგვარებლად ჯერ არაფერი გაკეთებულა.
“განცხადებით ვის აღარ მივმართე, “წყალკანალს”, დასუფთავების სამსახურს, გემგეობას. დღესაც, როცა წვიმს, ვურეკავ “წყალკანალის” უფროსს და ვთხოვ დახმარებას”, - ამბობს მარინა ზედგინიძე და იხსენებს, რომ განცხადებაზე პასუხი მხოლოდ ერთხელ მიიღეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მაშინდელი მოადგილე ბიძინა მაისურაძე განმარტავდა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად იმ დროისათვის თანხა არ არსებობდა.
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ახალციხის სერვის-ცენტრში კი განმარტავენ, რომ საკანალიზაციო არხი მწყობრიდან გამოსულია და კაპიტალური შეკეთებას საჭიროებს.
“არსებობდა ძველი, დახურული კანალიზაციის კოლექტორი, სადაც ქალაქის კანალიზაციის ერთი მესამედი ნაწილი ჩაედინება, რომელიც ახლა მწყობრიდანაა გამოსული. ფაქტობირვად, ღია არხია და მეორე საჯარო სკოლასთან ჩაედინება”, - განმარტავს ახალციხის სერვის-ცენტრის უბნის უფროსი კობა ნადირაძე.
მისივე თქმით, საკანალიზაციო არხის აღსადგენად დაახლოებით 11 452 ლარია საჭირო. მონახაზი უკვე არსებობს, რომელიც “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მთავარ ოფისშია გადაგზავნილი და დადებილითი პასუხის შემთხვევაში მისი აღდგენა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
“ყველა საჭიროა სამუშაო ჩატარებულია, გაკეთებულია ხარჯთაღრიცხვა და გადაცემულია მაღალ საფეხურზე, სადაც უნდა გადაწყვიტონ დაფინანსების საკითხი. როგორც კი პასუხი მოვა მუშაობას დავიწყებთ”, - ამბობს იგი.
როდის მოგვარდება მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემები არავინ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ მოსწავლეების მიერ ერთჯერადად ჩატარებული დასუფთავების აქციებით ყველა პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. ამისათვის, საჭიროა მოსახლეობამ გაიაზროს, რა საფრთხეს უქნის სკოლის ეზოში დაყრილი ნაგავი ბავშვების ჯანმრთელობას; “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” კი მეორე საჯარო სკოლასთან მდებარე საკანალიზაციო არხი წყობრში მოიყვანოს.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი