17 წლის მოზარდებს, მე-11 კლასის მოსწავლეებს, მომავალი სასწავლო წლიდან მართვის მოწმობის მიღების საშუალება მიეცემათ. რას ფიქრობენ ამ თემაზე მოსწავლეები და რას ამბობენ ექსპერტები.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
2011-2012 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ახალი საგანი “საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება” დაინერგება. საგანს მეთერთმეტე კლასის
მოსწავლეები შეისწავლიან, ისინი სკოლაში გაივლიან ავტომობილის მართვის თეორიულ
კურსს. გამოცდების წარმატებით ჩაბარების
შემთხვევაში, 17 წლის ასაკში, მართვის დროებით მოწმობებს უსასყიდლოდ
მიიღებენ. 18 წლის ასაკში კი, დროებითი მოწმობის ნაცვლად, ასევე უსასყიდლოდ აიღებენ საერთაშორისო სტანდარტის მართვის მოწმობას.
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერიების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ ახალი საგანი ქვეყნის ყველა სკოლაში სავალდებულო იქნება. ხოლო, ყველა პედაგოგი, ვინც აღნიშნული საგანი უნდა ასწავლოს, პოლიციის აკადემიის დახმარებით გადამზადდება.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სიახლის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საგნის სახელმძღვანელოც დამუშავების პროცესშია.
მოსწავლეები სიახლეს დადებითად შეხვდნენ. “ძალიან კარგია, რომ ეს საგანი შემოიტანეს. ავტოსკოლაში ვსწავლობთ და რადგან მეცადინეობები დილით გვაქვს, გაკვეთილების გაცდენა გვიწევს, რის გამოც სკოლაში შენიშვნებს ვიღებთ”, - ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე აშოტ მელქონიანი.
ადგილობრივი ავტოსკოლის მასწავლებლები ერთმნიშვნელოვანი შეფასების გაკეთებას არ ჩქარობენ.
“საგნის სასწავლებლად, პირველ რიგში, ბაზა უნდა არსებობდეს. ბაზა ესაა – ავტოდრომი ტარებისთვის, ასევე, მოტორი, ხიდი, კოლოფი, რათა ბავშვებს ძრავის დაშლა და აწყობა ვასწავლოთ. სკოლა როგორ შეძლებს ამ ბაზის შეძენას? ავტომოყვარულის მოწმობები რომ გასცენ, ეს კიდევ შესაძლებელია”, - ამბობს ავტოსკოლის მასწავლებელი მარტინ ვარდერესიანი.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, გამოცდას აუცილებლდ უნდა ესწრებოდეს მოზარდის ერთ-ერთი მშობელი და მართვის მოწმობის გაცემაზე ნებართვასაც ერთ-ერთი მათგანის ხელმოწერა უნდა ქონდეს. გარდა ამისა, ამ მოწმობის მფლობელი მოზარდები მძღოლის პროფესიით ვერ იმუშავებენ და არც მგზავრების გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის უფლება ექნებათ. ისინი მხოლოდ ავტომოყვარულის სტატუსს მიიღებენ.
ავტოსკოლის კიდევ ერთი სპეციალისტის ხორენ ჩოლახიანის თქმით, 17 წელი ძალიან ადრეა და აჯობებდა მინიმალური ასაკი მეტი ყოფილიყო: “როდესაც ავტოსკოლაში მოდიან, სერიოზულად ფიქრობენ, რომ მართვის მოწმობა სჭირდებათ. რაც შეეხება მშობლებს, ყველას უნდა, მის შვილს მართვის მოწმობა ჰქონდეს, ეს რაღაც ატესტატივითაა. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიის შესწავლით მძღოლი ვერავინ გახდება, საჭიროა ავტოდრომი და კარგი პედაგოგები”.
ერთი წლის განმალობაში ერთი და იგივე დარღვევის ორჯერ ჩადენის შემთხვევაში მოზარდს მართვის უფლება ერთი წლით ჩამოერთმევა. ხოლო, საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ვადა 18 თვემდე გაიზრდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, ერთი საგნის შემოტანით სახელმწიფო ერთბაშად ორ საქმეს აკეთებს.
“ეს სახელმწიფოსგან ყველა ახალგაზრდისთვის სერიოზული საჩუქარი იქნება და ქვეყნის გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების დონეც გაიზრდება”, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
ახალი საგანი სკოლების პროგრამაში ჯერჯერობით ექსპერიმენტის სახით შევა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს იმედი აქვთ, რომ ის იმედებს გაამართლებს. მსგავსი პრაქტიკა ამერიკის შტატების მესამედსა და გერმანიაშია დანერგილი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი