როგორ მუშაობს სამეურვეო საბჭოები სკოლებში; რა არის მათი ძირითადი ფუნქცია და რა როლს ასრულებენ სასკოლო ცხოვრებაში.
თამარ თოთაძე, ახალციხე
თამარ თოთაძე, ახალციხე
2005 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი “ზოგადი განათლების შესახებ”, რომლის საფუძველზეც საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოები ჩამოყალიბდა. კანონის თანახმად, სკოლას სამეურვეო საბჭო უნდა ხელმძღვანელობდეს. იგი სკოლის მმართველი ორგანოა და მის ვალდებულებებში სკოლის დირექტორის არჩევა, სკოლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება, სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასურველი სახელმძღვანელოების ნუსხის დამტკიცება და სხვა სასკოლო საკითხები შედის.
სამეურვეო საბჭო 6 ან 12
წევრისაგან შედგება, რომელშიც მასწავლებლები და მშობლები თანაბარი რაოდენობით არიან წარმოდგენილი. სამეურვეო საბჭოში ერთი მოსწავლეც შედის, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარეა. კანონის მიხედვით, საბჭოს წევრები სემესტრში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბონ.
სამეურვეო საბჭოს მუშაობაში ადგილობრივი რესურსცენტრების წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
“ორი წელია, სამეურვეო საბჭოებში რესურსცენტრის თანამშრომლებიც არიან ჩართული. ეს იმიტომ მოხდა, რომ კანონი დაცული იყოს და არ მოხდეს ისეთი საკითხების გატანა, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაში არ შედის, ან ზედმეტია. ამიტომ, რამდენიმე სკოლაზე რესურსცენტრის ერთი თანამშრომელია მიმაგრებული”, - განმარტავს ახალციხის რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი გიორგი დალალიშვილი.
საბჭოს წევრების არჩევა სამ
წელიწადში ერთხელ ხდება. სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნები საქართველოს საჯარო სკოლებში 2006 წლის ივნისში ჩატარდა.
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის ამჟამინდელი დირექტორი ზაზა თამარაშვილი სკოლის სამეურვეო საბჭომ აირჩია.
“2007 წელს შესაბამისი ტესტირება და გასაუბრება გავიარე, რის საფუძველზეც მოხდა ჩემი კანდიდატად წარდგენა და სამეურვეო საბჭომ ექვსი წლის ვადით ამირჩია”, - იხსენებს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი და ამატებს, რომ სამეურვეო საბჭო არის მმართველი ორგანო, რომელიც წარმართავს სკოლის მუშაობას. ]
სამეურვეო საბჭოს მიერ იქნა არჩეული ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილიც.
“სანამ სამეურვეო საბჭო აირჩევს, დირექტორობის კანდიდატს გარკვეული ეტაპები აქვს გადასალახი. მან უნდა გაიაროს ტესტირება, გასაუბრება და მას მერე, რაც ის ჩაითვლება კომპეტენტურად, სამეურვეო საბჭო ირჩევს. მეც ასევე გავიარე პირველი ეტაპი. შემდეგ მქონდა შეხვედრები სკოლაში, წარმოვუდგინე სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა და მოხდა ჩემი არჩევა”, - ამბობს მაკა ჯანაშვილი.
სამეურვეო საბჭოს წევრების მუშაობა ხელფასით არ ნაზღაურდება. საბჭოს მუშაობის ეფექტურობა მის წევრებზეა დამოკიდებული. მეექვსე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ნანა ნათენაძის თქმით, სკოლებში სამეურვეო საბჭო უნდა არსებობდეს. თუმცა, რამდენად აქტიური იქნება და შეასრულებს თუ არა თავის ფუნქციებს, ეს საბჭოს წევრებზეა დამოკიდებული.
“ერთ-ერთი დადებითი, რაც შემიძლია ვთქვა, სამეურვეო საბჭომ ხელი შეუწყო მთელი დოკუმენტაციის თავმოყრას. სამეურვეო საბჭომ სკოლაში ბევრი ინფორმაცია შეკრიბა. მაგალითად, სკოლის ისტორია, რა წარმატებები აქვს სკოლას, ვინ რა კონკურსში გაიმარჯვა და ასე შემდეგ”, - ამბობს ნანა ნათენაძე.
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო 12 წევრისაგან შედგება. საბჭოს თავმჯდომარე თამარ ნარიმანიშვილი ფიქრობს, რომ სამეურვეო საბჭო თავის ფუნქციებს ასრულებს და მაგალითს იხსენებს, რომელიც სამეურვეო საბჭომ დირექტორთან შეთანხმებით გადაწყვიტა.
“სკოლის ავტობუსების დანიშვნა მშობლების ინიციატივა იყო, რომელიც
სამეურვეო სამბჭომ დირექტორთან შეთანხმებით გადაწყვიტა”, - ამბობს იგი.
ახალციხის საჯარო სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ სამეურვეო საბჭოს დახმარებით ისინი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ.
“შთაბეჭდილება, რომ სამეურვეო საბჭო დირექტორის გამკონტროლებელი ორგანოა, სწორად უნდა იქნას გაგებული. ეს კონტროლი კი არა, მხარში დგომაა. როცა რაღაცა კონფლიქტური სიტუაციებია ან რაიმე პრობლემაა, მარტო ჩემს თავზე არ ვიღებ ამ ყველაფერს და ამაში სამეურვეო საბჭო ერთვება”, - ამბობს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე.
ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, მზია ნათენაძე, რომელიც 2009 წელს მეორე ვადით აირჩიეს, საბჭოს მიერ გადაწყვეტილ პრობლემურ საკითხებს იხსენებს.
“იყო შემთხვევა, როცა ერთი თანამშრომელი გავათავისუფლეთ, რომელსაც საპენსიო ასაკი ჰქონდა. მან მოგვმართა განცხადებით, რომ დირექტორმა არაკანონიერად გაათავისუფლა. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ და დავაკმაყოფილეთ დირექციის წინადადება. რადგან ლაბორანტის შტატი ყველა სკოლაში იყო შეკვეცილი და ამის საშუალება ბიუჯეტშიც აღარ იყო”, - ამბობს იგი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი