შესაძლოა ჯავახეთი ინფექციური განყოფილების გარეშე დარჩეს


 ახალქალაქის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებას, რომლითაც არამხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიც სარგებლობს, დახურვა ემუქრება


ქრისტინა მარაბიანიახალქალაქი
 თითქმის 10 წელიწადია, ახალქალაქის რაიონული საავადმყოფო ყოფილი მე-15 სამხედრო დასახლების ტერიტორიაზეა განთავსებული. აქ არის პოლიკლინიკა, ყველა განყოფილება, შორიახლოს სასწრაფო დახმარება, მის პირდაპირ კი ინფექციური განყოფილებაა, რომელიც ადრე ლაზარეთი იყო. ეს შენობა ხის ბარაკია, რომლის ოთახებსაც გრძელი კორიდორი ჰყოფს. ყველა ოთახში საწოლები და დაბალი კარადებია. ყველაფერი სუფთად და ფაქიზად გამოიყურება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინფექციური საავადმყოფო ზოგად სტანდარტებს აბსოლუტურად არ შეესაბამება.


უნდა იყოს განცალკევებული ბოქსები, შესასვლელები და გამოსასვლელები; დაუშვებელია შპალერით დაფარული კედლები; საპირფარეშოები უნდა იყოს გაყოფილი სხვადასხვა დაავადებების მიხედვით და შეესაბამებოდეს სტანდარტებს. ძველ საავადმყოფოში ტიპური ინფექციური განყოფილება გვქონდა, ყველა საჭირო აღჭურვილობით, მაგრამ ის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. როდესაც 2003 წელს სააადმყოფო აქ გადმოვიდა, ჩვენც თან წამოგვიყვანეს და ეს საკმაოდ მოსახერხებელი იყო, რადგან საავადმყოფო და ინფექციური განყოფილება ერთ შენობაში არ უნდა იყოს”, - ამბობს ინფექციური განყოფილების გამგე გრეტტა დარბინიანი.

ინფექციური განყოფილება რომ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ეს საავადმყოფოს ამ ტერიტორიაზე გადმოსვლიდანვე იცოდა საავადმყოფოსა და განყოფილების ხელმძღვანელობამაც და ჯანდაცვის სამინისტრომაც. თუმცა, გასული წლის ბოლოს საავადმყოფოს შესამოწმებლად ჩამოსულმა ჯანდაცვის სამინისტროს სალიცენზიო კომისიამ საავადმყოფო 1 000 ლარით დააჯარიმა და წამოუყენა პირობა, რომ თუ ექვსი თვის განმავლობაში მდგომარეობა არ გამოსწორდებოდა, ჯარიმა 5 000 ლარი გახდებოდა.

განყოფილებასაც დახურავენ. საკითხი ასეა დასმული: ან ახალი შენობა იპოვეთ, ან პირობები გააუმჯობესეთ, ან დაიხურებით. ვადებიც უკვე იწურება”, - ამბობს გრეტტა დარბინიანი.

ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, 2010 წელს მათ 386 ავადმყოფს გაუწიეს დახმარება, ეს იყო მწვავე ნაწლავური ინფექციები, ბოტკინი, ვირუსული ჰეპატიტი, გრიპი, ქუნთრუშა, ტონზილიტი, ახალხანს კი ექიმები გადააწყდნენ მათთვის ახალ დაავადებასლეიშმანიოზს (ინფექციური დაავადება, რომელიც, ძირითადად, ტროპიკული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი). 2000 წელს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება სოფელ გომანში ციმბირის წყლულის მასობრივ გავრცელებას გაუმკლავდა.  

ახალქალაქის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილებით სარგებლობს არა მხოლოდ ახალქალაქისა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობა, არამედ მეზობელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიც, რადგან ნინოწმინდაში ასეთი განყოფილება არ არსებობს. საავადმყოფოს ადმინისტრაცია კი ჩიხში აღმოჩნდა. ამდენი პოტენციური პაციენტის არსებობის პირობებში განყოფილების დახურვის უფლებას ექიმთა პროფესიული ეთიკა არ იძლევა.

ჯარიმა კისერზე დამოკლეს მახვილივით გვაწევს. განყოფილების დაკეტვას კი უკიდურესად ნეგატიური შედეგები შეიძლება მოყვეს. რაიონში ინფექციური დაავადებების რაოდენობა მოიმატებს და თუ ზედამხედველობა, მკურნალობა, პროფილაქტიკა არ იქნება, რა მოხდება?!” - ამბობს საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე ენოქიანი.

მეორე მხრივ კი, მდგომარეობიდან თავის დაღწევის ყველა ალტერნატიული ვარიანტი გადაულახავ დაბრკოლებას გადააწყდა.

ამ საკითხის გადასაწყვეტად საკმარისად კომპეტენტურები არ ვართ. მატერიალური საკითხი საკუთარი ძალებითაც რომ მოვაგვაროთ, ამის უფლებას უბრალოდ არ მოგვცემენ. ეს შენობა ჩვენს ბალანსზე არ არის”, - ამბობს ალექსანდრე ენოქიანი.

შენობა, რომელშიც ამჟამად ინფექციური განყოფილებაა მოთავსებული, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და იქ რაიმე კაპიტალური შეკეთების ჩატარება შეუძლებელია. ახალი შენობის აშენების საშუალება კი საავადმყოფოს არ აქვს.

პრობლების მოგვარების გზები ბევრი იყო, მაგალითად, იყო საავადმყოფოს ტერიორიაზე არსებული სტომატოლოგიური განყოფილების ვარიანტიც, მაგრამ ეს შენობაც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აღმოჩნდა. განიხილებოდა ძველ შენობაში დაბრუნებაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოვა, რადგან აღნიშნული შენობა სახელმწიფო საკუთრებად მიიჩნევა და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში არ შედის. არის შესაძლებლობა გადავიდნენ შენობაში, სადაც ამჟამად ახალქალაქის ჯანდაცვის ცენტრია განთავსებული. ეს უკანასკნელი მალე ახალ შენობაში გადასვლას გეგმავს.

ინფექციური განყოფილების დაახლოებით ათი თანამშრომელი  კარგი სიახლეების მოლოდინშია და იმედი აქვთ, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობა რაიმე გამოსავალს მოძებნის. მათ უმუშევრად დარჩენის ეშინიათ.

მთავარი ექიმის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ახალქალაქის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების პრობლემის შესახებ იცის და ადეკვატური ღონისძიებების განხორციელებასაც დაჰპირდნენ. მაგრამ, ამ ეტაპზე გაკეთებული არაფერია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარებაში დახმარებაზე გადაჭრით განაცხადა უარი, მეორე, ხუთმაგი ჯარიმის საფრთხე კი სულ უფრო ხელშესახები ხდება.

რაც შეეხება ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისგან დახმარებას, მათაც მივმართე, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღე. როგორც ჩანს, ამ პრობლემის მოგვარებაში კონკრეტულ დახმარებას არ უნდა ველოდოთ”, - ამბობს ალექსანდრე ენოქიანი.

საავადმყოფოს ადმინისტრაცია, რაიმე დახმარების იმედით, განყოფილების დახურვას ყოველდღე სახვალიოდ დებს. ამ შემთხვევაში კი ორივე მუნიციპალიტეტი იძულებული გახდება ახალციხის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილებით ისარგებლოს, რაც დამატებით ფინანსურ და ინფექციურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი