წერილი დახმარების იმედით


  აწყურში მცხოვრები კალანდაძეების ხუთშვილიანი ოჯახი მიზერული შემოსავლებით ცხოვრობს. არც მრავალშვილიანობის და არც სხვა ტიპის დახმარებას არ იღებენ, მათი ერთადერთი იმედი გულისხმიერი ადამიანების გამოჩენაა.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

 “...დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი თქვენს საქველმოქმედო აქციებში, მე თვითონ რომ არ მიჭირდეს. მყავს 5 შვილი, ოთხი წელია ვცდილობ საიდანმე რაიმე დახმარება მივიღო, ან რამე სამუშაო ვიშოვო, მაგრამ არსაიდან არ ჩანს არც დახმარება და არც სამუშაო. იქნებ თქვენი გაზეთის საშუალებით ან სამუშაო ვიშოვო, ან რაიმე დახმარებას ვეღირსო და რითიმე მაინც გავახარო ჩემი შვილები...”, - ეს არის ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიცსამხრეთის კარიბჭემ” 22  აპრილს მიიღო. წერილს ხელს აწერს აწყურში მცხოვრები დავით კალანდაძე.

მდგომარეობაში გარკვევის მიზნით, “სამხრეთის კარიბჭეკალანდაძეებს 28 აპრილს ესტუმრა.

კალანდაძეები, ეგრეთ წოდებულ, გაღმა აწყურში ცხოვრობენ. ოჯახში ცხრა წევრია: ოჯახის უფროსები - ნადეჟდა და ნუგზარ კალანდაძეები, მათი შვილი და რძალი და ხუთი შვილიშვილი: ოთხი გოგონა და ერთი ვაჟი, რომელთაგან უფროსი 11-ის, უმცროსი კი 4 წლისაა.

ძველებურ ხის აივნიან სახლს, რომელიც აწყურის ციხეს გადმოჰყურებს,  ერთი შეხედვით ეტყობა, რომ დიდი ხანია არ შეუკეთებიათ. ეზოში ნარცისები და ტიტები ყვავის. მალე ვარდები და პიონებიც გაყვავილდება და აქაურობა უფრო ლამაზი გახდება. აწყურის ეკლესიაში ტურისტები რომ მოდიან, შემოდიან ამ ეზოში და სურათებს იღებენ”, - გვეუბნება ოჯახის დიასახლისი, 61 წლის ნადეჟდა კალანდაძე და ოთახისკენ მიგვიძღვება.

მიუხედავად იმისა, რომ დღის 12 საათია, ოთახში ბნელა. ძველებურ, მუქ, სიძველეშეპარულ კედლებიან, დაბალჭერიან ოთახს, საკმარისად ნათურაც ვერ ანათებს. ტელევიზორი ერთ-ერთ რუსულ არხზეა ჩართული: გაჭირვებით ვიყიდეთ ტელევიზორი, სატელიტური ანტენა ბაბუამ აჩუქა რძალს და სოციალურმა აგენტმა ალბათ ამის გამო მოგვანიჭა მაღალი ქულები”, - ამბობს მასპინძელი და ამატებს, რომ რედაქციაში წერილის გამოგზავნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაზეთში საქველმოქმედო აქციების შესახებ განცხადება წაიკითხეს.  

კალანდაძეების ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000- აღემატება, შესაბამისად, ისინი მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ.

ამითაც კმაყოფილები ვართ, წელს ოჯახის სამ წევრს დაგვჭირდა ოპერაცია და პოლისი რომ არა, დავიღუპებოდით”, - გვიხსნის ნადეჟდა კალანდაძე.

კალანდაძეებს მრავალშვილიანობის დახმარება არ აქვთ. გამგეობაში მითხრეს, რომ ჯერჯერობით ბიუჯეტში საამისო თანხა არ აქვთ”, - ამბობს 32 წლის დავით კალანდაძე.

ოჯახში დასაქმებული მხოლოდ 65 წლის ნუგზარ კალანდაძეა. 40 წელიწადია იგი აწყურის საჯარო სკოლაში ფიზკულტურას ასწავლის და 150 ლარს იღებს. ამ თანხას ყოველთვიურად მხოლოდ ნადეჟდას პენსია, 87 ლარი ემატება. 

რაში გვეყოფა ეს თანხა?! მხოლოდ ფქვილს, ზეთს და ცოტაოდენ სხვა პროდუქტებს ვყიდულობთ. ოთხი სკოლის მოსწავლე გვყავს. მათ სახელმძღვანელოებში არ გვყოფნის ფული. შვილი სადმე რომ მუშაობდეს და მასაც მინიმალური ხელფასი ჰქონდეს, დგომარეობა შეგვიმსუბუქდებოდა”, - ამბობს ნუგზარ კალანდაძე.

ოჯახის უფროსების შემოსავლების გარდა, კალანდაძეების ოჯახის ბიუჯეტს ხანდახან ყველის გაყიდვიდან აღებული თანხაც ემატება. თუმცა, 9-წევრიან ოჯახს ორი ძროხისგან მიღებული ყველი გასაყიდად ხშირად არ რჩება.

გარდა ამისა, კალანდაძეებს თითქმის ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აქვთ. თუმცა, იმის გამო, რომ მიწა არ ირწყვება, მხოლოდ მეოთხედს თესავენ. ძირითადად იმდენი პროდუქტი მოჰყავთ, რომ ოჯახს გამოსაზამთრებლად ეყოს. დავით კალანდაძის თქმით, მიწის დამუშავებას საწვავის სიძვირეც აფერხებს. მოურწყავ მიწაზე კი იმდენი მოსავალი არ მოდის, რომ ხარჯი დაფაროს. ამიტომ, ერთადერთ გამოსავალს მუშაობაში ხედავს: “ყველგან ვიმუშავებ, მთავარია სადმე რამე გამოჩნდეს. ყველგან დავწერე განცხადება, მაგრამ არსაიდან არავინ გამომხმაურებია. მუშად მინდოდა მუშაობა საყუნეთში ჰესის მშენებლობა რომ დაიწყო, მაგრამ იქაც უარი მითხრეს”.  

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტში მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად თანხები გათვალისწინებული არ არის. ასეთი ოჯახების შვილებისთვის სოციალური პაკეტიდან ფინანსდება სკოლამდელი, სამუსიკო და სამხატვრო სასწავლებლების ქირა.

მე რომ დავინიშნე ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო და ეს თანხა გათვალისწინებული არ იყო. მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენისას გავითვალისწინებთ. ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან ვუფინანსებთ 26 ბავშვს საბავშვო ბაღის ქირას, 30- სამხატვრო სკოლის გადასახადს და 16- სამუსიკო სკოლის სწავლის ქირას”, - ამბობს გელა დემეტრაძე, რომელიც  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად მიმდინარე წლის 12 აპრილს დაინიშნა.  

სამუსიკო სკოლის გადასახადს კალანდაძეების სამ შვილსაც ადგილობრივი ბიუჯეტი უფარავს.

კალანდაძეების ოჯახის შესახებ გამგეობაში ინფორმაცია არ აქვთ. გამგებლის განცხადებით, მისი დანიშვნიდან დღემდე არც მათი განცხადება შესულა.

სამუშაოს მაძიებელი ხალხის განცხადებები აყვანილია კონტროლზე. თუ მათ განცხადება შემოტანილი აქვთ, როგორც კი რაიმე სამუშაო ადგილი გამოჩნდება, დაუკავშირდებიან, - ამბობს გამგებელი და ამატებს, რომ უახლოეს პერიოდში სხვადასხვა პროექტების განხორციელება დაიწყება და შესაბამისად, სამუშაო ადგილებიც გამოჩნდება: სამუშაოებზე ძირითადად ადგილობრივი კადრი დასაქმდება”.

კალანდაძეებს იმედი აქვთ, რომ მათი გასაჭირის შესახებ ბევრი ადამიანი შეიტყობს, კეთილისმსურველებიც გამოჩნდებიან და დავით კალანდაძისთვის სადმე სამუშაო ადგილიც გამოჩნდება. ვისაც მათი დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, ან გაქვთ ინფორმაცია რაიმე სამუშაო ადგილის შესახებ, გთხოვთ, მოგვმართეთ გაზეთის რედაქციაში, მისამართზე, ახალციხე, ივერიელის ¹1, ან დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე: 2 07 80; 893 92 64 29. სურვილისა და საჭიროების შემთხვევაშისამხრეთის კარიბჭედაგაკავშირებთ კალანდაძეების ხუთშვილიან ოჯახთან. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი