სკოლებში ექთნის შტატი გაუქმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2010-2011 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში ექთნის შტატი გაუქმდა. აღნიშნულ საკითხზე მასწავლებლებსა და მოსწავლეებს არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ოცი საჯარო სკოლაა, ექთანი ოცივე სკოლიდან გაუშვეს.  

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ჯულეტა ჯინჯოლავას განმარტებით, სკოლებში ექთნების საჭიროება ნამდვილად იყო. თუმცა, რადგან სკოლას პედაგოგი უფრო სჭირდება, ვიდრე ექთანი, ამიტომ შტატების შემცირებისას აქცენტი ექთნებზე გაკეთდა.
მასწავლებლებს მივეცი დავალება და მათ ექნებათ პირველად დახმარების საშუალებები, ბინტი, ბამბა, იოდი და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე მსუბუქ დაზიანებას მიიღებს, დაეხმარებიან, ღმერთმა არ ქნას და თუ   სერიოზულ შემთხვევასთან გვექნება საქმე, სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებთ”, - ამბობს დირექტორი და იქვე ამატებს, რომ ამიერიდან მოსწავლეებს სკოლის ნაცვლად პოლიკლინიკებში აცრიან.

მისგან განსხვავებით, მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ხაჩიძე ამბობს, რომ სკოლისთვის ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს აღარ შეიძენს, რადგან ექთნის გარეშე მედიკამენტების გაკონტროლებას ვერ შეძლებს:თუ რაიმე წამალი დაგვჭირდა, მაგალითად, თავისტკივილის და არავის აღმოგვაჩნდა, მაშინ სასაწრაფოს გამოვიძახებთ”.

ექთანის შტატის გაუქმებას უარყოფითად აფასებენ მოსწავლეებიც.

,,როდესაც რაიმე დაზიანებას ვიღებდით, ექთანი გვეხმარებოდა, ახლა ამბობენ სასწრაფოს გამოვიძახებთო, სირცხვილი არაა უმნიშვნელო რამეზე სასწრაფოს გამოძახება?”- ამბობს ელენე ჩადუნელი.

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მაია შავიშვილის განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დაიწყო მუშაობა იმ სტანდარტზე, რასაც სკოლის ექიმი ან ექთანი უნდა აკმაყოფილებდეს.

,,მოსწავლე თუ წაიქცეოდა, ექთანი ნატკენ ადგილს იოდით უმუშავებდა. სერიოზული დაზიანებისას სასწრაფო დახმარების სამსახურს იძახებდა. პირველადი დახმარება მასწავლებელსაც შეუძლია. როდესაც გადაწყდება როგორი კვალიფიკაციის მქონე ექთანი სჭირდება სკოლას, შემდეგ დაიშვება მათი შტატი”, - ამბობს შავიშვილი.

ნატალია კოპაძე, ბორჯომი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი