ცუდი მოსავალი და მაღალი ფასი


გასულ წელთან შედარებით, წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის ცუდი მოსავალია, თუმცა, უფრო მაღალია ფასები. მოუსავლიანობის მიზეზებზე მიწათმოქმედები და სპეციალისტები გვესაუბრნენ.

ორ კვირაზე მეტია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, წლევანდელი მოსავალი შარშანდელთან შედარებით, ნაკლებია. მიწათმოქმედები ერთ ჰექტარ მიწაზე 40-45 ტონა კარტოფილის აღებას გეგმავდნენ, რეალურად კი ერთ ჰექტარზე მხოლოდ 25-30 ტონის აღება მოხერხდა.
 მოუსავლიანობის პირველ მიზეზად სოფლის მკვიდრებიც და სპეციალისტებიც კარტოფილის მოყვანისთვის არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებენ.

შპსახალქალაქი-აგროსერვისისდირექტორი რამაზ გოგოლაძე ამბობს, რომ კარტოფილის შემადგენლობის 70-80 პროცენტი წყალია. ბუნებრივი წყალი ანუ წვიმა ზაფხულში არ იყო, ნათესების მოწყვას კი ყველა ვერ ახერხებდა, კარტოფილის ცუდი მოსავალიც ამით აიხსნება: “მორწყვას ისეთი შედეგი არ აქვს, რაც წვიმას. ამასთან, საჭიროა თუ ყოველდღე არა, ყოველ სამ დღეში ერთხელ მორწყვა მაინც, რათა კარტოფილმა სინესტე შეინარჩუნოს და კარგად გაიზარდოს, ეს კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამის საშუალება ყველა მიწათმოქმედს არ გააჩნდა. ჩვენს რეგიონში წყალი თავისი დინებით არ მოდის, ამიტომაც მორწყვის პროცესში ტუმბოებს იყენებენ, მათ კი, თავის მხრივ, დიზელის საწვავი და მილები სჭირდება. ესეც დამატებითი ხარჯია.

სოფელ ხოსპიოს მკვიდრი კატია მარაბიანი კარტოფილის კარგ მოსავალს ელოდა. მისი ოჯახი ოთხი წევრისგან შედგება, მათი შემოსავლის წყარო კარტოფილი და ერთი ძროხაა. კატიას ორი ვაჟიშვილი ჰყავს. კარტოფილის გაყიდვით მიღებული ფულით უფროსი ვაჟის დაქორწინებას აპირებდა, თუმცა, გეგმები ჩაეშალა. წელს მათ 40-50 ტომარა კარტოფილი დარგეს, საბოლოოდ კი სულ რაღაც 100 ტომარა აიღეს.

მშრალი ამინდები იყო, კარტოფილის მორწყვას ვერ ვახერხებდით, უფულობის გამო სასუქიც ვერ დავაყარეთ და მოსავალი ძალიან ცუდია. 40 მეასედზე 100 ტომარა კარტოფილი საშინელი შედეგია. ეს მხოლოდ ზამთრის მარაგისთვის და მომავალი წლის სათესლე მასალისთვის გვეყოფა. კარტოფილი გასაყიდად არ გვაქვს, შეიძლება ცოტა სხვა პროდუქტებზე გავცვალოთ და სულ ეს იქნება. რაც ავიღეთ, ისიც ჯანმრთელი არ არის “, - ამბობს კატია მარაბიანი.

ცუდი მოსავლის მეორე მიზეზად სპეციალისტები ცუდი ხარისხის სათესლე მასალას ასახელებენ. სოფელ ბავრაში მცხოვრებმა არტიუშ ბერიქიანმა შედარებით უკეთესი მოსავალი აიღო, რის მიზეზადაც კარგ სათესლე კარტოფილს მიიჩნევს: “წელს 35 მეასედზე დავთესე. რამდენიმე დღის წინ მხოლოდ 13 მეასედზე 80 ტომარა კარტოფილი ამოვთხარე და კმაყოფილი ვარ. ჩემს მეზობლებსაც კარგი სათესლე კარტოფილი ჰქონდათ და მიწაც ოთხჯერ გაანოყიერეს, მაგრამ როცა კარტოფილს თხრიდნენ, იმდენად ცუდი მოსავალი იყო, ლამის ტიროდნენ. ალბათ სათესლე მასალის ყიდვის დროს მოტყუვდნენ. 300 ლარი დავხარჯე და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ღამით სამჯერ მაინც მოვრწყე”.

სოფელ დილისკას მკვიდრმა გრანტ კარახანიანმა კარტოფილი 3.5 ჰექტარ მიწაზე დათესა და 0.5 ჰექტარზე უკვე რვა ტონა მიიღო. იგი მიიჩნევს, რომ ამინდთან და სათესლე კარტოფილთან ერთად, დამუშავებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ცუდ მოსავალს მაღალი ფასები აკომპენსირებს. კარტოფილის ფასმა ერთ კილოგრამზე 60-70 თეთრს მიაღწიაესაა ყველაზე მაღალი ფასი მოსავლის აღების სეზონზე ბოლო წლების განმავლობაში. აქამდე მოსავლის სეზონზე კარტოფილის ფასი კილოგრამზე 50 თეთრს არ სცილდებოდა.

წელს კარტოფილის ცუდი მოსავალია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ სომხეთსა და თურქეთშიც. საქართველოში იმპორტული კარტოფილი არ არის, ან ძალიან ცოტაა, სწორედ ამიტომ აიწია ახალქალაქური კარტოფილის ფასმაც. სოფლის ბევრი მცხოვრები ამბობს, რომ მათ კარტოფილს წელს თურქებიც კი ყიდულობენ.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი