აუცილებელი, მაგრამ ძვირი


ხუთი თვეა, ძველი პასპორტები ბიომეტრული პასპორტებით იცვლება. ჯავახეთში მცხოვრებთათვის, ვინც სომხეთში მკურნალობს, ახალი პასპორტის აღება აუცილებელია, თუმცა მათ 100 ლარის გადახდა უჭირთ.

2010 წლის 15 აპრილიდან საქართველოში ბიომეტრული პასპორტები გაიცემა. ახალი ტიპის დოკუმენტებში მიკროსქემაა, რომელზეც მფლობელის ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები, საცხოვრებელი ადგილი და მფლობელის სხვა მონაცემებია. ბიომეტრული პასპორტი 100 ლარი ღირს. ახალ პასპორტს 10 წლის ვადა აქვს. ამის შემდეგ მოქალაქემ ახალი დოკუმენტის ასაღებად კვლავ 100 ლარი უნდა გადაიხადოს.
 ახალი პასპორტი ყველაზე მეტად ხანდაზმულებს სჭირდებათ. ისინი ხშირად დადიან სამკურნალოდ სომხეთის აშოტსკის საავადმყოფოში, რომელიც ახალქალაქიდან დაახლოებით 60 კილომეტრითაა დაშორებული. მათი პენსია სულ რაღაც 90 ლარია, ამიტომ 100 ლარის გადახდა უჭირთ.   

ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი რუბენ პალიანი ამბობს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბიომეტრული პასპორტის აღების მსურველი ბევრია. არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები ფასის გაგების შემდეგ მასზე უარს ამბობენ.

იყო შემთხვევები, მოვიდნენ, გაიგეს ფასი, წავიდნენ და შემდეგ ისევ დაბრუნდნენ. სულ ერთია, პასპორტი აუცილებლად თუ გჭირდება, მაინც აიღებ. ძველი ტიპის დოკუმენტებს აღარ გავცემთ. ბიომეტრული პასპორტის უპირატესობა ისაა, რომ აბსოლუტურად დაცულია ფალსიფიკაციისგან”, - ამბობს იგი.

სოფელ ბეჟანოში მცხოვრებ 53 წლის ეთერ ბალასანიანს პასპორტი აუცილებლად სჭირდება, სასწორზე მისი ჯანმრთელობა დევს. ძველი პასპორტის ვადა უკვე გასულია და მან ახალი დოკუმენტის მისაღებად განცხადება შეიტანა.  

ჩემი პასპორტის ვადა 2008 წლის 24 დეკემბერს ამოიწურა. ახლა პასპორტი აუცილებლად მჭირდება, რადგან სამკურნალოდ ვაპირებ წასვლას. 100 ლარი ძალიან ძვირია, მაგრამ ჩვენ ვინ გვეკითხება”, - ამბობს იგი.

შედარებით იაფი დაუჯდებათ ბიომეტრული პასპორტი მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი თაობის პასპორტები აქვთ, ანუ პასპორტები რომლებიც აღებულია 2006 წლამდე. მეორე თაობის პასპორტები, ანუ პასპორტები რომლებიც გაცემულია 2006 –დან 2010 წლის მაისამდე მოქმედების ვადა აქვთ ვადის გასვლის მიხედვით.

ახალი პასპორტი განაცხადიდან 10 სამუშაო დღეში მზადდება. თუ მოქალაქეს პასპორტი 5 დღეში სჭირდება – 120 ლარი უნდა გადაიხადოს, დოკუმენტის 3 დღეში დასამზადებლად 150 ლარია საჭირო, ხოლო თუ მოქალაქეს პასპორტის მიღება ერთ დღეში უნდა, 205 ლარის გადახდა მოუწევს. ჯერჯერობით ტექნიკური მიზეზების გამო, ახალქალაქში პასპორტებს იმავე დღეს არ გასცემენ, თუმცა, სააგენტოს დირექტორის თქმით, მალე ეს საკითხიც მოგვარდება.

ბიომეტრული პასპორტის უფასოდ მიღება შეუძლიათ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გამართულ საბრძოლო მოქმედებებში დაიჭრნენ, უცხოელ მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა; პასპორტის მიღება თანხის 50 პროცენტის გადახდით შეუძლიათ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს (ლტოლვილებს), I და II ჯგუფის ინვალიდებსა და 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებს.

ასევე, გაცილებით ნაკლები ფასის გადახდა მოუწევთ ბიომეტრული პასპორტებისთვის მოქალაქეებს, რომელთა ძველი პასპორტის ვადა 2011 წლის 1 იანვრამდე იწურება.

ძველია პასპორტი, სადაც ფოტო არა ჩაბეჭდილი, არამედ ჩაწებებულია, ვადა კი 2011 წლის 1 იანვრამდეა. თუ ისინი ახალ დოკუმენტს ამ თარიღამდე აიღებენ, მხოლოდ 65 ლარს გადავახდევინებთ”, - განმარტავს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი რუბენ პალიანი.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი