ადიგენში ღორის ჭირი გავრცელდა


თურქულთან ერთად თავი ახალმა დაავადებამაც იჩინა. ამჯერად, კლასიკური ღორის ჭირით ადიგენის მუნიციპალიტეტში ღორები იხოცება. 

ჭელა, ჭეჭლა, მლაშე, ლელოვანი, ყარათუბანი და გორგული - იმ სოფლების ნაწილია, სადაც ბოლო სამი კვირაა ღორების დაავადება გავრცელდა. გორგულში მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაავადების გაჩენიდან ორ კვირაში, სოფელში 13-ზე მეტი ღორი მოკვდა.
იაშა გიგოლაშვილის ექვსი ღორიდან, ერთი უკვე დაავადდა: როგორც კი შევატყვე, რომ აღარ ჭამდა, მაშინვე დავკალი. ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. არ ვიცი რა შეეყარა, ამბობენ ღორის გრიპიაო”.

ღორი მოუკვდა გორგულში მცხოვრებ გიორგი თეთვაძესაც: ერბუას მთაზე მყავდა, ერთმა კანკალი დაიწყო, მეზობლებმა მირჩიეს ბიცილინი გაუკეთე და მორჩებაო. მაგრამ 60-კილოიანი დედა ღორი მაინც მოკვდა. ეს დიდი ზარალია ოჯახისთვის”.

რა დაავადებით იხოცება ცხოველები, ადგილობრივებმა არ იციან. ისინი იხსენებენ, რომ იგივე სიმპტომებით ღორები სოფელში ორი წლის წინაც გაწყდა.

გარეთ აღარ ვუშვებ, მოსავლელად შესვლის წინ კი ტანსაცმელს ვიცვლი, რომ დაავადება სადგომში არ შევიტანო”, - გვიამბობს გორგულელი ნოდარ ფაილოძე.

მოსახლეობის თქმით, როგორც კი ცხოველს დაავადების ნიშნებს შეამჩნევენ, მაშინვე კლავენ. ვინც დაკვლას ვერ ასწრებს, დახოცილ ცხოველებს მდინარე ქვაბლიანში, ან სოფლის ღელეში ყრის.

ლელოვნელებმა და ყარათუბნელებმა გაავსეს ღელეები ლეშით! ჩვენ დავკალით, მოვხარშეთ და ვჭამეთ. ზოგმა შემწვარიც ჭამა”, - ამბობს იაშა გიგოლაშვილი.

იმ ფაქტს, რომ მდინარე ქვაბლიანის სანაპიროები ღორების ლეშითაა სავეს, ბოლაჯურელი, 77 წლის იაკობ ქიმაძეც გვიდასტურებს: ჭელაში, ჭეჭლაში, მლაშესა და მოხეში რაც ღორები დაიხოცა, სულ აქ გადმოყარეს. მერე ძალღლებმა ათრიეს და დაავადება სხვა სოფლებშიც გაავრცელეს”.

სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის ფატი ხაბულიანის განცხადებით, როცა მდგომარეობა ასეთი საგანგაშოა, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ადიგენის რაიონული სამმართველოს მიერ სასწაფო ღონისძიებები უნდა გატარდეს.

ადიგენის რაიონულ სამმართველოში ღორების დაავადების შესახებ იციან.
ეს ღორის ცხელებაა”, - ამბობს ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ადიგენის რაიონული სამმართველოს სპეციალისტი დალი ჯანელიძე.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციაიად”-ის ხელმძღვანელის, ვეტერინარ ამირან კოჩალიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე ორი დაავადებასთან გვაქვს: “პასტერელოზი და ღორის ჭირი, ორივე ერთად ვითარდება. პასტერელოზი ფილტვის ან ნაწლავის ფორმით ვითარდება. ფილტვის ფორმით დაავადების შემთხვევაში თითქოს გაციებულია ღორი. მეორე შემთხვევაში სისხლიანი ფაღარათი აქვს. ღორის ჭირის ნიშნები კი ყურების სილურჯით, ორიენტაციის არევითა და დამბლით ვლინდება”.

მისივე თქმით, როგორც თურქულის, ასევე ღორის ჭირისა და პასტეროიზის გავრცელების მიზეზი, არასწორად დაგეგმილი და არადროულად გატარებული ვეტერინალური ღონისძიებებია: სეზონური ვაქცინაციები წელიწადში ორჯერ უნდა ჩატარდესადრე გაზაფხულზე და შემოდგომით. ბოლო 5-6 წელიწადია ასეთი რამ ქვეყანაში არ მომხდარა”. 

დალი ჯანელიძე ნაწილობრივ ეთანხმება კოჩალიძეს და დასძენს, რომ დაავადების გავრცელების მიზეზი ღორების არასათანადოდ კვებაა: “ასევე, მოსახლეობამ თავის დროზე ვერ აცრა ღორები. ორიდან ოთხ თვემდე სავალდებულო აცრები უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ შეძლეს. ამიტომ ვირუსი შეხვდათ და ვეღარ გადაიტანეს”.

ჯანელიძის თქმით, იმის შესახებ, რომ ღორები უნდა აცრილიყო, ყველა სოფელში იცოდნენ: “მოსახლეობას ინფორმაციას ჩვენი ვეტერინარები აწვდიან. ან თუ ვინმე მოვა ჩვენთან, რეკომენდაციას ვუწევთ”.

საჭირო ვაქცინის შესახებ გორგულელებმა არაფერი იციან.

არ ვიცით რა გავუკეთოთ! ჩვენი პატრონი და მომკითხავი არავინაა! წამალი რომ ვიცოდეთ, ხომ ვუშველიდით რაღაცას!”, - ამბობს იაშა გიგოლაშვილი.  

კოჩალიძის თქმით, აღნიშნული დაავადებები ადამიანზე არ გადადის, მდინარეში ღორების გადაყრა კი დაუშვებელია: ისევე როგორც ჭირის ასევე პასტერელოზის შემთხევვაში, ლეში გამოყოფს მიკრობებს, რომლებიც მდინარეში და ნიადაგში ჩაიჟონება. მათ გარკვეული დროის განმავლობაში სიცოცხლის უნარი აქვთ. ამდენად ამ ადგილებში კერები იქმნება და ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ იფეთქოს დაავადებამ”.

გატარდება თუ არა რაიმე ღონისძიება დაავადებული ცხოველების გადასარჩენად, ან იმისთვის, რომ ლეშით სავსე სანაპიროები გაიწმინდოს, და ჯანმრთელი ღორები მაინც არ დაავადდეს, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსი მერაბ ვარდოსანიძე კომენტარს არ აკეთებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვერიკო გულუას განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში ღორები კლასიკური ღორის ჭირითაა დაავადებული: ეს განსაკუთრებით საშიში დაავადება არაა, ამდენად სახელმწიფო მის ვაქცინაციას არ აფინანსებს. ამასთანვე, ძნელად ხელმისაწვდომი პრეპარატია, საქართველოში არ არსებობს. ამიტომ ეროვნული სამსახური მუშაობს მის შემოტანაზე”.  

როდის გაივლის ღორის ჭირი ადიგენის მუნიციპალიტეტში და კიდევ რამდენ ოჯახს დააზარალებს არავინ იცის. თუმცა, დაავადების თავიდან გაჩენის საფრხე კი კვლავ ნებისმიერ წუთს შეიძლება გაჩნდეს.  

თამუნა უჩიძე, ადიგენი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი