სომხეთი და თურქეთი “შერიგების” ოფიციალური მცდელობიდან ერთი წლის შემდეგ


სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ წელიწადი გავიდა. საინტერესოა, მიმდინარეობს თუ არა ერევანსა და ანკარას შორის საიდუმლო მოლაპარაკებები, აქვს თუ არა სომხურ-თურქული ურთიერთობების განვითარებას პერსპექტივა და ბოლოს, რა მიიღო სომხეთმა და რა თურქეთმა ურთიერთობების გაუმჯობესების ოფიციალური მცდელობისდან.

თურქულმა, შემდეგ კი აზერბაიჯანულმა მასმედიამ, ანკარასა და ერევანს შორის საიდუმლო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. ამ მოლაპარაკებებს ჟურნალისტებმაციურიხი 2” უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები 2010 წლის 24 აპრილს, 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს შეწყდა. პროტოკოლებს ხელი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მოეწერა, თუმცა, ამ წლის აპრილისთვისაც კი თურქეთს მათი რატიფიცირება არ მოუხდენია, რაც სომხეთის მხრიდან მოლაპარაკებათა შეწყვეტის მიზეზად იქცა. თუმცა ამ ამბების ირგვლივ ვნებები კიდევ ბობოქრობს.
სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების პროტოკოლები ჯერ კიდევ დღის წესრიგშია”, - განაცხადა საბანჩის უნივერსიტეტის ექსპერტმა, საგარეო პოლიტიკის თურქული ცენტრის TESEV პროგრამების ხელმძღვანელის თანაშემწემ აიბარს გორჯულუმ (wwwday.az).


ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, იტალიურ ყოველკვირეულ გამოცემა Limes-სთან თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის ინტერვიუ იქცა:

პირადად მე, სომხეთის საკითხის მოგვარების საქმეში, უხმაურო, მაგრამ გადამწყვეტი დიპლომატიის განხორციელების მომხრე ვარ. მოცემული მომენტისთვის ეს საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი ვარიანტია”, - ხაზი გაუსვა ინტერვიუში აბდულა გიულიმ. მან ასევე თქვა, რომსომხეთის საკითხსადა თურქეთის ევროკავშირში შესვლას შორის ურთიერთკავშირი არ არსებობს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა თურქეთის მიმართ სწორედ მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, სომხეთთან პრობლემების მოგვარებაა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა მოლაპარაკებების მიმდინარეობა და წინსვლა სომხურ-თურქულ ურთიერთობებში კატეგორიულად უარყო.

სომხეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკება პროტოკოლების ხელმოწერით დასრულდა. არანაირიმდუმარე დიპლომატიადა არანაირი ციურიხისმეორე ეტაპიარ არსებობს, არც მოლაპარაკებების ახალი ეტაპი, როგორც ბოლო ხანებში თურქული მასმედია ამის წარმოდგენას ცდილობს. სომხეთი წინსვლისთვის მზად არის, თუ თურქეთი ურთიერთობების მოგვარების წინაპირობების წამოყენებაზე უარს იტყვის”, - განაცხადა  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა (www.7or.am).

სტამბულის უნივერსიტეტის ევროკავშირის კვლევების ცენტრის დირექტორი ბაჰჩეშეჰირ ჩენგიზ აქტარი ფიქრობს, რომ ციურიხის პროტოკოლები უკვე დავიწყებასაა მიცემული: დღეს, ქუჩაშიც რომ გამოხვიდეთ, ერთ ადამიანს ვერ იპოვით, ციურიხის პროტოკოლებზე პასუხი რომ ჰქონდეს. მე არ მჯერა, რომ არჩევნებამდე, რომელიც მომავალი წლის ივნისშია დაგეგმილი, დღის წესრიგში თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში რაიმე ინიციატივა იქნება შეტანილი. რადგან თურქეთი თავის პოზიციებს მყარად იცავს და ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებას ითხოვს”.

სტრატეგიული და ნაციონალური კვლევების სომხური ცენტრის ხელმძღვანელი რიჩარდ გირაგოსიანიც მიიჩნევს, რომ თურქეთის მომავალ არჩევნებამდე სომხურ-თურქულ ურთიერთობებში ძვრა არ იქნება: მოცემული მომენტისთვის ორმხრივი ურთიერთობის მოგვარება თურქულ მხარეს ეკისრება და ამიტომაც პროცესის გაგრძელების ინიციატორად ის უნდა გამოვიდეს. მაგრამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე თურქეთისგან მკვეთრ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ(www.newsarmenia.am).

პოსტსაბჭოთა ტერიტორიის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მთავარი დირექტორი ალექსეი ვლასოვი ფიქრობს, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობების განვითარებაში ეფექტურობის მისაღწევად ახალი პირობების შექმნაა საჭირო: სომხურ-თურქულ ურთიერთობას პერსპექტივა ნამდვილად აქვს, მაგრამ მათი გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ახალი პირობების ფორმულის შემუშავება, რომლის საფუძველზეც პროტოკოლების რატიფიკაცია და საზღვრების გახსნა მოხდება(www.newsarmenia.am).

რეალურად კი, სომხურ-თურქული ურთიერთობების მოგვარების საქმეში მრავალი სუბიექტური მიზეზი იჩენს თავს: თურქული მხრისგან წინაპირობების მუდმივი წამოყენება, ასევე, გენოციდის საკითხისადმი სომხებისა და განსაკუთრებით სომხური დიასპორის დამოკიდებულება.

ციურიხში პროტოკოლების ხელმოწერის შემდეგ გასულ წელიწადს მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია. სომხურ-თურქული მოლაპარაკებების პროცესში სომხეთმა საზოგადოებრივი აზრის, განსაკუთრებით, დასავლეთის დადებითი დამოკიდებულება მოიპოვა. დასავლეთში ბევრი ფიქრობდა, რომ პრობლემებს თითქოსდა გენოციდზე კონცენტრირებული სომხეთი შექმნიდა, მოვლენების განვითარება კი, რეალურად, თურქეთმა დაამუხრუჭა.

სომხურ-თურქული ურთიერთობების მნიშვნელობაზე აშშ-ის უსაფრთხოების ინსტიტუტის რუსული და აზიური პროგრამების დირექტორმა ნიკოლაი ზლობინმაც ისაუბრა.

ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, ვის შედეგი სჭირდებოდა, ვის კი პროცესი, რადგან საერთაშორისო საზოგადოების დადებითი განწყობა, უდავოდ სომხეთს ერგო. მეორე მომენტი ისაა, რომ თურქეთისთვის ეს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ნაკლებმნიშვნელოვანი საკითხია, ეს ხომ არც ევროკავშირია და არც ნატო. თურქეთისთვის ამას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან დღეს დასავლეთში და ვაშინგტონში მხრებს იჩეჩავენ და უკვირთ, რატომ აკეთებს თურქეთი იმას, რასაც აკეთებს, - ამბობს ნიკოლაი ზლობინი(www.newsarmenia.am).

შუშან შირინიანი, ახალქალაქი 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი