ცვლილება კოდექსში


პირველი ოქტომბრიდან საქართველოს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი ამოქმედდა. რა შეიცვალა კანონში და რას ფიქრობენ ცვლილებების შესახებ იურისტები.

1998 წლის 20 თებერვლის საპროცესო კოდექსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა და 685 მუხლისგან შედგებოდა, გაუქმდა. ახალ კოდექსზე მუშაობა 2002 წელს დაიწყო, იგი საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 9 ოქტომბერს მიიღო და 333 მუხლისგან შედგება.

ავტორთა მტკიცებით, კოდექსმა ადამიანის უფლებათა დაცვას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, საქმის წარმოებისას მხარეთა შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი.

ახალი კოდექსის თანახმად, სასამართლო პროცესზე პროკურორს საბრალდებო დასკვნის წაკითხვა აღარ მოუწევს. თუ დაკავებულს აქამდე ბრალდებულის სტატუსი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭებოდა (მანამდე პირსეჭვმიტანილსუწოდებდნენ), ახლა პირი დაკავებისთანავე ბრალდებულად ჩაითვლება. პირს ბრალდებულად ცნობს პროკურორი და მხოლოდ ამის შედეგ დაიწყება მისი სისხლის სამართლებრივი დევნაც.
 
წინასწარი გამოძიება აღარ იარსებებს. გამოძიების უფლება მიეცემა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. რადგან გამოძიებას ორივე მხარე თანაბრად აწარმოებს, გამომძიებლის ფუნქციების დიდ ნაწილს ადვოკატები შეითავსებენ”, - გვიხსნის იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე და დასძენს, რომ კოდექსი სრულყოფილი არაა და მასში ბევრი რამ კიდევ შეიცვლება.

კოდექსის თანახმად მხარეები თანასწორნი ხდებიან და გამოძიების პროცესი ერთგვარი შეჯიბრის პრინციპით მიმდინარეობს. მაგრამ თანასწორობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ ის გარემოება აყენებს, რომ
დაცვის მხარეს არ აქვს ჩხრეკის, ამოღების და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლება.

ხომ შეიძლება ადვოკატს ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ის ნივთი, რომელსაც მის დასაცავს ედავებიან, ან საბუთი, არის კონკრეტულ ადგილას, მისი ამოღების შემთხვევაში კი შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს და დაცვის ქვეშ მყოფი გაამართლონ?” - კითხულობს ზარიძე.

კოდექსით დაცვის მხარეს არ აქვს უფლება ბრალდების მხარეს შუამდგომლობით მიმართოს, რომ გარკვეულ ადგილზე რაღაც ინახება და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით იქ ჩხრეკა ჩაატაროს.

ბრალდების მხარე არც იზამს ამას, რადგან იქ შესაძლოა სწორედ მისი საწინააღმდეგო მტკიცებულება იმალებოდეს. სასამართლოს კი საერთოდ არ აქვს უფლება, რომ ეს მტკიცებულება გამოითხოვოს”, - ამბობს ზარიძე და ამატებს, რომ ამის დამარეგულირებელი დებულება კანონში აუცილებად უნდა იდოს.

რევაზ კაჭკაჭიშვილი, რომელიც გასულ თვემდე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოქმედი მოსამართლე იყო, აქცენტს მოსამართლეთა უფლებების შეზღუდვაზე აკეთებს. კოდექსის მიხედვით, მოსამართლე სასამართლო პროცესზე კითხვას ვერ დასვამს. მან მხოლოდ მხარეებს უნდა მოუსმინოს. დამაზუსტებელი კითხვის დასმის უფლება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოიპოვოს, თუ მხარეები ამის ნებას დართავენ:ორივე მხარე თუ შეთანხმდება წითელ კალამზე რომ ლურჯია, ანუ აბსურდზე, მოსამართლე ვერ შეედავება. მან განაჩენი მხოლოდ ორივე მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებიდან უნდა გამოიტანოს”.

ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ ეს არასწორია: რადგან განაჩენი მოსამართლეს გამოაქვს, ის პროცესის აქტიური მონაწილე უნდა იყოს.
მაგრამ ამ ლოგიკით, ამის შემდეგ მოსამართლეებს ტენდენციურობას ვეღარავინ დააბრალებსრაც დადეს მხარეებმა, მოსამართლემ განაჩენი იმის მიხედვით გამოიტანა”.

ახალ საპროცესო კოდექსს მიესალმებიან ადვოკატები ივანე ტატალაშვილი და ნუგზარ სამარჯიშვილი. მათ განსაკუთრებით დადებითად ადვოკატისათვის გამომძიებლის ფუნქციების შეთავსება მიაჩნიათ. ფიქრობენ, რომ დასახვეწი ალბათ კიდევ არა ერთი მუხლი იქნება, თუმცა, ზოგადად, ახალი კოდექსი  წინგადადგმული ნაბიჯია.

ახალ კოდექსს თეორიულად პირველ ოქტომბრამდე თითქმის ყველა ადვოკატი, გამომძიებელი, მოსამართლე თუ პროკურორი იცნობდა. მის პრაქტიკაში განხორციელებას კი თითოეული მათაგანი სწორედ ამ დღეებში შეუდგება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გარდამავალი პერიოდი ბევრი უსამართლო განაჩენის გამოტანის მიზეზი არ გახდება. ხოლო ის, თუ რამდენად გაამრთლებს ახალი კანონი, ან დადგება თუ არა დღის წესრიგში რომელიმე მუხლში ცვლილების შეტანის საკითხი, უახლოეს ერთ წელიწადში გაირკვევა.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი