გაზით ერთეულები გათბებიან

მეორე წელია, ახალციხეში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, ბუნებრივ გაზს გასათბობად აბონენტების მცირე ნაწილი მოიხმარს. რატომ არ იყენებენ გაზის გამათბობელს; რა ჯდება მათი შეძენა და დამონტაჟება და როდის დასრულდება ქალაქის გაზიფიცირება.  

გაზიფიცირების სამუშაოები 2009 წლის აპრილში დაიწყო. ქალაქის უმეტეს ქუჩებზე დაქსელვითი სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისათვის ბუნებრივ გაზს 1218 ოჯახი და 58 კომერციული ობიექტი მოიხმარს. ხოლო, დაახლოებით 300-მდე ოჯახი და 10-მდე ორგანიზაცია, გაზის ჩართვას ჯერ ისევ ელოდება. ეს ის აბონენტები არიან, რომელთაც გაზის კომპანიაში განაცხადი შეიტანეს.  
კორპუსების გაზიფიცირებისთვის, დაახლოებით, 300-400 ლარია საჭირო, კერძო ბინებში კი თანხა 400-დან 600 ლარამდე მერყეობს. ამ თანხით ოჯახებში მხოლოდ ერთი ან ორი წერტილი კეთდება. გაზიფიცირებისთვის აბონენტმა 200 ლარი ავანსად უნდა გადაიხადოს.

კონკრეტულ თანხას ვერ გეტყვით, ეს დამოკიდებულია მრიცხველის დამონტაჟების მერე რა მასალა დაიხარჯება. მომხმარებელი რამდენ წერტილსაც მოითხოვს, იმდენს დავამონტაჟებთ”, - ამბობს შპსელ-ენისმთავარი ინჟინერი ზაზა ზაზაშვილი.

მოსახლეობას ინვენტარის შეძენა არ სჭირდება. იმ თანხით, რასაც აბონენტები იხდიან, სახლში გაზის ერთი წერტილი კეთდება და სადარბაზოებში ინდივიდუალური მრიცხველები მონტაჟდება. თუმცა, გაზის ონკანი იკეტება და მას მაშინ რთავენ, როცა განმცხადებელი მომსახურების საფასურს მთლიანად დაფარავს. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს გამათბობლის დამონტაჟებაც უნდა, რაც დამატებით წერტილის გაკეთებას საჭიროებს, ჩართვის ღირებულებაც იზრდება. კომპანიაელ-ენშიამბობენ, რომ გათბობის ან სხვა რაიმე მსგავსი სისტემის დამონტაჟება, მათ კომპეტენციაში არ შედის.

ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის 54,3 თეთრი, ხოლო ორგანიზაციებისთვის 72,12 თეთრია. მოსახლეობა ამბობს, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით ახალციხეში მაღალი ტარიფია.

საკმაოდ ძვირია გაზის გადასახადი. შეიძლება ერთხელ გაიჭირვო და გათბობა დაამონტაჟო, მაგრამ ყოველთვიურად გადასახადის გადახდა ძნელია”, - ამბობს რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ლია ზედგინიძე.

იმის გამო, რომ გამათბობლების დამონტაჟება ძვირი ჯდება, ოჯახების უმრავლესობა მხოლოდ გაზქურასა და წყლის გამაცხელებელ მოწყობილობას იყენებს. სახლში გათბობის სისტემის დამონტაჟება, ბინის ფართის მიხედვით, დაახლოებით, 2000 ლარამდე ღირს.

ბარძიმაძეების ოჯახი ბუნებრივი გაზით უკვე სარგებლობს, თუმცა, გათბობის დამონტაჟებას ვერ ახერხებენ და ზამთრისთვის ისევ შეშას იმარაგებენ. სულ მცირე, სამ ოთახში მაინც გვჭირდება გაზის ღუმელი, რისთვისაც დაახლოებით, 1500 ლარია საჭირო”, - ამბობს ანა ბარძიმაძე.  

როდის დასრულდება ქალაქის გაზიფიცირება გარკვეული არ არის. ამ ეტაპზე სამუშაოები ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარეობს. საბარგო სადგურსა და რაბათის დასახლებაში კი სამუშაოები სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება.

ხალხის აქტივობაზეა დამოკიდებული, რაც მეტი მოთხოვნა იქნება, მით უფრო სწრაფად დავასრულებთ. საკმაოდ დიდი ტემპია, ასე თუ გავაგრძელეთ მალე მთელ ქალაქს ექნება გაზი”, - ამბობს ზაზა ზაზაშვილი და დასძენს, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ზარზმელის ქუჩის გაზიფიცირებაც.

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი