გამოცდა ატესტატის მისაღებად


2011 წლიდან მეთორმეტეკლასელები ატესტატის მისაღებად გამოცდას რვა საგანში ჩააბარებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, 2011 წლის მაისის ბოლოს საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მინისაგამოცდო ცენტრები გაიხსნება, სადაც ატესტატის მიღების მსურველი მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ.

გამოცდები ეგრეთ წოდებული კატის სისტემით ჩატარდება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია დანერგილი. აღნიშნული სისტემის მიხედვით, მოსწავლეს შეკითხვას კომპიუტერი დაუსვამს და სწორი პასუხები 20 წუთში გახდება ცნობილი.
 პირველად კომპიუტერი საშუალო სირთულის კითხვას ამოაგდებს, იმის მიხედვით, თუ მოსწავლე როგორ უპასუხებს, შემდეგი კითხვა გართულდება ან გამარტივდება”, - განმარტა დიმიტრი შაშკინმა.

2010 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს ყველაზე ცუდი შედეგები საბუნებისმეტყველო საგნებში ჰქონდათ, ამიტომ გახდა საჭირო ატესტატის მისაღებად ახალი სისტემის შემოღება. მოსწავლე გამოცდებს მხოლოდ ძირითად საგნებში აღარ ჩააბარებს და ყველა საგნის სწავლა მოუწევს. სკოლის დამამთავრებელ ატესტატში შეფასებები აღარ იქნება შესული. 

მე-12 კლასის მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ახალი სისტემით გამოცდის ჩაბარება გაუძნელდებათ, რადგან მხოლოდ იმ საგნებში ემზადებიან, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებათ.

იდეა მისაღებია, რადგან ზოგადი განათლების დონე აიწევს, ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თამუნა მჟავანაძე, თუმცა აქვე ამატებს, რომ წლევანდელ მეთორმეტეკლასელებს ამ გამოცდების ჩაბარება გაუჭირდებათ: “ძირითადად იმ ოთხ საგანზე ვართ ორიენტირებული, რომლებიც ჩასაბარებლად გვჭირდება, ამიტომ რვა საგნის ჩაბარება გაგვიჭირდება. კარგი იქნებოდა ეს თავიდანვე რომ გვცოდნოდა”.

მეგობარს ეთანხმება თამთა კაპანაძეც და ამბობს, რომ უმცროსი კლასის მოსწავლეებისთვის ამ გამოცდების ჩაბარება გაცილებით ადვილი იქნება:
ახლანდელმა მეშვიდე კლასელმა იცის, რომ ატესტატის მისაღებად გამოცდები რვა საგანში უნდა ჩააბაროს, ყველა საგანს ერთ დონეზე ისწავლის და გამოცდების ჩასაბარებლად ფსიქოლოგიურადაც მოემზადება”.

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი