დიდი ოჯახის პრობლემებით სავსე ყოფა


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში მცხოვრები ცისკარაძეების ოჯახი სიცივეს, შიმშილს და უსახლკარობას მრავალი წელია უძლებს.

სოფელ აბასთუმანში, საღრძის ასახვევში, ორღობეში მიმავალ გზას ცისკარაძეების სახლისკენ მივყავართ. ჰაერში მოქანავე ხის ჭიშკრის მიღმა, პატარა ხის სახლი დგას.  

სახლს ოთხსაფეხურიანი ხის კიბე აქვს, რომელიც სადაცაა ჩაინგრევა. იმავე მდგომარეობაშია ცისკარაძეების საცხოვრებელი სახლიც. ფანჯრებზე ალაგ-ალაგ ჩამოხეული ცელოფნები ფრიალებს.

სახლის სახურავი დაზიანებულია. წვიმისას ოჯახის წევრებს ოთახებში ჭურჭლის დადგმა უწევთ. ყველა ოთახის იატაკი ტაშტებითა და ვედროებითაა დაფარული.

ცისკარაძეების სახლის კედლები ნახევრად გადახსნილია. ოჯახის დიასახლისი მაგული ჭავჭავაძე ამბობს, რომ ყოველი ქარისა და წვიმის მერე კედლებზე ბზარები იზრდება. შესაძლოა, ერთ დღეს, სახლი მთლიანად ჩამოინგრეს და ცისკარაძეების რვასულიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩეს.
ორ პატარა ოთახში 17 წლის ბუბა, 15 წლის სალომე, 14 წლის სულიკო, 9 წლის ნუგზარი, 5 წლის ვახო და 3 წლის ხატია მშობლებთან ერთად ცხოვრობენ.

ბავშვების დედა, მაგული ჭავჭავაძე, გორის რაიონის სოფელ ნულიდანაა. სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი გორში დაამთავრა. პროფესიით პედაგოგია. პარალელურად მუსიკალური განათლებაც აქვს მიღებული. შვიდი თვე სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა: დედამთილი ლოგინად ჩავარდა და უკვე აღარ შეეძლო ბავშვების მოვლა, ამიტომ გადავწყვიტე სკოლიდან წამოვსულიყავი”.  

17 წელია მაგული ჭავჭავაძე უსახლკარობას, შიმშილსა და სიცივეს მეუღლესთან, ნუგზარ ცისკარაძესთან ერთად უმკლავდება.

ბავშვები იზრდებიან, პრობლემები გვემატება. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ყოფილა დღეები, როცა სახლში საჭმელი არ გვქონია”, - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მაგული ჭავჭავაძე თავისი სიყვარულის ისტორიას სიხარულით გვიყვება. ექვსი შვილის დედა, ბედნიერი იხსენებს იმ დღეს, როცა მომავალ მეუღლეს პირველად შეხვდა.

ნუგზარი და ჩემი ძმა ჯარის მეგობრები იყვნენ. ჩემს სოფელში, არეულობა 1990-1992 წლებში დაიწყო. არეულობის შესახებ ჩემმა მეუღლემ ტელევიზიით შეიტყო და მეგობრის  დასახმარებლად წამოვიდა. ამ დროს გავიცანი და მალე ცოლად გავყევი”, - იხსენებს მაგული ჭავჭავაძე.

დიასახლისი ამბობს, რომ ბავშვები ძალიან უყვარს და სწორედ ამან გადააწყვეტინა ექვსი შვილი გაეჩინა: ჩვენც ოთხი დედმამიშვილი ვართ, ძალიან თბილად და ტკბილად გავიზარდეთ. მეც შევეცადე ჩემი შვილები ასე გამეზარდა. ბავშვები მთავრობის იმედად არ გამიჩენია, მაგრამ მხარში ცოტა მაინც ხომ უნდა ამომიდგნენ?!”

მაგული ჭავჭავაძის მეუღლეც უმუშევარია. ნუგზარ ცისკარაძე ხანდახან შეშის მოსატანად თანასოფლელებს ტყეში მიჰყვება. გასამრჯელოთი  
ერთ ტომარა ფქვილს ყიდულობს, რომელიც ოჯახს მხოლოდ ერთი კვირა ჰყოფნის.

ცისკარაძეების ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 198 ლარია, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაენიშნათ. ეს ის დახმარებაა, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსით იღებენ. მაგული ჭავჭავაძე ამბობს, რომ დახმარება ბავშვებსაც ეკუთვნის: ამ დახმარების გარდა თითოეულ ბავშვზე დაფინანსება 25 ლარია. ამის გარკვევა მინდა, მაგრამ ფული არ მაქვს, რომ ახალციხეში ჩავიდე”.

ცისკარაძეებს განსაკუთრებით ზამთარში უჭირთ: “ზაფხულში ბოსტანში ცოტა რაღაცა მოგვყავს. ზამთარში ძალიან გვიჭირს, შიმშილს სიცივეც ემატება. სახლს ვერ ვათბობთ, ღუმელი მთელი დღე-ღამე გვინთია, რომ არ გავიყინოთ. შეშა თორმეტი კუბური მეტრი გვჭირდება”.

მაგული ჭავჭავაძემ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა: განცხადება დავწერე, რომ სახლისთვის ყურადღება მიექციათ, სახურავი მაინც რომ გამოვცვალოთ. მასალა მომცეს, მაგრამ იმის საშუალება არ გვაქვს, რომ დავხერხოთ”.

ცისკარაძეების რვასულიანი ოჯახი არც დღესასწაულებზე ახსენდება ვინმეს: ტელევიზორში ვუყურებ ხოლმე სხვა ქალაქებში, მრავაშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთებს რომ ჩუქნიან. ჩემთვის ყვავილიც არავის მოუტანია. გული ძალიან მწყდება”.

ბუბა, სალომე, სულიკო და ნუგზარი სკოლის მოსწავლეები არიან. წელს   სკოლაში ვახოც მივიდა. დედას იმედი აქვს, რომ ბავშვებს ტანსაცმლის ან წიგნების პრობლემა არ შეექმნებათ და სკოლაში სიარულს ზამთარშიც შეძლებენ.

ზამთარში სკოლაში სიარული გვიჭირს, თითქმის არც დავდივართ. ტანსაცმელი არ გვაქვს. ამის გამო ძალიან ბევრი გაცდენები გვიგროვდება”, - ამბობს სალომე ცისკარაძე.

სკოლა ოთხივეს ძალიან უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ წიგნები არცერთს არ აქვს, მეცადინეობას მაინც ახერხებენ. კლასელებისგან ვთხოულობ წიგნებს. მერე გაკვეთილებს ხელით ვიწერ”, - ამბობს სალომე.

ბავშვებს ცეკვის და მუსიკის ნიჭიც აქვთ, განსაკუთრებით სალომეს.
მას ძალიან უნდა თანატოლების მსგავსად თვითონაც იაროს ცეკვასა და მუსიკაზე, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დადგეს, სახლის გაკეთება ურჩევნია.

სალომეს და მის და-ძმებს ერთადერთი ოცნება აქვთ, დიდი სახლი ჰქონდეთ და ზამთარის მოსვლას შიშით აღარ ელოდებოდნენ.

მანანა სარაშვილი, ადიგენი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი