დაპირება დაპირებად დარჩა


რატომ აღარ ტარდება მესხეთში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი, რომელიც ოთხი წლის წინ გაიხსნა და ახალციხეში უნდა დაფუძნებულიყო.

ქართული თეატრის ისტორიაში პირველად, ნაციონალური დრამატურგიის ფესტივალს საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის კულტურის საბჭოს ინიციატივით, 2006 წელს ჩაეყარა. მაშინ მესხეთის თეატრში ფესტივალი პრეზიდენტის კულტურის საბჭოს წარმომადგენლების, რეჟისორების ავთანდილ ვარსიმაშვილისა და გიორგი შალუტაშვილის, ასევე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზატორობით გაიხსნა.

ეს იდეა მანამდე იცოცხლებს, სანამ საქართველოს არსებობა უწერია... სამცხე-ჯავახეთი ის რეგიონია, სადაც ქართული სიტყვა კიდევ უფრო მეტად უნდა ისმოდეს... ნაციონალური დრამატურგიის აღორძინებისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. ფესტივალის მნიშვნელობა ყოველწლიურად კიდევ უფრო გაიზრდება...” - ამბობდნენ ფესტივალის ორგანიზატორები (“სამხრეთის კარიბჭე” 18 ოქტომბერი, 2006 წელი ¹40 (118)).

ამ განცხადებების შემდეგ ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის ჩატარების შესახებ საუბარიც კი არ ყოფილა.
ახალციხის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ლია სულუაშვილი, იმ ფაქტს, რომ ფესტივალის ჩატარება ვერ მოხერხდა, გასულ წელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით ხსნიდა: მას შემდეგ მოხდა 7 ნოემბერი. იყო ქუჩის აქციები, აგვისტოს ომი”. (სამხრეთის კარიბჭე” 7 სექტემბერი, 2009 წელი ¹28 (252)).  

ამჯერად მიზეზად საორგანიზაციო და ფინანსური საკითხები სახელდება.

გაზაფხულისთვის მზად იყვნენ ორგანიზატორები, რომ ახალციხეში ღონისძიება კვლავ აღედგინათ, მაგრამ ცენტრალურ პარკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ჩვენ შევაჩერეთ, - გვიამბობს ლია სულუაშვილი და ამატებს, რომ ფესტივალის ჩატარებისათვის მაყურებლის ორგანიზების, სტუმრების დახვედრისა და გამასპინძლების ხარჯებს მხოლოდ თეატრი ვერ გაწვდებოდაგარკვეულწილად ხელი თბილისის საერთაშორისო ფესტივალმაც შეგვიშალა. მასში მონაწილეობა ჩვენ სწორედ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მივიღეთ”.  

მისი თქმით, ოთხი წლის წინ ფესტივალისათვის თანხის ნაწილი ქალაქის მერიამ გამოყო. წელს ლია სულუაშვილს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. თუმცა, როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი აცხადებს, თეატრისათვის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან თანხა ვერ გაიცემოდა: აწყურის ხანძარს ჩვენი სახსრებით ვაქრობდით. 20 ათას ლარამდე თუ კი რაიმე რეზერვი გვქონდა გავხარჯეთ. თვის ბოლოს მომავალი წლის ბიუჯეტზე ვიწყებთ მუშაობას და იქ უკვე შესაძლებელი იქნება ამ ღონისძიებისათვის გარკვეული თანხის გათვალისწინება”.

იმის გამო, რომ უკვე საკამაოდ აცივდა, ლია სულუაშვილის თქმით, წელს ფესტივალი ვეღარ შედგება: დარბაზში ცივა და მაყურებელს გაძლება გაუჭირდება”.

პრეზიდენტის კულტურის საბჭოს წარმომადგენლის რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის განამრტებით, ფესტივალის ჩატარება აქამდე უფულობის გამო ვერ მოხერხდა: კულტურის სამინისტრო ვერ გვაფინანსებს. ყოველწელს ვთხოვთ მას ახალციხეში ამ მშვენიერი წამოწყებისათვის თანხას, მაგამ დღემდე სახსრები ვერ გამოინახა”.

2006 წლის ოქტომბერში ახალციხელმა მაყურებელმა საქართველოს ყველა წამყვანი თეატრის ეროვნული დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშები ნახა. სამწუხაროდ, დაპირება რომ ეს ღონისძიება ყოველიწლის შემოდგომაზე გაიმართებოდა, დაპრებად დარჩა.

                                            თამუნა უჩიძე ახალციხე

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი