დავით ბაქრაძე სამცხე-ჯავახეთში


აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრებთან ერთად, 22 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთს  ესტუმრა. მან დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დავით ბაქრაძის ვიზიტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. მან სოფელ განძაში წყალსადენი გახსნა. სასმელი წყლის სისტემის პროექტის დასრულებით განძის ოთხი ათასამდე მკვიდრს, რომელთაც 20 წლის განმავლობაში წყალი არ ჰქონდათ, აღნიშნული პრობლემა მოუგვარდათ.  განძის წყალსადენის რეკონსტრუქციის პროექტი 200 ათასი ლარი დაჯდა.

წყალსადენის გახსნის შემდეგ, დავით ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა: "დღეიდან ამ სოფელს უკვე აქვს სასმელი წყალი და ეს არის  იმ პროექტების ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ’’.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში დავით ბაქრაძე განძაში ტერიანის სახელობის დღესასწაულს დაესწრო და სოფლის მცხოვრებლებს წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

ნინოწმინდის შემდეგ ბაქრაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა. აქ პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი ლუდსახარში ქარხნის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი ახალქალაქში ახლადაშენებული სპორტულ კომპლესი და აგრეთვე, საცურაო კომპლექსი მოინახულა.
დავით ბაქრაძე ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ერთად წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის დედათა მონასტერს ეწვია, რომლის ეკვდერშიც  დასვენებულია ტურინის სუდარის ზუსტი ასლი.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე  ვახტანგ  ბალავაძე, ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ   მკოიანი და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი   ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი