გენდერული თანასწორობა თუ საერთაშორისო ვალდებულება


  შუშან შირინიანიახალქალაქი
15 წელიწადია, რაც საქართველოში გენდერულ საკითხებზე დაიწყეს მუშაობა. რა ხდებოდა წლების წინ და რა მდგომარეობაა ახლა - “სამხრეთის კარიბჭეთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგს ირინა ჟვანიას ესაუბრა.

- თქვენ ერთ-ერთი ხართ, ვინც საქართველოში გენდერის პოლიტიკის ჩანასახებიდანვე კვლევებს ატარებდით. რა ვითარება იყო მაშინ და რა ხდება ახლა?

თუ გენდერულ თანასწორობაზე ვისაუბრებთ, ეს არ ნიშნავს, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად რაიმე პოლიტიკის ქონა აუცილებელია. თუ 10-15 წლის წინანდელ დროზე ვილაპარაკებთ, ქალთა ორგანიზაციები, რომლებიც ქალისა და გენდერის საკითხებზე მუშაობდნენ, მაშინაც არსებობდა, მაგრამ ოფიციალური მექანიზმები ან რაიმე სახელმწიფო პოლიტიკა არ იყო. ეს ყველაფერი 1997 წელს დაიწყო, როცა საქართველოს მთავრობისა და გაერო- პირველი ერთობლივი პროექტი ამუშავდა. პროექტს გაერო აფინანსებდა - ეს იყო პროექტიქალი განვითარებაში”, რომელიც მიზნად ისახავდა გენდერის საკითხებზე საუბრის დაწყებას. ამით იწყება საქართველოში გენდერული პოლიტიკის შემუშავებაც.

- გენდერული პოლიტიკა, ანუ სახელმწიფო პოლიტიკა გენდერის შესახებროგორ იგება და როგორ მოქმედებს?

სახელმწიფოს დონეზე უჯრედების შექმნისთვის, რათა როგორმე გაკონტროლდეს, ჩატარდეს მონიტორინგი, რა ხდება ქვეყანაში გენდერულ პრობლემასთან, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, 1995 წელს პეკინში კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის შედეგი დეკლარაციის მიღება იყო. დეკლარაციას პეკინის მოქმედების პლატფორმა ეწოდა. შეიძლება ითქვას, რომ ესაა კონცეფცია, გეგმა, თუ რა უნდა გააკეთონ გაერო- წევრმა-ქვეყნებმა, რათა მიღწეულ იქნას გენდერული თანასწორობა, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიის ბაზისი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. დეკლარაციას ხელი გაერო- ყველა წევრმა-ქვეყანამ მოაწერა.

დეკლარაციის პირველი პუნქტი სახელმწიფო კომისიის ან სახელმწიფო დონის რაიმე სტრუქტურის შექმნა იყო. სტრუქტურა, რომელიც გენდერის საკითხებში კონტროლსა და მონიტორინგს განახორციელებდა. ეს იყო პირველი კომისია, რომელიც 1998 წელს შეიქმნა - ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების სახელმწიფო კომისია.

- რამდენ ხანს იმუშავა მან და რა გააკეთა?

რევოლუციის შემდეგ მთავრობა შეიცვალა და კომისია გაუქმდა, შემდეგ შეიქმნა ახალი კომისია, მაგრამ ეს უკვე არა საპარლამენტო, არამედ დროებითი კომისია იყო. დღეისთვის გენდერის საკითხს კანონმდებლობა არეგულირებს. 2010 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ. ეს მსგავსი კანონის მიღების პირველი შემთხვევაა, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება. ჩვენ ამ კანონით ძალიან კმაყოფილი ვართ, როდესაც პარლამენტი გენდერული თანასწორობის შესახებ კანონს იღებს, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხზე ფიქრი სახელმწიფო დონეზეა დაწყებული.

- ქვეყანაში გენდერზე ფიქრსა და მასზე მუშაობას იმ შემთხვევაში იწყებენ, თუ მხარეთა მხრიდან მკვეთრ უკმაყოფილებას აქვს ადგილი ან ქვეყანას რაღაც ვალდებულებები აქვს აღებული. თქვენი პასუხიდან გამომდინარე, ჩვენი შემთხვევა მეორე ვარიანტია...

დიახ! ეს ვალდებულებები ნაკისრი გვაქვს. ჩვენ გაერო- წევრი-ქვეყანა ვართ და ამიტომ სახელმწიფომ როგორღაც უნდა შექმნას პოლიტიკა და შემდეგ მისი რეალიზაცია მოახდინოს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა ასე ფიქრობს. თუ საზოგადოებაში არიან ქალები და კაცები, რატომ არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები მათაც, რატომ არ უნდა იყვნენ პარლამენტში, მაღალ თანამდებობებზე?!

- კანონი მიღებულია, მაგრამ, მოქმედებს პრაქტიკაში?

კანონი მიიღეს, მაგრამ არ ფიქრობენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია აქვთ. როდესაც საუბარი დემოკრატიზაციაზე მიმდინარეობს, შეუძლიათ თქვან, რომ კანონი გვაქვს, ამ საკითხზე ვმუშაობთ. მაგრამ ეს ემოციურ დონეზე არ მოხდება, სანამ აღნიშნული საკითხების მნიშვნელობას არ გააცნობიერებენ.

- და მაინც, როგორ შეიცვალა საქართველოში გენდერის პრობლემა სოციალურ სფეროში ამ 15 წლის განმავლობაში?

შეიცვალა, რადგან ქალის როლი შეიცვალა. ქალები უფრო აქტიურები გახდნენ და დღეს მათ სხვადასხვა სფეროებში ვხვდებით. მათ საკუთარი თავის რეალიზება სურთ, მაგრამ ჯერჯერობით პრობლემად რჩება ის, რომ არასაკმარისად არიან მაღალ პოზიციებზე, პარლამენტში, მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. პარლამენტის წევრებს შორის ქალი მხოლოდ 4-5 პროცენტია. რაღაც უხილავი ბარიერები დღემდე არსებობს.

- რა მდგომარეობაა ოჯახური დისკრიმინაციის პრობლემასთან დაკავშირებით?

ესეც პრობლემატურია. უბრალოდ, ჩვენ სხვა კულტურა, ტენდენციები გვაქვს, შეიძლება ამიტომაც ამ პრობლემებზე ღიად არ ვსაუბრობთ. რადგან არ ვსაუბრობთ, ამიტომ ოჯახში ქალებზე ძალადობის შესახებ ბევრი მონაცემი არ გვაქვს. თუმცა ის, რომ არ ვლაპარაკობთ და პოლიციაში წასვლა არ გვინდა, არ ნიშნავს, რომ ასეთი პრობლემა არ გვაქვს. ამ მიმართულებით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობენ.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი