დასაწყისის ეიფორია


 თამუნა უჩიძეახალციხე
ვისი პროექტიაბიძინა ივანიშვილი?

ახალი სახე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში; ბიძინა ივანიშვილის სკანდალურ განცხადებებს მოყოლილი რეზონანსი და შეფასებები; რას ფიქრობენ მილიარდელ ბიზნესმენზე ახალციხეში;

ოლიგარქი, რომლის ქონებაც საქართველოს ბიუჯეტზე თითქმის ორჯერ მეტია – 5,5 მილიარდი დოლარი, ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს.  ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ქვეყანაში არაერთ პროექტს აფინანსებდა და ამავე დროს კარგი ურთიერთობებიც ჰქონდა პუტინთან, საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა.

ხალხის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებები ივანიშვილის ქმედებებსა და განცხადებებზე ახალციხეში არაერთგვაროვანია.

კონსერვატიული პარტიისსამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა მინავლული ოპოზიცია გამოაცოცხლა, მისი სახით ხელისუფლებას სერიოზული მოწინააღდეგე გაუჩნდა: “ახლა ოპოზიცია ძალიან დასუსტებულია, მან კი მთელი ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაცია და ერთ დიდ ბირთვად ჩამოყალიბება დაიწყო. ამდენად გამარჯვების მეტი იმედი და შესაძლებლობა გაჩნდა”.

სანდროშვილს უკვირს ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომივანიშვილის ფული რუსული წარმომავლობისაა”: საინტერესოა, მაშინ რატომ არ საუბრობდნენ მთავრობაში ამის შესახებ, როცა ივანიშვილის დაფინანსებულ პროექტებს ხსნიდნენ და საზეიმო ვითარებაში ლენტებს ჭრიდნენ?!”

კონსერვატიული პარტიისწარმომადგენელი ფიქრობს, რომ ბიზნესმენი გამარჯვებისთვის სწორ გზას ადგას: “ივანიშვილმა სათანამშრომლოდ თავიდანვე პროდასავლური პარტიები აირჩია. უარს ამბობს ქუჩის აქციებით ხელისულფებაში მოსვლაზე, უსმენს ყველას და სამომავლო გეგმებზე ერთად ყალიბდებიან. მიზნების განხორციელებაში მას დაეხმარება 12-კაციანი მრჩეველთა საბჭო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოაყალიბა”.

რესპუბლიკური პარტიისახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე ივანიშვილის შესახებ შეფასებებისაგან თავს იკავებს და ამბობს, რომ პარტიაში გაკეთებული განცხადებები, საკითხისადმი მათი პოზიციის დასაფიქსირებლად საკმარისია.

რესპუბლიკურ პარტიაშიმიიჩნევენ, რომ ივანიშვილთან და სხვა პარტიებთან ერთად შესაძლებელი და აუცილებელია სახელმწიფოსა და მოქალაქეებისათვის უკიდურესად სახიფათო რეჟიმის დაკრძალვა: “ივანიშვილთან თანამშრომლობა ჩვენი არჩევანია”.

20 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი განაცხადეს, რომ საჩხერეში ადგილობრივ მოსახლეობაზე გაუგონარი რეპრესიები დაიწყო: “ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიბარა სკოლის ყველა პერდაგოგი და მოსთხოვა, უარი თქვან ყველა ტიპის შემოწირულობაზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებდა. რაიონში შეჩერდა ბიზნესმენის მიერ დაწყებული რამდენიმე პროექტი, მაგალითად შეჩერებულია ხე-ტყის შეტანა, მოსახლეობას მასალა აღარ მიეწოდება, რომლითაც საცხოვრებელი სახლები უნდა გადაეხურათ”.

ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილის წინააღმდეგ არაადექვატურად გადადგმულ ნაბიჯებზე სანდროშვილიც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლების დაბნეულობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე დაწყებულ ცვლილებებზე მიგვანიშნებს: ახლააღმოაჩინესრომ მისთვის მოქალაქეობა უნდა შეეწყვიტათ?! მაინცადამაინც ახლა დააკავესქართუ ბანკისავტომანქანა და ახლა უპოვეს ნარკოტიკი ბერას მეგობარს?! ასე ივანიშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს და რაც უფრო მეტ შეცოდომას დაუშვებენ, მით უფრო მეტ მხარდამჭერს გაუჩენენ მას”. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი მიესალემება ყველას, ვინც ქვეყნისთვის კარგს გააკეთებს, თუმცა, ეეჭვება 2-3 წლით ხელისუფლებაში მოსულმა ბიზნესმენმა ყველაფრის შეცვლა ისე შეძლოს, როგორც ამას მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ყვება: ასე ქვეყნის აყვავება აღმაშენებელმაც ვერ შეძლო. ვერ ვიტყვი ცუდს ივანიშვილზე, მაგრამ ცუდს ვიტყვი იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც იქეთ წავიდნენ, სადაც ფული დაინახეს. მათ ქვეყნის მომავალი კი არა, პირადი კეთილდღეობა უფრო აინტერესებთ”.   

ასოციაციატოლერანტისმენეჯერის გოჩა ნათენაძისთვის წარმოუდგენელია, ნორმალურ ქვეყანაში ერთმა ადამიანმა გადატრიალების მოხდენა შეძლოს, მითUუმეტეს მაშინ, როცა ის პოლიტიკაში ჩართულიც არაა: “თუ ისე მოხდება, როგორც ივანიშვილი განცხადებებში ამბობს და შესაძლოა მოვლენები მართლაც ასე განვითარდეს, მაშინ გამოვიტან დასკვნას, რომ ქართული სახელმწიფო ვერ შედგა და ბოლომდე ვერ მოხერხდა მისი ჩამოყალიბება. ვფიქრობ, ივანიშვილის საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაც ამაზე მეტყველებს”.        

არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირისწარმომადგენელი გია ანდღულაძე ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ მის გარშემო გაჩენილ კითხვებზე საუბრობს: “არასდროს ჰქონია წინაპირობა პოლიტიკაში მოსულიყო. ერთ დღეს გაიღვიძა და გადაწყვიტა პოლიტიკაში მოვიდეს?! 5 მილიარდს 20 წელიწადში ვერ დააგროვებ თუ რაღაცის გამომგონებელი არ ხარ, ან წინაპრების დაწყებული საქმე არ გააგრძელე. ივანიშვილი კიდევ ღირიბი ბიჭი იყო, რომელსაც ბავშვობაში უნდოდა ველოსიპედი ჰქონოდა და ვერ ყიდულობდა, შემდეგ რუსეთში წავიდა და მილიარდელი გახდა?!”  

ანდღულაძის თქმით, კითხვებს ბადებს ივანიშვილის ქველმოქმედებაც. ბიზნესმენი საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დიდ ნაწილს ყოველთვიურად აძლევს ფულს, აფინანსებს საავადმყოფოს, სკოლას: საინტერესოა, რატომ აძლევს მათ ფულს და არა სამსახურს?! ხომ შეიძლებოდა აეშენებინა საჩხერეში თუნდაც ფერადი ფანქრების ქარხანა, სადაც ხალხს შეეძლებოდა დასაქმება?!”

გაუგებარია მისთვის, რატომ გაათავისუფლა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შემდეგქართუ ჯგუფისყველა წარმომადგენელი იმ მიზეზით, რომ ეს ადამიანები იმ მოღალატე მთავრობასთან იყვნენ შეკრულნი, რომელთან ერთადაც თავად არაერთ პროექტში მონაწილეობდა: “ამბობ, რომ გუშინ შენი მეგობრები დღეს მტრები გახდნენ და ნოლიდან იწყებ ახალი ჯგუფის შექმნას?!

დემოკრატ მესხთა კავშირისწარმომადგენელი ფიქრობს, რომ ივანიშვილი გუნდს, რომელსაც ახლა ქმნის, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს: “დიდია დაპირისპირების საფრთხე. თუნდაც იმიტომ, რომ ბიზნესმენს კარგ ტიპებად მოაჩვენონ თავი და უფრო ძვირად მიეყიდონ”.

ივანიშვილის არაადექვატური ქმედებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე ანდღულაძეს უჭირს დასკვნა გააკეთოს: “სულელი არაა. ასე რომ იყოს მილიარდელი ვერ იქნებოდა. ამიტომ მიმაჩნია რომ ეს ადამიანი არის პროექტი, მაგრამ ვისი, ჯერ ვერ ვხვდები, ამის გარკვევას დრო დასჭირდება”.  

ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორს რუსუდან სისაურს ეეჭვება, ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში რაიმე შეცვალოს: ისეთი პარტიები დაიყენა გვერდში, რომ პერსპექტივას ვერცერთში ვხედავ. ძლივს სწორ გზას ვადგავართ და რატომ მოდის, რა არის შესაცვლელი ჩვენ ქვეყანაში?!

სხვაგვარად ფიქრობს ახლაციხეში მცხოვრები სიმონ შაორშაძე: “შეძლებს ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლას და გვიშველის კიდეც. ჩვენი პრეზიდენტი დარბის აღმა-დაღმა და ვერ ხვდება რომ ოკეანის გაღმიდან ამერიკა ვერაფერში წაგვადგება, ობამა და კლინტონი ვერ შველის საქმეს. რუსეთთან ურთიერთობაც არ უნდა გაეფუჭებინა. ივანიშვილი უფრო გონივრულად მიუდგა ამ საკითხებს”.

არ იზიარებს შაორშაძის მოსაზრებას ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მცხოვრები ზურაბ ციცქიშვილი და დარწმუნებით აცხადებს, რომ ივანიშვილი ვერ შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლას: “რომც მოვიდეს, იმაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს, რაც ახლა ქვეყანაში კეთდება”.

ციცქიშვილს ნაწილობრივ ეთანხმება ახალციხეში მცხოვრები შუახნის მამაკაცი, რომელმაც სასჯელი ეს-ესაა მოიხადა და სწორედ ამ მიზეზის გამო პრესასთან ინკოგნიტოდ რჩება: “ხელისუფლებაში ვერ მოვა, იმიტომ რომ არ მოუშვებენ. მთავრობას თავზე ხელი აქვს აღებული, ყველაფერზე წავლენ და მათ წინ არავის გაუშვებენ. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ამას ვინ, რა გზით და რამდენად გონივრულად ეცდება”.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი